1. ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი ამ მუხლით დადგენილი წესით ყოველწლიურად ახორციელებს  დაბალი წნევით ქსელთან მიერთებულ მის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მცირე საწარმოდ განსაზღვრას/მცირე საწარმოს სტატუსის გაუქმებას.

2. წესების მიზნებისთვის, საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და მსხვილი მომხმარებლისა), რომელიც არ არის მოცემული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სისტემის ოპერატორისთვის მიწოდებულ სიაში (I და II კატეგორიის საწარმოების სიაში) – წარმოადგენს მცირე საწარმოს, თუ იგი ასევე აკმაყოფილებს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პარამეტრებს.

3. ბუნებრივი გაზის  სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, გასული წლის მდგომარეობით საწარმოების შესაბამისი კატეგორიის შესახებ ინფორმაციის სისტემის ოპერატორისთვის მიწოდებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, გადახედოს არსებული მომხმარებლების სტატუსს და განსაზღვროს შესაბამისი მომხმარებელი მცირე საწარმოდ ან მიიღოს გადაწყვეტილება მომხმარებლისთვის მცირე საწარმოს სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით. ამასთან, სისტემის ოპერატორი, იმ საწარმოებთან მიმართებით ვისაც შეუცვალა ან მიანიჭა ახალი სტატუსი, ვალდებულია:

ა) მცირე საწარმოს სტატუსის განსაზღვრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელსა და შესაბამის მიმწოდებელს სტატუსის განსაზღვრისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს ამ ახალი სტატუსის ამოქმედებამდე ორი თვისა;

ბ) მცირე საწარმოს სტატუსის გაუქმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელსა და შესაბამის მიმწოდებელს სტატუსის გაუქმებისთანავე (მათ შორის მსხვილი მომხმარებლის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში), მაგრამ გაუქმებამდე არაუგვიანეს ორი თვისა.

4. იმ მომხმარებლისთვის, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ იქნა მცირე საწარმოდ (მიენიჭა ახალი სტატუსი), ახალი სტატუსი ამოქმედდება და ამ მომხმარებელზე მცირე საწარმოსთვის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები გავრცელდება, მცირე საწარმოდ განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო კალენდარული წლის პირველი იანვრიდან (მაგრამ, სისტემის ოპერატორის მიერ ახალი სტატუსის მინიჭების შესახებ მომხმარებლის ინფორმირებიდან არანაკლებ 2 თვისა).

5. იმ მომხმარებელს, რომლის მიმართაც ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მცირე მომხმარებლის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით, მცირე მომხმარებლის სტატუსი უუქმდება და მასზე მცირე საწარმოსთვის განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები აღარ გავრცელდება აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების  მომდევნო კალენდარული წლის პირველი იანვრიდან (მაგრამ, სისტემის ოპერატორის მიერ ახალი სტატუსის მინიჭების შესახებ მომხმარებლის ინფორმირებიდან არანაკლებ 2 თვისა).

6. თუ მცირე საწარმო აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ასევე, მსხვილი მომხმარებლის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, შესაბამისი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილება მომხმარებლისთვის მცირე საწარმოს სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით და აღნიშნულის შესახებ  ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელსა და შესაბამის მიმწოდებელს. ამ მომხმარებელზე მცირე საწარმოსთვის განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები აღარ გავრცელდება აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მომხმარებლის ინფორმირებიდან 2 თვის შემდეგ.

7. ახალი მომხმარებლის მიერთების, სიმძლავრის გაზრდის ან/და წნევის საფეხურის შეცვლის, უძრავი ქონების დროებითი ფლობის, ან კანონიერი მფლობელის შეცვლის შემთხვევაში, მომხმარებლის მიმართ მცირე საწარმოს სტატუსის  განსაზღვრა (არის თუ არა მცირე საწარმო) უნდა განხორციელდეს მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებამდე და მასზე ახალი სტატუსი ამოქმედდება ამ მუხლის მე-4, მე-5 ან მე-6 პუნქტის პირობებისა და პროცედურების შესაბამისად. ამასთან, ახალი სტატუსის ამოქმედებამდე, ამ მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლის შემთხვევაში – საჯარო მომსახურების მიმწოდებელი ან თავისუფალი მიმწოდებელი (მომხმარებლის მიერ ხელმოწერილი მიწოდების ხელშეკრულების შესაბამისად) და მასზე ვრცელდება მცირე საწარმოს სტატუსი;

ბ) საშუალო წნევის ქსელზე მიერთებული არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის, საბიუჯეტო ორგანიზაციის, მსხვილი მომხმარებლის ან/და I და II კატეგორიის საწარმოების შემთხვევაში („ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის I და II ზომითი კატეგორიის საწარმოების შემთხვევაში) – თავისუფალი მიმწოდებელი (მომხმარებლის მიერ ხელმოწერილი მიწოდების ხელშეკრულების შესაბამისად).

8. იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი აკმაყოფილებს ან აღარ აკმაყოფილებს მცირე საწარმოს ან მსხვილი მომხმარებლის პირობებსა და კრიტერიუმებს, სტატუსის შეცვლა და მისი ამოქმედება ამ მუხლით განსაზღვრულ ვადაზე ადრე შესაძლებელია, თუ სისტემის ოპერატორი, არსებული მიმწოდებელი და მომხმარებელი შეთანხმდებიან ახალი სტატუსის ამოქმედების თარიღზე. მომხმარებლის მიერ შეთავაზებულ თარიღზე უარი უნდა იყოს გონივრული და დასაბუთებული (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

9. მომხმარებელს, რომელსაც მიენიჭა ახალი სტატუსი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, ამ ახალი სტატუსის ამოქმედებამდე გააფორმოს, შესაბამის მიმწოდებელთან ბუნებრივი გაზის მიწოდების ახალი ხელშეკრულება   საცალო ბაზრის წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ახალი სტატუსიდან გამომდინარე, არსებული მიმწოდებელი მოკლებულია ბუნებრივი გაზის მიწოდების უფლებამოსილებას ამ სტატუსის მომხმარებლისთვის, ახალი სტატუსის ამოქმედებიდან მის მომარაგებას უზრუნველყოფს ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი. ასეთ შემთხვევაში, ამ მომხმარებლის ინფორმირება და მისი ბუნებრივი გაზით მომარაგება განხორციელდება ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის მიერ საცალო ბაზრის წესების  IV თავის შესაბამისად.

10. სისტემის ოპერატორები ვალდებულნი არიან აწარმოონ, მათ ქსელთან მიერთებული მცირე საწარმოების ელექტრონული რეესტრი. ასევე, უზრუნველყონ მათ ქსელთან მიერთებული მცირე საწარმოების რეესტრში ასახული ინფორმაციის მუდმივი განახლება და ინფორმაციის რეალურ დროში ურთიერთგაცვლა.

11. მცირე საწარმოების რეესტრი თითოეული მომხმარებლისათვის უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) დასახელებასა და საიდენტიფიკაციო კოდს;

ბ) შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ მცირე საწარმოდ განსაზღვრის ან/და გაუქმების თარიღებს;

გ) მისაერთებელ სიმძლავრეს ქსელთან მიერთების წერტილების მიხედვით, ასევე სხვა სისტემის ოპერატორის ქსელთან მიერთების წერტილების მიხედვით მისაერთებელი სიმძლავრის შესახებ;

დ) არსებული მისაერთებელი სიმძლავრის შესახებ შესაბამისი მოთხოვნის განხილვის დაწყებისა და აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების თარიღებს.

12. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული, მომხმარებლის სტატუსის გადახედვისას, ასევე შეამოწმოს,  აკმაყოფილებს თუ არა მომხმარებელი მსხვილი მომხმარებლის კრიტერიუმებს, მის ხელთ არსებული მცირე საწარმოების რეესტრის მონაცემების საფუძველზე.

თავი IX. მიმწოდებელსა და სისტემის ოპერატორს შორის ურთიერთობე