1. ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ამ მუხლით დადგენილი წესით ყოველწლიურად ახორციელებს მის 0.4. კვ ძაბვის ქსელთან მიერთებული საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მცირე საწარმოდ განსაზღვრას/მცირე საწარმოს სტატუსის გაუქმებას.

2. ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორები ვალდებული არიან:

ა) ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში ამ ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრონ შესაბამისი მომხმარებელი მცირე საწარმოდ ან მიიღონ გადაწყვეტილება მომხმარებლისთვის მცირე საწარმოს სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით;

ბ) აწარმოონ მათ ქსელთან მიერთებული მცირე საწარმოების ელექტრონული რეესტრი ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;

გ) უზრუნველყონ მათ ქსელთან მიერთებული მცირე საწარმოების რეესტრში ასახული ინფორმაციის ერთმანეთში (ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს შორის) დროული ურთიერთგაცვლა, მათ შორის ინფორმაციის კომუნიკაციისა და გაცვლის ფორმატი;

დ) მცირე საწარმოდ განსაზღვრის შესახებ ინფორმაცია შესაბამის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს ელექტრონული ფორმით მიაწოდონ სტატუსის ამოქმედებამდე არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში;

ე) მცირე საწარმოს სტატუსის გაუქმების შესახებ ინფორმაცია შესაბამის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს ელექტრონული ფორმით მიაწოდონ  სტატუსის გაუქმებამდე არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. იმ მომხმარებლისთვის, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ იქნა მცირე საწარმოდ, მცირე საწარმოს სტატუსი ამოქმედდება და მასზე მცირე საწარმოსთვის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები გავრცელდება მცირე საწარმოდ განსაზღვრის მომდევნო წლის პირველი იანვრიდან.

4. იმ მომხმარებელს, რომლის მიმართაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მცირე მომხმარებლის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით, მცირე მომხმარებლის სტატუსი უუქმდება და მასზე მცირე საწარმოსთვის განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები აღარ გავრცელდება აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მომდევნო კალენდარული წლის პირველი იანვრიდან.

5. მცირე საწარმოების რეესტრი თითოეული მომხმარებლისათვის მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) დასახელებასა და საიდენტიფიკაციო კოდს;

ბ) შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ მცირე საწარმოდ განსაზღვრის ან/და გაუქმების თარიღებს;

გ) მისაერთებელ სიმძლავრეს ქსელთან მიერთების წერტილების მიხედვით, ასევე სხვა სისტემის ოპერატორის ქსელთან მიერთების წერტილების მიხედვით მისაერთებელი სიმძლავრის შესახებ;

დ) არსებული მისაერთებელი სიმძლავრის შესახებ შესაბამისი მოთხოვნის განხილვის დაწყებისა და აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების თარიღებს.

6. ახალი მომხმარებლის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისას, მისი მცირე საწარმოდ განსაზღვრა უნდა განხორციელდეს აღნიშნული მიერთებისთვის საჭირო პროცედურების დასრულებასთანავე.

7. იმ შემთხვევაში, თუ მცირე საწარმო აღარ აკმაყოფილებს „ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოს მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის №246 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, შესაბამისი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, გაუუქმოს მას მცირე საწარმოს სტატუსი ერთი სამუშაო დღის ვადაში მას შემდეგ, რაც აღნიშნული ინფორმაცია აისახება შესაბამის რეესტრში.

8. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს გააჩნია ერთზე მეტი სისტემის ოპერატორის ქსელთან მიერთების წერტილები, მისი მცირე საწარმოდ განსაზღვრის მიზნით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორები ვალდებული არიან წინასწარ მოახდინონ ასეთი მომხმარებლის იდენტიფიცირება და შეთანხმების საფუძველზე მოახდინონ სისტემის იმ ოპერატორის განსაზღვრა, რომელიც ასეთ მომხმარებელს მცირე საწარმოდ განსაზღვრავს.

თავი VIII. მიმწოდებელსა და სისტემის ოპერატორს შორის ურთიერთობე