1. ეს წესები თანაბრად ვრცელდება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ იგი ელექტროენერგიით მარაგდება ამ უძრავი ქონების მესაკუთრის ქსელის მეშვეობით, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მოითხოვოს წერილობით (მატერიალური ან  ელექტრონული ფორმით) გაფორმებული შეთანხმება, საკონტროლო და ინდივიდუალური მრიცხველებს შორის წარმოქმნილი სხვაობის ანაზღაურების (დარიცხვის) შესახებ. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მიიღოს (გაითვალისწინოს) მოცემული შეთანხმება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება წესებით განსაზღვრულ პირობებს.

3. სისტემის ოპერატორისთვის ელექტროენერგიის მრიცხველი ხელმისაწვდომი უნდა იყოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მუშაობის პერიოდში, ხოლო ნებისმიერი განსაკუთრებული გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში – ნებისმიერ დროს.

4. თუ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა (ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა შეუძლებელია (ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის  დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ელექტროენერგიის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს, ყველაზე ზუსტი მეთოდის გამოყენებით (მათ შორის, ქსელში არსებული აღრიცხვის კვანძისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით), ხოლო, ასეთი მეთოდით გაანგარიშების შეუძლებლობის შემთხვევაში, დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება: მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში (დაკვირვების პერიოდი) მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო მოხმარებიდან. ამასთან, დაკვირვების პერიოდის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე ნაკლები (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით). დაკვირვების პერიოდი შემოსაზღვრული უნდა იყოს მრიცხველის რეალური ჩვენებებით. ამ პუნქტში მოცემული პირობით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე.

5.  არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების შემთხვევაში:

ა) როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში მაქსიმალური მუშა სიმძლავრის მიხედვით, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მაქსიმალური მუშა სიმძლავრის მიხედვით, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები;

გ) მაქსიმალური მუშა სიმძლავრე უნდა გაიზომოს მომხმარებლის ნორმალური ტექნოლოგიური ციკლის მაქსიმალური მოხმარების პირობებში ან გამართულ მდგომარეობაში მყოფი ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრეების ჯამით.

6. ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენა შეუძლია მხოლოდ სისტემის ოპერატორის უფლებამოსილ წარმომადგენელ