1. ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება გამანაწილებელ ქსელთან მოწყობილობების თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი ელექტროენერგიის მიწოდების თვითნებური აღდგენა, ელექტროენერგიის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ელექტროენერგიის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ელექტროენერგიის დატაცება, მათ შორის, ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ელექტროენერგიის მოხმარება (გარდა წესებით განსაზღვრული შემთხვევებისა).

2. ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი წესების  შესაბამისად ვალდებულია, შეუწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება შესაბამის მომხმარებელს. ამ შემთხვევაში ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებას ან/და საფრთხეს შეუქმნის მის სიცოცხლეს ან ამ მომხმარებლის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს, დასარიცხ ან დარიცხულ თანხასთან მიმართებაში). ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესების ან სიცოცხლის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც არ უნდა იყოს 3 თვეზე მეტი და იმოქმედოს წესების 35-ე მუხლის პირობების შესაბამისად.

3. სისტემის ოპერატორი ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი აქტი და დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს მისი ასლი შესაბამის მიმწოდებელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. პირის მიერ გამანაწილებელ ქსელთან ელექტროენერგიის მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ელექტროენერგიის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ელექტროენერგიის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ელექტროენერგიის დატაცების, მათ შორის, ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ელექტროენერგიის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, ელექტროენერგიის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს, ყველაზე ზუსტი მეთოდის გამოყენებით (მათ შორის, ქსელში არსებული აღრიცხვის კვანძისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით), ამასთან გასათვალისწინებელია  შესაბამისი აქტის საფუძველზე რაოდენობის განსაზღვრის შემდეგი წესი:

ა) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის საერთო რაოდენობის დადგენა შესაძლებელია, სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება;

ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის ან ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილების დადგენა შესაძლებელია, მაგრამ უცნობია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული ელექტროენერგიის საერთო რაოდენობის გამოთვლა მოხდება სისტემის ოპერატორის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) უკანასკნელი შემოწმების თარიღიდან (მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა);

გ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, დარღვევის პერიოდის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოითვლება, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან მოხმარების სიმძლავრის გამრავლებით, კალენდარული დღის განმავლობაში 8-საათიან მოხმარებაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ქსელიდან მოხმარების სიმძლავრის გაზომვა ან გაზომილი სიმძლავრე მნიშვნელოვნად ნაკლებია ამ მომხმარებელთან არსებული ელექტროდანადგარების დადგმულ სიმძლავრეზე, დარღვევის პერიოდის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოითვლება წესების №1 დანართში მოცემული, მომხმარებლის დენმიმღებების საორიენტაციო სიმძლავრისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათების ცხრილის მიხედვით (ამ ქვეპუნქტის მიხედვით დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს);

დ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გაანგარიშდება, ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან მოხმარების სიმძლავრის გამრავლებით, კალენდარული დღის განმავლობაში 8-საათიან მოხმარებაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ქსელიდან მოხმარების სიმძლავრის გაზომვა ან გაზომილი სიმძლავრე მნიშვნელოვნად ნაკლებია ამ მომხმარებელთან არსებული ელექტროდანადგარების დადგმულ სიმძლავრეზე, უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა ხდება ერთი თვის პერიოდში, წესების №1 დანართში მოცემული, მომხმარებლის დენმიმღებების საორიენტაციო სიმძლავრისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათების ცხრილის მიხედვით;

ე) იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დაუსაბუთებელი მიზეზით არ დაუშვებს სისტემის ოპერატორის წარმომადგენელს დადგმული სიმძლავრის დასადგენად და ადგილი აქვს მომხმარებლის მიერ ამ წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლას, მაშინ სისტემის ოპერატორს, მომხმარებლის ტექსტური შეტყობინებით გაფრთხილებიდან 2 სამუშაო დღის შემდეგ უფლება აქვს, დაარიცხოს შემყვანზე (სადენზე) დასაშვები მაქსიმალური დატვირთვისას ძაბვის, დენისა და სიმძლავრის კოეფიციენტთა ნამრავლის (ნომინალური სიმძლავრის) 15-დღიანი გამოყენების დაანგარიშებით.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარიცხვის მეთოდის გამოყენების შემდეგ მომხმარებელი სისტემის ოპერატორს ელექტრონულად ან მატერიალურად მიაწოდებს, გონივრულ ვადაში (დარიცხვის აქტის გაცნობიდან არაუმეტეს 3 თვისა), დასაბუთებულ არგუმენტაციას სისტემის ოპერატორის წარმომადგენელის არდაშვებასთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დარიცხვა უნდა განხორციელდეს კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებლის ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრის შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული პირობების მიხედვით.

6.  ამ მუხლით გათვალისწინებული უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დარიცხვა უნდა მოხდეს დარიცხვის პერიოდზე სისტემის ოპერატორის მიერ შესყიდული ელექტროენერგიის დანაკარგის და განაწილების მომსახურების ჯამური ღირებულებით.

7. ამ მუხლში მოცემული მომხმარებლის ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრის ჯამის განსაზღვრისას, გამოიყენება მის მფლობელობაში მყოფი მხოლოდ ის ელექტროდანადგარები, რომლებიც მიერთებულია ქსელთან ან მზად არის ქსელთან  მისაერთებლად და იმყოფება მუშა მდგომარეობაში.

8. მომხმარებელს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა სისტემის ოპერატორის მომსახურებით, გარდა სისტემის ოპერატორისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად  სისტემის ოპერატორის მიერ დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი.

9. დაუშვებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა, თუ აშკარად სახეზე არ არის ელექტროენერგიის დატაცების, სხვისი ქონების უნებართვოდ (თვითნებურად) დაუფლების ფაქტი. ასევე, თუ არ არსებობს წესების 43-ე მუხლით გათვალისწინებული აქტი, ან თუ აქტი შედგენილია 43-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით.

10. უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სისტემის ოპერატორს უფლება აქვს მომხმარებელს ასევე დაარიცხოს წესების შესაბამისად მისთვის გაგზავნილი დაზღვეული წერილის ღირებულება.

11. მრიცხველის ლაბორატორიული შემოწმების შემთხვევაში, თუ მრიცხველის შემოწმების ოქმში არ იქნა მრიცხველით თაღლითობის ან მისი განზრახ თაღლითურად  გამოყენების შესაძლებლობების ან კონკრეტული ქმედების არსებობის შეფასება, წესების მიზნებისათვის დაუშვებელია გამოყენებულ იქნეს ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებისთვის გათვალისწინებული წესები და პროცედურები (მათ შორის, უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის მეთოდები).

12. სისტემის ოპერატორს უფლება აქვს იმ დრომდე არ გაუწიოს მომსახურება იმ პირს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა მომსახურებით და ამის გამო ერიცხება დავალიანება, სანამ არ იქნება დაფარული დავალიანება ან მიღწეული შეთანხმება დავალიანების სრულად გადახდაზე, მათ შორის, დავალიანების განაწილვადებაზ