1. ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთება, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ბუნებრივი გაზის დატაცება, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის მოხმარება (გარდა ამ წესებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა).
2. ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ამ წესების შესაბამისად ვალდებულია შეუწყვიტოს ბუნებრივი გაზით მომარაგება შესაბამის მომხმარებელს. ამ შემთხვევაში ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა საფრთხეს შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც არ უნდა იყოს 3 თვეზე მეტი. დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი.
3. განაწილების ლიცენზიატი ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს მისი ასლი შესაბამის მიმწოდებელს.
4. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ბუნებრივი გაზის დატაცების, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის უკანონო მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე შემდეგი წესით:
ა) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საერთო მოცულობის დადგენა შესაძლებელია, განაწილების ლიცენზიატის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება;
ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების მოცულობის (დღიური მოცულობის) ან მრიცხველის ცდომილების დადგენა შესაძლებელია, მაგრამ უცნობია უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღი, მოხმარებული ბუნებრივი გაზის საერთო მოცულობის გამოთვლა მოხდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის შემოწმების ან ბოლო ჩვენების ჩაწერის თარიღიდან (ათვლის თარიღად გამოიყენება უფრო გვიან შედგენილი დოკუმენტის თარიღი). ამ ქვეპუნქტის მიხედვით დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს;
გ) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია განაწილების ლიცენზიატის მომსახურებით უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღი, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა დაანგარიშდება მომხმარებლის გაზის დანადგარების ან/და ხელსაწყოების დადგმული სიმძლავრეების (დღე-ღამეში 12-საათიანი პერიოდის) წარმადობის დაანგარიშების საფუძველზე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ ქვეპუნქტის მიხედვით დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს;
დ) იმ შემთხვევაში, როდესაც მომსახურებით უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღისა და მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა შეუძლებელია ან მომხმარებელი განზრახ უშლის ხელს განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლებს ამავე პუნქტის ,,გ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადგმული სიმძლავრეების დადგენას, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა განსაზღვროს მომხმარებელთან შემავალი გაზსადენის გამტარუნარიანობისა და არსებული საშუალო თვიური წნევის მონაცემთა გათვალისწინებით, ერთი თვის პერიოდში ბუნებრივი გაზის უწყვეტად მოხმარების პირობებში.
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგმული სიმძლავრის გამოყენებით დარიცხვის მეთოდის ნაცვლად გამოყენებულ იქნა ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარიცხვის მეთოდი და მომხმარებელი განაწილების ლიცენზიატს წერილობით მიაწოდებს გონივრულ ვადაში (დარიცხვის აქტის გაცნობიდან არა უმეტეს 1 თვისა) დასაბუთებულ არგუმენტაციას განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის არდაშვებასთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში, უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის დარიცხვა უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ ქვეპუნქტში განსაზღვრული პირობების მიხედვით.
6. მომხმარებელს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა განაწილების ლიცენზიატის მომსახურებით, გარდა განაწილების ლიცენზიატისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება სასამართლოს მიერ დაეკისროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი.
7. დაუშვებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა, თუ აშკარად სახეზე არ არის ბუნებრივი გაზის დატაცების, სხვისი ქონების უნებართვოდ (თვითნებურად) დაუფლების ფაქტი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის უსაფუძვლოდ დატაცების გარემოებისა და შესაბამისი მტკიცებულების გარეშე შედგენა განიხილება, როგორც მომხმარებლის მიმართ არამართლზომიერი ქმედება. შესაბამისად, ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ოქმის შემდგენს ან/და იმ საწარმოს, რომლის უფლებამოსილებითაც მოქმედებს ოქმის შემდგენი, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მომხმარებელს დაარიცხოს ქსელიდან ჩახსნისა და მიერთებისთვის გაწეული აუცილებელი ხარჯები და ამ წესების შესაბამისად მისთვის გაგზავნილი დაზღვეული წერილის ღირებულება.
9. განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს იმ დრომდე არ გაუწიოს მომსახურება იმ პირს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა მომსახურებით და ამის გამო ერიცხებოდა დავალიანება, სანამ არ იქნება დაფარული დავალიანება ან მიღწეული შეთანხმება დავალიანების სრულად გადახდაზე, მათ შორის, დავალიანების განაწილვადებაზე