1. მიმწოდებელს უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ საცალო მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში, მომხმარებელს მოსთხოვოს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და, დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოთხოვნილი თანხის დეპოზიტზე შეტანა უზრუნველყოს ამ წესებით განსაზღვრული, მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების ამოღების წესისა და პროცედურების გამოყენებით, მათ შორის, დეპოზიტზე შესატანი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია საცალო მომხმარებელს წერილობით აცნობოს, საფასურის ვადაგადაცილებით გადახდის ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ (ამ პროცედურის დარღვევის შემთხვევაში დაუშვებელია მომხმარებლისაგან დეპოზიტის მოთხოვნა). აღნიშნული შეტყობინება დამატებით უნდა შეიცავდეს ამ მომხმარებლის მიერ დარიცხული თანხის ვადაგადაცილებით გადახდის, შესაბამისი თვის ქვითრის გამოწერისა და ამ ქვითარში მოცემული გადახდის ვადის თარიღებს 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში.
2. განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს საცალო მომხმარებელს მოსთხოვოს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში მოთხოვნილი თანხის დეპოზიტზე შეტანა უზრუნველყოს ამ წესებით განსაზღვრული, მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების ამოღების წესისა და პროცედურების გამოყენებით, მათ შორის, დეპოზიტზე შესატანი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში, თუ:
ა) პირი აბონენტად დარეგისტრირდა მის სარგებლობაში დროებით არსებული ქონების მისამართზე;
ბ) საცალო მომხმარებელს მომსახურება შეუწყდა ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარებისთვის.
3. დეპოზიტი არ უნდა იყოს ამ საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საშუალო თვიურ თანხაზე მეტი (სეზონურობის გათვალისწინებით), ხოლო აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის შემთხვევაში – ამ აბონენტის მიერ პირველ საანგარიშო პერიოდში მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობაზე მეტი. მომხმარებლისაგან დეპოზიტზე თანხის შეტანის განმეორებით მოთხოვნა დაუშვებელია, თუ ამ მომხმარებლის მიერ დეპოზიტზე შეტანილი თანხა არ იქნა მიმართული ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად წარმოქმნილი ვალდებულების დასაკმაყოფილებლად ან დაბრუნებული.
4. დეპოზიტზე შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს საცალო მომხმარებელს, თუ:
ა) საცალო მომხმარებელმა ნებაყოფლობით უარი თქვა მომსახურებაზე და საბოლოო ანგარიშსწორებისას დარიცხული თანხა სრულად დაფარა;
ბ) 12 თვის განმავლობაში საცალო მომხმარებელი კეთილსინდისიერად ასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და დარიცხული თანხა სრულად და დროულად არის გადახდილი (გარდა აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის საფუძველზე შეტანილი დეპოზიტისა).
5. თუ ბუნებრივი გაზის მრიცხველი დამონტაჟებულია საცალო მომხმარებლის დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის, საცხოვრებელ ბინაში) და მომხმარებლის ბრალით ვერ მოხდება მრიცხველის ჩვენების აღება, მიმწოდებელს უფლება აქვს საცალო მომხმარებელს დაარიცხოს ერთი თვის პერიოდზე გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). განსხვავება ფაქტობრივ და დარიცხულ მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) შემდგომში მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მრიცხველის ფაქტობრივი ჩვენების შესაბამისად
ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.08.2025
მუხლი 11. თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები
თავი II — ბუნებრივი გაზის მიწოდება და მომარაგება
მთავარი მონაცემები
- ვადა 12 თვის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება
- მუხლი 6. მომსახურების გაწევა
- მუხლი 7. აღრიცხვის კვანძის მოწყობა
- მუხლი 8. მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებები და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება
- მუხლი 9. ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები
- მუხლი 10. ბუნებრივი გაზის ღირებულებისა და მომსახურების დარიცხვა და გადახდა
- მუხლი 12. ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმება და აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა
- მუხლი 13. დავის განხილვა
- მუხლი 14. ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება
- მუხლი 15. ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა
- მუხლი 16. განაწილების ლიცენზიატის მიერ სხვისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 11, №12, 09.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.16.009.013.285 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84724/muxli-11/