1. საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.
2. საცალო მომხმარებელმა, შეძლებისდაგვარად, დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს განაწილების ლიცენზიატის ან/და მიმწოდებლის წარმომადგენლის დაშვება მრიცხველთან, რათა მათ რეგულარულად მოახდინონ მრიცხველის შემოწმება და ჩვენების აღება.
3. მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის შესაბამისად).
4. საცალო მომხმარებელმა მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს ქვითრის წარდგენიდან 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ გადახდის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს და ამ დღეებში გადახდის პუნქტები არ მუშაობს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
5. ქვითარში მითითებული უნდა იყოს დარიცხული თანხის გადახდის ვადა, მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური (სამომხმარებლო ტარიფი ან ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასი) ერთ კუბურ მეტრზე, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა კუბური მეტრებში და ღირებულება, ასევე, მომხმარებელზე დარიცხული თანხა მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის წილობრივი და მათი ჯამური მაჩვენებლით, აგრეთვე, მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის საბანკო ანგარიშები და ადგილი (დაწესებულება), სადაც შესაძლებელია მოხდეს დარიცხული თანხის გადახდა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე. ხოლო მეორე მხრიდან ქვითარზე მოცემული უნდა იყოს მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურების ნომრები, აგრეთვე, დანართი 2-ში მოცემული ტექსტი (,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინფორმაცია).
6. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საცალო მომხმარებლისთვის დარიცხული საფასურის გადახდის ისეთი პირობის შეთავაზება, რომლის შედეგადაც მომხმარებელს საფასურის გადახდისას არ დაეკისრება რაიმე სახის დამატებითი საფასურის გადახდის ვალდებულება.
7. ქვითარში მითითებული გადახდის ვადის გასვლის შემდეგ მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში მიმწოდებელი საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შეტყობინებიდან არანაკლებ 5 დღის შემდეგ აძლევს მითითებას განაწილების ლიცენზიატს საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შესახებ. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტისას გაითვალისწინოს დავალიანების გადახდისა და მისი ასახვის პერიოდი (არანაკლებ 5 კალენდარული დღისა). ამ პროცედურების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისად, მოხდება ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის გადავადება.
8. ამ წესების მიზნებისთვის საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შეტყობინებად არ ჩაითვლება ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის თარიღის განსაზღვრა ამ მუხლში მოცემული ქვითრით. შეტყობინება შეიძლება გაკეთდეს ქვითარში მითითებული გადახდის ვადის გასვლისთანავე.
9. საცალო მომხმარებლისთვის მომდევნო საანგარიშსწორებო პერიოდის ქვითრის მიწოდება და ამ ქვითარში მითითებული მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ვადა არ ჩაითვლება არსებული დავალიანების გადახდისა და მომარაგების შეწყვეტის გადავადებად.
10. ქვითარი საცალო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს, შეძლებისდაგვარად, ერთსა და იმავე დროს. ქვითრის არმიღება მომხმარებელს არ ათავისუფლებს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
11. საცალო მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადება შეიძლება მოხდეს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.
12. დავალიანების გადაუხდელობის გამო საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა არ შეიძლება საღამოს საათებში, უქმე ან დასვენების დღეებში და მათ წინა დღეს.
13. საცალო მომხმარებელმა ქვითარზე ასახული გადასახდელი უნდა გადაიხადოს საბანკო ქსელის მეშვეობით. მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ადგილი და მისამართი.
14. მიმწოდებლის ან/და განაწილების ლიცენზიატის მიერ საცალო მომხმარებელზე დარიცხული თანხა სრულად უნდა იყოს მოცემული ქვითარში. მიმწოდებლის ან/და განაწილების ლიცენზიატის მიერ მომხმარებელთან ფინანსური ანგარიშსწორება დაუშვებელია ამ წესებით გათვალისწინებული ქვითრის გარეშე.
15. მიმწოდებელი ახორციელებს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვასა და ამოღებას. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვისა და ქვითრის მომხმარებლისთვის მიწოდების უფლება აქვს მხოლოდ მიმწოდებელს.
16. განაწილების ლიცენზიატის მიერ საცალო მომხმარებლისთვის ამ წესების შესაბამისად დარიცხული თანხის ამოღება ხორციელდება მიმწოდებელის მეშვეობით.
17. დაუშვებელია საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის საფასურის წინასწარ გადახდის მოთხოვნა.
18. საცალო მომხმარებელს, მისი სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვს, წინასწარ გადაიხადოს ბუნებრივი გაზის საფასური. ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებულ იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას, ხოლო დანარჩენი თანხა უნდა ანაზღაურდეს.
19. დაუშვებელია მიმწოდებლის ან განაწილების ლიცინზიატის მიერ ერთი საცალო მომხმარებლის დავალიანების გადაკისრება სხვა მომხმარებელზე, ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობის გარეშე
ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.08.2025
მუხლი 10. ბუნებრივი გაზის ღირებულებისა და მომსახურების დარიცხვა და გადახდა
თავი II — ბუნებრივი გაზის მიწოდება და მომარაგება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 9. სასმელი წყლის ღირებულების და მომსახურების დარიცხვა და გადახდა
- მუხლი 14. საფასურის დარიცხვა, ეტაპობრივი გადახდა და მომარაგების აღდგენა
- მუხლი 31. ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები
- მუხლი 84. ბუნებრივი გაზის მოხმარების მონაცემთა ბაზა
- მუხლი 15. მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის საფასური
- მუხლი 32. დავის პერიოდში ბუნებრივი გაზით მომარაგება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. მომსახურების გაწევის საფუძველი და პირობები
- მუხლი 5. მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება
- მუხლი 6. მომსახურების გაწევა
- მუხლი 7. აღრიცხვის კვანძის მოწყობა
- მუხლი 8. მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებები და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება
- მუხლი 9. ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები
- მუხლი 11. თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები
- მუხლი 12. ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმება და აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა
- მუხლი 13. დავის განხილვა
- მუხლი 14. ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება
- მუხლი 15. ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 10, №12, 09.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.16.009.013.285 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84724/muxli-10/