1. საცალო მომხმარებელმა (აბონენტმა), რომელსაც სურს მიიღოს და მოიხმაროს ბუნებრივი გაზი, ამ წესების შესაბამისად განაცხადი უნდა წარუდგინოს მის მიერ შერჩეულ მიმწოდებელს.
2. განაცხადში მითითებულ უნდა იქნეს:
ა) განმცხადებლის ვინაობა, მისამართი;
ბ) განაწილების ლიცენზიატის დასახელება;
გ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის თანხმობა, მისი სახელი, გვარი, მისამართი, მოქალაქის პირადობის მოწმობის პირადი ნომერი (მისაღებია პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთი, რომელიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით) ან იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის (ასევე, სხვა სამართლებრივი ფორმის მეწარმე სუბიექტის), ან სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი და თარიღი;
დ) აბონენტის ნომერი, ასევე, ადგილი (მისამართი), სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა და ბუნებრივი გაზით მომარაგება;
ე) იმ უძრავი ქონების ფლობის ფორმა, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა;
ვ) ბუნებრივი გაზის მოხმარების მიზანი (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო);
ზ) მის მიერ შერჩეული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულების საიდენტიფიკაციო ნომერი;
თ) ასევე, სხვა მოთხოვნები, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის განმცხადებელი.
3. საცალო მომხმარებელი უფლებამოსილია განაცხადს თან დაურთოს მის მიერ შერჩეული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების ტიპური ფორმის სათანადოდ შევსებული და მის მიერ ხელმოწერილი ეგზემპლარი.
4. განაცხადს დამატებით უნდა დაერთოს გადახდაზე პასუხისმგებელი პირის წერილობითი თანხმობა, თუ განმცხადებელი და გადახდაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა პირია.
5. მიმწოდებელი ვალდებულია ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში გააფორმოს საცალო მომხმარებელთან ხელშეკრულება ან წერილობით განუცხადოს განმცხადებელს დასაბუთებული უარი.
6. მიმწოდებელს უფლება აქვს უარი თქვას ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე, თუ აშკარად შეუძლებელია მომსახურების გაწევა ტექნიკური მიზეზების გამო.
7. მიმწოდებელი ვალდებულია, ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, უზრუნველყოს საცალო მომხმარებელთან ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. მიმწოდებელს ან/და საცალო მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმებისას უფლება აქვთ გამოიყენონ ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება (დანართი 1), დამტკიცებული სტანდარტული ფორმით. ამასთან, ხელშეკრულების ფორმის არჩევისას საცალო მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს დანართი 1-ით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების სტანდარტული ფორმის ხელმოწერა.
8. მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის შეუთანხმებლობის შემთხვევაში ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს კომისიის მიერ შესაბამის წნევაზე დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის ზედა ზღვრით (თუ კომისიის მიერ ამ ურთიერთობაზე დადგენილია ზღვრული სამომხმარებლო ტარიფი).
9. მიმწოდებელი ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ხელშეკრულების ასლი და უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის მიწოდება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, თუ ამ ხელშეკრულებით ბუნებრივი გაზის მიწოდებისთვის სხვა თარიღი არ არის გათვალიწინებული.
10. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შესაძლო მოკლე ვადაში განსაზღვროს მიმწოდებლის საცალო მომხმარებლისათვის მიწოდების დაწყების თარიღი და უზრუნველყოს მათ შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება ამ წესების პირობების შესაბამისად.
11. ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებამდე უნდა შედგეს ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ აქტი, სადაც განაცხადში ასახული მონაცემების გარდა უნდა აღინიშნოს ბუნებრივი გაზის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი, ქარხნული ნომერი, კორექტორის ტიპი და პროგრამულად შეყვანილი მაკორექტირებელი პარამეტრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მომხმარებელი ვალდებულია დაესწროს, ხოლო მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ აქტის შედგენაზე დასწრება. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია წინასწარ აცნობოს მხარეებს აქტის შედგენის თარიღი და დრო.
12. დაუშვებელია დაინტერესებული პირის გამოუცხადებლობის მიზეზით ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენის გადავადება. ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მიერ აქტში უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი პირის გამოუცხადებლობის შესახებ და, შესაბამისად, მომხმარებელს ან მიმწოდებელს (აქტის შედგენაზე დასწრების მოთხოვნის შემთხვევაში) გაეგზავნოს აქტის ასლი დაზღვეული წერილით
ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.08.2025
მუხლი 4. მომსახურების გაწევის საფუძველი და პირობები
თავი II — ბუნებრივი გაზის მიწოდება და მომარაგება
მთავარი მონაცემები
- ვადა 5 სამუშაო დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. ძირითადი პრინციპები
- მუხლი 3. მომსახურების სფერო და ზოგადი პირობები
- მუხლი 5. მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება
- მუხლი 6. მომსახურების გაწევა
- მუხლი 7. აღრიცხვის კვანძის მოწყობა
- მუხლი 8. მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებები და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება
- მუხლი 9. ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები
- მუხლი 10. ბუნებრივი გაზის ღირებულებისა და მომსახურების დარიცხვა და გადახდა
- მუხლი 11. თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები
- მუხლი 12. ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმება და აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 4, №12, 09.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.16.009.013.285 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84724/muxli-4/