1. მომხმარებლის წყლის მოხმარება უნდა აღირიცხებოდეს ინდივიდუალურად (გარდა პროფილურ მომხმარებლისთვის აღრიცხვის კვანძის მოწყობამდე ანგარიშსწორების, ასევე, ამ წესების 25-ე მუხლის მე-17, 46-ე მუხლის მე-2 პუნქტით და სხვა წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა). ამ მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია მოაწყოს აღრიცხვის კვანძი, შესაბამისად, შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავენ მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან.

2. საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს, ხოლო წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულია, მოხსნას, შეაკეთოს, დაამოწმოს და შეცვალოს აღრიცხვის კვანძი (მათ შორის წყლის მრიცხველი). ასევე, სხვა სახის მისი კუთვნილი მოწყობილობები, მათ შორის, დანადგარები, რომლებიც აღრიცხვიანობისთვის არის საჭირო.

3. მიმწოდებელი უფლებამოსილია მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე გაწეული ხარჯი (მათ შორის მრიცხველისა და სხვა დანადგარებისა თუ საშუალებების შეძენისა და მოწყობის ხარჯი), მხოლოდ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.

4. წყლის მრიცხველი, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის მოწყობილობები დაცული უნდა იყოს მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს წყლის მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან ხელყოფა.

5. აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს (შეძლებისდაგვარად ახლოს მომხმარებელთან) ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება, ასევე მიმწოდებელს შეეძლოს, წესების შესაბამისად, დაუბრკოლებლად განახორციელოს სხვა სახის სამუშაოები. მიმწოდებელი ვალდებულია მოაწყოს, წესებით განსაზღვრული, მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის სისტემა (მათ შორის, ჭკვიანი მრიცხველი):

ა) წმო-ს შემთხვევაში;

ბ) არაპროფილურ მომხმარებლებზე (ჰესი, ქარხანა, თევზსაშენი და სხვა);

გ) პროფილურ მომხმარებლებზე – წინასწარ განსაზღვრული გამრიცხველიანების გრაფიკის ან მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში;

დ) მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში.

6. მომხმარებელი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს სამუშაოს შესრულების ადგილზე მისთვის ცნობილი ნებისმიერი ხელშემშლელი ან/და სხვა უარყოფითი გარემოების შესახებ, მიმწოდებლის მიერ სამუშაოების დაწყებამდე.

7. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს მიწოდების წერტილთან. ამასთან, თუ ხელშემშლელი გარემოება არ არსებობს, აღრიცხვის კვანძი სასურველია მოეწყოს მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან (ტერიტორიის გარეთ), თუ ტექნიკური რეგლამენტით და მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის მომსახურების ხელშეკრულებით, სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.

8. თუ აუცილებლობიდან გამომდინარე, აღრიცხვის კვანძი უნდა დამონტაჟდეს მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე, მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის დასაყენებლად და გაყვანილობის გასაყვანად მოსახერხებელი ადგილი ისე, რომ მიმწოდებლის წარმომადგენელს დღის განმავლობაში საშუალება მიეცეს მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და გაყვანილობა, ჩაატაროს მისი ტესტირება, შეკეთება, შემოწმება და რეგულარულად მოახდინოს მრიცხველის ჩვენების აღება.

9. მიმწოდებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის წყლის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნიკურად სწორად დადებასა და შესაბამისი აქტის (მათ შორის ელექტრონული) შედგენაზე, რომელშიც დაფიქსირდება მიმწოდებლის წარმომადგენლის და, მომხმარებლის სახელი და გვარი, ამასთან:

ა) დაზიანებული აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის ელემენტების (მათ შორის, დანადგარებისა და მოწყობილობების) აღდგენას, შეცვლასა და დამონტაჟებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი თავისი ხარჯით, გარდა ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის წყლის დანადგარებისა და მოწყობილობების დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს მომხმარებელს ზიანის ანაზღაურება, თუ დამტკიცდება, რომ აღრიცხვის კვანძის დაზიანება გამოწვეულია ამ მომხმარებლის ქმედებით;

გ) მომხმარებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, წყლის დანადგარების და სხვა სახის მოწყობილობების შენახვაზე, როდესაც აღრიცხვის კვანძი მოწყობილია მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე (ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიის გარეთ მოწყობილი აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევებზე).

10. თუ მომხმარებელს წყალი მიეწოდება მის მფლობელობაში არსებული დაწნევის გამაძლიერებელი ტუმბოებით, აღრიცხვის კვანძი უნდა დამონტაჟდეს ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვით იმ მილზე, რომელზედაც დამონტაჟებულია ტუმბ