1. წყლის მრიცხველის დაყენების, მოხსნის, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის, მომსახურების შეწყვეტის, აღდგენის ან სხვა ფაქტის (გარემოების) დაფიქსირების მიზნით მიმწოდებლის წარმომადგენელი ვალდებულია ადგილზე შეადგინოს შესაბამისი აქტი.
2. აქტის შედგენა სავალდებულოა მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შედეგად მომსახურების შეწყვეტის და, შესაბამისად, აღდგენის შემთხვევებში, აქტში დამატებით უნდა აღინიშნოს მომსახურების შეწყვეტის გადაწყვეტილების შესახებ. ამასთან, შეწყვეტის მიზეზი, გარკვევით უნდა ჩანდეს მიწოდების წერტილის დაკეტილი მდგომარეობის მაფიქსირებელ ბრჯენზე დატანილი ინფორმაციით ან ბრჯენთან ერთად.
3. წესების შესაბამისად აქტი შესაძლებელია შედგეს წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით).
4. აქტს მიმწოდებლის მიერ უნდა მიენიჭოს ნომერი და მისი აღრიცხვა უნდა განხორციელდეს შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში.
5. აქტში უნდა აღინიშნოს:
ა) გარემოება, რომლის დაფიქსირების მიზნითაც დგება აქტი;
ბ) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი; აბონენტის ნომერი და რეგისტრირებული მომხმარებლის სახელი და გვარი (ან დასახელება იურიდიული პირის შემთხვევაში); საკითხის გადასაწყვეტად სხვა საჭირო ცნობები;
გ) აქტს ხელს აწერენ მისი შემდგენელი და მომხმარებელი (თუ ეს წესები ან/და მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მომხმარებლის დასწრების პირობას); ასევე, თუ არიან მოწმეები, აქტს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქტი შედგენილი იქნება ელექტრონულად;
დ) აქტს სათანადო ჩანაწერის საფუძველზე შეიძლება დაერთოს დარღვევის ან სხვა ფაქტის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულებები;
ე) იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს იტყვის აქტის ხელმოწერაზე, კეთდება სათანადო ჩანაწერი. პირს, რომელმაც უარი თქვა აქტის ხელმოწერაზე, უფლება აქვს აქტს დაურთოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი.
6. თუ ტექნიკურად შეუძლებელია ელექტრონული ფორმით შედგენილ აქტზე მომხმარებლის ან მოწმის მიერ ხელის მოწერა ან ამ აქტზე არ ხდება მომხმარებლის ან/და მოწმეების მიერ ახსნა-განმარტების მიბმა, აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ აქტის შედგენიდან ერთი კვირის ვადაში მიაწოდონ აქტის შემდგენს მათი პოზიცია წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით), რაც ჩაითვლება ელექტრონული ფორმით შედგენილი აქტის დანართად.
7. მომხმარებლის მიერ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის (მათ შორის, უკანონო მოხმარების მოცულობის დადგენის) ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, აქტში დამატებით აღინიშნება:
ა) დარღვევის არსი, თარიღი და ადგილი;
ბ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა არსებობის შემთხვევაში – მათი ვინაობა და მისამართი;
გ) ახსნა-განმარტება (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში);
დ) მომხმარებლის საირიგაციო სისტემა და კუთვნილი წყლის დანადგარების ან/და ხელსაწყოების გამტარუნარიანობის შესახებ (აუცილებლობის შემთხვევაში);
ე) მიწოდების წერტილი და მისი ტექნიკური მახასიათებლები: წყლის სიჩქარე, მილსადენის დიამეტრი, დახრა, არხის კვეთი და სხვა მახასიათებლები. ასევე, აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის და აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა დანადგარებისა თუ მოწყობილობების) ვიზუალური დათვალიერების შედეგები და მდგომარეობა – უკანონო მოხმარების შემთხვევაში;
ვ) მოხდა თუ არა დარღვევის ადგილზე გამოსწორება.
8. წყლის მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების აქტში დამატებით აღინიშნება:
ა) წყლის მრიცხველის ტიპი და ნომერი და ჩვენება შემოწმების მომენტში;
ბ) მრიცხველზე დადებული ბრჯენის (ბრჯენების) ნომრები, ბრჯენების დადების ადგილისა და მთლიანობის მითითებით; აღრიცხვის მექანიზმისა და მისი დამცავი ხუფის მდგომარეობა (მთლიანობა);
გ) დამოწმების ვადა, სიზუსტის კლასი და მრიცხველის მაკორექტირებელი ხელსაწყოს მონაცემები (დასახელება და საქარხნო ნომერი);
დ) გამოყენებული წყლის მრიცხველის დასახელება და საქარხნო ნომრები, დამოწმების ვადა და სიზუსტის კლასი;
ე) აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის და აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა დანადგარებისა თუ მოწყობილობების) ვიზუალური დათვალიერების შედეგები და მდგომარეობა.
9. წყლის მრიცხველის დაყენების ან მოხსნის შემთხვევაში აქტში დამატებით აღინიშნება:
ა) შესაბამისი წყლის მრიცხველის ტიპი (ნომინალის მითითებით) ტექნიკური მახასიათებლები, საქარხნო (საინვენტარიზაციო) ნომერი, დამზადების (გამოშვების) წელი და ჩვენება;
ბ) მრიცხველზე დადებული ბრჯენის (ბრჯენების) ნომრები ბრჯენების დადების ადგილის მითითებით; მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში ასევე უნდა აღინიშნოს ბრჯენის მთლიანობისა და აღრიცხვის მექანიზმისა და მისი დამცავი ხუფის მდგომარეობის (მთლიანობის) შესახებ;
გ) მრიცხველის მოხსნისა და დალუქვის შემთხვევაში – ბრჯენის ნომერი, რომლითაც დაილუქა მოხსნილი მრიცხველი ცალკე პაკეტში;
დ) განმარტება, თუ რა გარემოებათა გამო მოიხსნა ან/და დაყენდა წყლის მრიცხველი;
ე) მრიცხველის მოხსნისა და დროებითი მრიცხველის არ დაყენების შემთხვევაში მრიცხველის გარეშე მოხმარებული წყლის საფასურის დარიცხვაზე მომხმარებლის თანხმობის, უარის ან თანხმობის არარსებობის შესახებ;
ვ) ლაბორატორიის დასახელება, სადაც ჩატარდება შემოწმება (წყლის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში);
ზ) მრიცხველის მოხსნამდე და მისი დამონტაჟების შემდეგ აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის და აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა დანადგარებისა თუ მოწყობილობების) ვიზუალური დათვალიერების შედეგები და მდგომარეობა.
10. თუ სხვადასხვა გარემოებათა გამო, საჭიროა მომხმარებელთან არსებული წყლის მრიცხველის მოხსნა, იგი უნდა დაილუქოს იმგვარად, რომ პაკეტის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს მრიცხველის ხელყოფა. დალუქული პაკეტის ხელშეუხებლობა, ბრჯენის გარდა ასევე დამოწმებული უნდა იქნეს დაინტერესებული პირების ხელმოწერით, ისე რომ დალუქული პაკეტის გახსნამ გამოიწვიოს ამ ხელმოწერის (წარწერის) დაზიანება. საჭიროების შემთხვევაში წყლის მრიცხველი შესამოწმებლად მიმწოდებლის მიერ გადაიგზავნება აქტთან ერთად, დაინტერესებული პირის მოთხოვნით შესაბამის ლაბორატორიაში.
11. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ესწრება წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და უკანონო მოხმარების შესახებ აქტის შედგენას ან უარს იტყვის ამ აქტის ხელმოწერაზე, ან არ გააჩნია ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონულად შედგენილი აქტის გაგზავნა, შედგენილი აქტი მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს დაზღვეული წერილით.
12. წყლის ორი ან მეტი მრიცხველით აღრიცხვის შემთხვევაში, აქტი უნდა შედგეს წყლით მომარაგების შესაბამის მიწოდების წერტილზე არსებულ წყლის მრიცხველზე.
13. აქტის შედგენის პროცესს შეიძლება დაესწრონ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები, რაც უნდა დადასტურდეს მათ მიერ აქტზე ხელის მოწერით.
14. მატერიალური აქტი უნდა შედგეს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მომხმარებელს, მეორე – მიმწოდებელს; ხოლო წყლის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში, მატერიალური აქტი უნდა შედგეს სამ ეგზემპლარად – ასეთ შემთხვევაში, მესამე ეგზემპლარი გაიგზავნება ლაბორატორიაში წყლის მრიცხველთან ერთად.
15. დაუშვებელია აქტის საფუძველზე რაიმე სახის მოქმედების განხორციელება, თუ ეს აქტი შედგენილია წესებით გათვალისწინებული პირობების ან/და პროცედურების დარღვევით.
16. მიმწოდებელი ვალდებულია, მის მიერ შედგენილი აქტი და ტექნიკურად გაუმართაობის მიზეზით მოხსნილი წყლის მრიცხველი შეინახოს შესაბამისი აქტის შედგენის თარიღიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მრიცხველი გაუმართაობის გამოსწორების შემდეგ დამონტაჟებულ იქნა მომხმარებელთან), ხოლო დარიცხვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში – დავის დასრულებამდე.