1. დაუშვებელია ამ წესების შეუსაბამო მოთხოვნის წაყენება. ასევე დაუშვებელია მომხმარებლისთვის წყლით მომარაგების შეწყვეტა მოთხოვნის წაყენებისა და ამ მოთხოვნის შესრულებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის გარეშე (ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით), ხოლო ამ წესებით განსაზღვრული პროცედურების დაცვის გარეშე მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, მომარაგება უნდა აღდგეს დაუყოვნებლივ.
2. კომისიის ან სასამართლოს მიერ მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის დავის განხილვის პერიოდში დაუშვებელია, კომისიის მოთხოვნის ან სასამართლოს განჩინების გარეშე, სადავო საკითხიდან გამომდინარე, ან/და მის საფუძველზე მომხმარებლისათვის მომსახურების შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დავა ეხება მიმდინარე საფასურის გადახდასთან დაკავშირებულ უთანხმოებას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება იმ მომხმარებელზე, რომელსაც ამ წესების პირობების დაცვით მომსახურება შეუწყდა დავის დაწყებამდე. ასეთ შემთხვევაში მომსახურება აღდგება მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთშეთანხმებით ან/და მომხმარებლის შუამდგომლობის საფუძველზე კომისიის მოთხოვნით ან სასამართლოს განჩინებით.
4. დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მომხმარებლისთვის მომსახურების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, გაშვებულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით). შესაბამისად, დაუშვებელია, წყლის შეწყვეტისა და ამ წესებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება აღნიშნული დავალიანების აღიარების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია კომისიის ან სასამართლოს მეშვეობით, მომხმარებლისგან მოითხოვოს დავალიანების გადახდა და, თუ იქნება კომისიის თანხმობა ან სასამართლო განჩინება – შეუწყვიტოს მომსახურება დავის დასრულებამდე.
5. ამ მუხლში მოყვანილი გარემოებები არ ათავისუფლებენ მომხმარებელს წყლის მოხმარებისას მიმდინარე საფასურის გადახდისაგან.