1. მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის (ე.წ. „ჭკვიანი“ მრიცხველის) კატეგორიას განეკუთვნება ის მრიცხველები, რომლებსაც გააჩნიათ უნარი დაამყარონ ორმხრივი ელექტრონული კომუნიკაცია ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად და ხელი შეუწყონ მომხმარებლის წყლის მოხმარების ოპტიმიზაციას.
2. მომხმარებელი უფლებამოსილია, მიმწოდებელს მოსთხოვოს მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის მოწყობა.
3. მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის მოწყობის მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის მოწყობის მოთხოვნით წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) მიმართოს შესაბამის მიმწოდებელს.
4. მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის მოწყობის მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია განაცხადის წარდგენამდე წინასწარ გადაიხადოს დანართი №4-ით განსაზღვრული აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის“ 50 პროცენტი. დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს მრიცხველის მოწყობის თარიღიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. თუ მომხმარებელი ითხოვს მრავალფუნქციური აღრიცხვის სისტემის მოწყობას წინასწარ განსაზღვრული გამრიცხველიანების გრაფიკით გათვალისწინებულ ვადამდე და მრავალფუნქციური აღრიცხვის სისტემის მოწყობისთვის არსებული საირიგაციო სისტემა საჭიროებს რეკონსტრუქციას, ასეთ შემთხვევაში არსებული საირიგაციო სისტემის მოწყობა უნდა განხორციელდეს მომხმარებლის მოთხოვნით, ამ წესების 68-ე მუხლის მეოთხე პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად.
6. მიმწოდებელი ვალდებულია განათავსოს საკუთარ ვებგვერდზე იმ მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველების ჩამონათვალი, ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც შეტანილია საქართველოში დაკანონებულ გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში და ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის დასამონტაჟებლად.
7. მრავალფუნქციურ ელექტრონულ მრიცხველს უნდა გააჩნდეს შემდეგი მინიმალური შესაძლებლობები:
ა) ფაქტობრივი მოხმარების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გადაცემა;
ბ) კომუნიკაციის ინტერფეისი, მათ შორის, დისტანციურად;
გ) წაკითხვის უნარი არანაკლებ 12 საათში ერთხელ;
დ) მრიცხველსა და პროგრამულ უზრუნველყოფას შორის ორმხრივი კომუნიკაცია კონტროლისთვის (მათ შორის, პროგრამის განახლების/შეკეთებისა და თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია);
ე) დროში დიფერენცირებული სატარიფო დარიცხვის განხორციელება;
ვ) გააჩნდეს დისტანციურად წყლის მიწოდების შეწყვეტის და აღდგენის უნარი;
ზ) მონაცემების უსაფრთხო კომუნიკაციის დაცვის უნარი;
თ) არასანქცირებული ჩარევის დადგენის ფუნქცია.
8. მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველები დისტანციურად უნდა გადასცემდეს აღრიცხვის (გაზომვის) მონაცემებს მიმწოდებელს, რომლის უზრუნველყოფაზეც მიმწოდებელი თავადაა პასუხისმგებელი.
9. მოხმარებული წყლის რაოდენობის ჭკვიანი მრიცხველით აღრიცხვის შემთხვევაში, შესაბამის მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დისტანციურ რეჟიმში, შესაბამისი მიმწოდებლის მიერ შექმნილი პლატფორმის მეშვეობით, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე მიიღოს ინფორმაცია:
ა) ფაქტობრივი მოხმარების შესახებ;
ბ) მოხმარებული წყლის საფასურის შესახებ;
გ) ფაქტობრივი წყვეტების შესახებ (სტატუსის მითითებით);
დ) აღრიცხვის მოშლის შესახებ (პერიოდის მითითებით);
ე) სხვა ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია ამ მუხლის მე-7 პუნქტით და მოთხოვნილია მომხმარებლის მიერ.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად მომხმარებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს წყლის მოხმარების ფაქტობრივ მონაცემებს, იყოს მარტივად აღქმადი (მათ შორის, ვიზუალური დიაგრამების გამოყენებით) და იძლეოდეს სტატისტიკური ანალიზის შესაძლებლობა