1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მოაწყოს დანერგოს მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის გაზის სისტემა, მხოლოდ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში.

2. მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის (ე.წ. „ჭკვიანი“ მრიცხველის) კატეგორიას განეკუთვნება ის მრიცხველები, რომლებსაც გააჩნიათ უნარი დაამყარონ ორმხრივი ელექტრონული კომუნიკაცია ელექტროენერგიის მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის და ხელი შეუწყონ მომხმარებლის ენერგომოხმარების ოპტიმიზაციას.

3. მომხმარებელი უფლებამოსილია, არსებული აღრიცხვის კვანძის ნაცვლად, სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს ჭკვიანი მრიცხველის მოწყობა.

4. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მოთხოვნით წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) მიმართოს შესაბამის სისტემის ოპერატორს.

5. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასური დადგენილია წესების დანართით №2, შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.

6. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის  წარდგენამდე  წინასწარ გადაიხადოს ჭკვიანი მრიცხველის საფასურის 50 პროცენტი (დანართით №2, განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად). დარჩენილი თანხის გადახდა  მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის თარიღიდან 10 დღის განმავლობაში.

7. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასურის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან სისტემის ოპერატორსა და მომხმარებელს შორის საფასურის  გადახდის განწილვადების შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის  ქვითარში და ამ მიზნით შესაბამისი მოთხოვნა წარუდგინოს მიმწოდებელს,   წესების მე-14 მუხლის შესაბამისად.

8. სისტემის ოპერატორი ვალდებულია განათავსოს საკუთარ ვებგვერდზე იმ მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველების ჩამონათვალი, ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც შეტანილია საქართველოში დაკანონებულ გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში და ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის დასამონტაჟებლად.

9. მრავალფუნქციურ აღრიცხვის სისტემას უნდა გააჩნდეს შემდეგი მინიმალური შესაძლებლობები:

ა) ფაქტობრივი მოხმარებისა და მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად მიწოდება  მომხმარებლისთვის;

ბ) გააჩნდეს მომხმარებელთან დისტანციურად კომუნიკაციის ინტერფეისი;

გ) წაკითხვა განახორციელოს არანაკლებ 12 საათში ერთხელ (საათობრივი მონაცემების);

დ) უზრუნველყოს ორმხრივი კომუნიკაცია კონტროლისთვის (მათ შორის, პროგრამის განახლების/შეკეთებისა და თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია);

ე) აღჭურვილი უნდა იყოს ზუსტი მერიდიანული დროის სისტემით და გარანტირებული ელექტრო კვებით.

ვ) გააჩნდეს დისტანციურად გაზმომარაგების გამორთვის უნარი;

ზ) გააჩნდეს მონაცემების უსაფრთხო კომუნიკაციის დაცვის უნარი;

თ) გააჩნდეს არასანქცირებული ჩარევის დადგენის ფუნქცია;

ი) შეტყობინების გაგზავნის უნარი (მათ შორის, ნორმაზე მეტი მოხმარებისა და აღრიცხვიანობის მოშლის შემთხვევაში).

10. მრავალფუნქციური აღრიცხვის სისტემების შემადგენლობაში შედის:

ა) მონაცემთა შეკრებისა და გადაცემის მოწყობილობები;

ბ) საკომუნიკაციო მოწყობილობები;

გ) საკომუნიკაციო ქსელები;

დ) ბუნებრივი გაზის გაზომვის მოწყობილობები.

11. მრავალფუნქციური აღრიცხვის სისტემები ბუნებრივი გაზის აღრიცხვის მონაცემებს იღებს:

ა) მონაცემთა შეკრებისა და გადაცემის მოწყობილობებისგან;

ბ) ბუნებრივი გაზის გაზომვის მოწყობილობებიდან.

12. მრავალფუნქციური აღრიცხვის კვანძი დისტანციურად უნდა გადასცემდეს აღრიცხვის (გაზომვის) მონაცემებს სისტემის ოპერატორს, რომლის უზრუნველყოფაზეც სისტემის ოპერატორი თავადაა პასუხისმგებელი.

13. მრავალფუნქციური აღრიცხვის სისტემები მართვის ყველა დონეზე დაცული უნდა იყოს ინფორმაციის არასანქცირებული ჩარევისა და მისი თვითნებური ცვლილებისგან როგორც ცალკეული ელემენტების დალუქვის გზით, ასევე პროგრამული საშუალებებით.

თავი XVIII. დასკვნითი დებულებე