1. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია მომხმარებელთან ან/და კომისიასთან შეთანხმებით დანერგოს მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის ტექნოლოგიები.
2. მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის (ე.წ. „ჭკვიანი“ მრიცხველის) კატეგორიას განეკუთვნება ის მრიცხველები, რომლებსაც გააჩნიათ უნარი დაამყარონ ორმხრივი ელექტრონული კომუნიკაცია ელექტროენერგიის მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის და ხელი შეუწყონ მომხმარებლის ენერგომოხმარების ოპტიმიზაციას.
3. მომხმარებელი უფლებამოსილია, არსებული აღრიცხვის კვანძის ნაცვლად, სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს ჭკვიანი მრიცხველის მოწყობა.
4. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მოთხოვნით წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) მიმართოს შესაბამის სისტემის ოპერატორს.
5. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასური დადგენილია წესების დანართით №4, შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.
6. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე წინასწარ გადაიხადოს ჭკვიანი მრიცხველის საფასურის 50 პროცენტი (დანართით №4, განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად). დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის თარიღიდან 10 დღის განმავლობაში.
7. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასურის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან სისტემის ოპერატორსა და მომხმარებელს შორის საფასურის გადახდის განწილვადების შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის ქვითარში და ამ მიზნით შესაბამისი მოთხოვნა წარუდგინოს მიმწოდებელს, წესების მე-14 მუხლის შესაბამისად.
8. სისტემის ოპერატორი ვალდებულია განათავსოს საკუთარ ვებგვერდზე იმ მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველების ჩამონათვალი, ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც შეტანილია საქართველოში დაკანონებულ გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში და ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის დასამონტაჟებლად.
9. მრავალფუნქციურ ელექტრონულ მრიცხველს უნდა გააჩნდეს შემდეგი მინიმალური შესაძლებლობები:
ა) ფაქტობრივი მოხმარებისა და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად მიწოდება მომხმარებლისთვის;
ბ) გააჩნდეს მომხმარებელთან კომუნიკაციის ინტერფეისი, მათ შორის, დისტანციურად;
გ) წაკითხვა განახორციელოს არანაკლებ საათში ერთხელ;
დ) უზრუნველყოს ორმხრივი კომუნიკაცია კონტროლისთვის (მათ შორის, პროგრამის განახლების/შეკეთებისა და თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია);
ე) გააჩნდეს დროში დიფერენცირებული სატარიფო დარიცხვის განხორციელების შესაძლებლობა;
ვ) გააჩნდეს დისტანციურად ელექტრომომარაგების ჩართვა-გამორთვის უნარი;
ზ) გააჩნდეს მონაცემების უსაფრთხო კომუნიკაციის დაცვის უნარი;
თ) გააჩნდეს არასანქცირებული ჩარევის დადგენის ფუნქცია;
ი) ორი მიმართულებით (გაცემისა და მიღების რეჟიმში) აღრიცხვის უნარი (იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს საკუთრებაში აქვს მიკროელექტროსადგური);
კ) შეტყობინების გაგზავნის უნარი (მათ შორის, ნორმაზე მეტი მოხმარებისა და აღრიცხვიანობის მოშლის შემთხვევაში);
ლ) ძაბვის ხარისხისა და ელექტროენერგიის უწყვეტობის კომისიასთან შეთანხმებული მაჩვენებლების ჩაწერის ფუნქცია.
10. მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველები დისტანციურად უნდა გადასცემდეს აღრიცხვის (გაზომვის) მონაცემებს სისტემის ოპერატორს, რომლის უზრუნველყოფაზეც სისტემის ოპერატორი თავადაა პასუხისმგებელი.