1. საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმით, წყალმომარაგების პერიოდში სარემონტო, საექსპლუატაციო ან სხვა გადაუდებელი სამუშაოების გამო წყლით მომარაგების დროებითი გეგმური ან არაგეგმური წყვეტის შესახებ, ასევე წყლის ისეთი ხარისხით დაბინძურების შემთხვევაში, როცა წყალი უვარგისი ხდება საირიგაციო მიზნით გამოყენებისთვის ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, შესაბამის საირიგაციო სისტემის მონაკვეთზე არსებულ იმ მომხმარებელთა ჯგუფს, რომელზეც ვრცელდება აღნიშნული წყვეტა ან წყლის დაბინძურების შემთხვევა. წყვეტის ან წყლის დაბინძურების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელთა ჯგუფს უნდა მიეწოდოს ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით. აღნიშნული ინფორმაცია მომხმარებელთა ჯგუფთან ერთად, ასევე უნდა გაეგზავნოს ერთი აბონენტის ნომრიდან (საერთო მიწოდების წერტილიდან) მომარაგებულ ყველა უძრავი ქონების მფლობელს.
2. მიმწოდებელი ვალდებულია საირიგაციო სისტემის ექსპლუატაცია-მართვა განახორციელოს იმგვარად, რომ საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმით გათვალისწინებულ წყალმომარაგების პერიოდში მაქსიმალურად შემცირდეს საირიგაციო სისტემაში წყალმომარაგების გეგმური და არაგეგმური წყვეტა. ამასთან, საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმით, წყალმომარაგების პერიოდში, წყლით მომარაგების გეგმური წყვეტა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს მაგისტრალურ არხზე 10 კალენდარულ დღეს, ხოლო მეორე რიგისა და მესამე რიგის არხებსა და მილსადენებზე 5 კალენდარულ დღეს (მაგისტრალურ არხზე წყვეტის გათვალისწინების გარეშე). იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური გარემოებების არსებობისას, წყლით მომარაგების გეგმური წყვეტა აღემატება ამ პუნქტში მითითებულ პერიოდს, მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარ აცნობოს კომისიას აღნიშნულის შესახებ (შეტყობინება უნდა შეიცავდეს გეგმური წყვეტის აუცილებლობისა და სამუშაოების გადაუდებლობის შესახებ დასაბუთებას, ტერიტორიულ არეალისა და გეგმური წყვეტის სავარაუდო პერიოდის მითითებით).
3. საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის შესაბამისად, წყალმომარაგების პერიოდში საირიგაციო სისტემაში მომარაგების დროებითი შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ საჯარო ინტერესის დაცვის აუცილებლობით გამოწვეულ შემთხვევაში, მათ შორის, თუ საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას, ასევე საირიგაციო სისტემაში წინასწარ გამოცხადებული საგანგებო/დეფიციტის მდგომარეობით, ან/და საირიგაციო სისტემის მოვლა-პატრონობასთან, ან ახალი ობიექტის საირიგაციო სისტემასთან მიერთებით გამოწვეული ტექნიკური საჭიროებიდან გამომდინარე, რაც მიმწოდებლის მიერ სათანადოდ უნდა აღირიცხოს შესაბამის ჟურნალებში.
4. შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით წყალმომარაგების პერიოდში, მიმწოდებლის მიერ კონკრეტული მომხმარებლის წყალმომარაგება შეიძლება შეწყდეს ამ მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია საირიგაციო სისტემებთან მიერთებულ ობიექტებში განვითარებული ავარიული შემთხვევების, მათ შორის, საირიგაციო სისტემაში წინასწარ გამოცხადებული საგანგებო/დეფიციტის გარემოებების დროს, უარყოფითი შედეგის თავიდან ასაცილებლად/აღმოსაფხვრელად, ასევე, წყლის დატაცების/უკანონოდ მოხმარების შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, მომხმარებელს წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
5. საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის შესაბამისად წყლით მომარაგების პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია მომარაგების გეგმურ წყვეტამდე სარემონტო სამუშაოების შესახებ ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს სამუშაოების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 2 კალენდარული დღით ადრე მაინც. მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინებაში ზუსტად მიუთითოს სამუშაოების დაწყების დრო და ხანგრძლივობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად მომარაგება უწყდება არანაკლებ შესაბამისი საირიგაციო სისტემის მომხმარებლების 50%-ზე მეტ მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში მიმწოდებელმა, ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მედიასაშუალებებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის შესაბამისად, წყლით მომარაგების პერიოდში, მიმწოდებელი ვერ ახერხებს გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებლის წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვას, წყლით მომარაგების შეწყვეტა უნდა გადავადდეს. ამასთან, თუ მიმწოდებლისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ ხდება მომხმარებელთა წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვა, მომხმარებელთა ინფორმირება უნდა მოხდეს მოსალოდნელი წყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე. მიმწოდებელი ვალდებულია, შესაძლო მოკლე ვადაში აღმოფხვრას არაგეგმური წყვეტა. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგების აღდგენა საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას, მიმწოდებელი ვალდებულია რთული სამუშაოს კატეგორიის მინიჭებისთანავე, საირიგაციო სისტემის შესაბამის მომხმარებლებს აცნობოს ტექსტური შეტყობინებით წყვეტის ზუსტი მიზეზი და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგება შეუწყდა შესაბამისი საირიგაციო სისტემის მომხმარებლების 50%-ზე მეტ მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში მიმწოდებელმა ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მის ოფიციალურ ვებგვერდზე.
6. საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის შესაბამისად, წყლით მომარაგების პერიოდში, წყლის ისეთი ხარისხით დაბინძურების შემთხვევაში, როცა წყალი უვარგისი ხდება საირიგაციო მიზნით გამოყენებისთვის, მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს წყლის დაბინძურების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე. ტექსტური შეტყობინება ასევე უნდა შეიცავდეს წყლის დაბინძურების მიზეზს და პრობლემის აღმოფხვრის სავარაუდო დროს.
7. საირიგაციო სისტემაში წინასწარ გამოცხადებული საგანგებო/დეფიციტის მდგომარეობის დაწყების და დასრულების შესახებ, ტექსტური შეტყობინებით უნდა ეცნობოს შესაბამისი საირიგაციო სისტემის ყველა მომხმარებელს, ამ რეჟიმის ამოქმედებისთანავე. ამასთან, საირიგაციო სისტემაში წყლის მიწოდების საგანგებო/დეფიციტის მდგომარეობის რეჟიმის დაწყების ტექსტური შეტყობინება ასევე უნდა შეიცავდეს მისი გამოცხადების მიზეზს და გაუქმების სავარაუდო დროს.
8. საირიგაციო სისტემაში წინასწარ გამოცხადებული საგანგებო/დეფიციტის მდგომარეობის მოქმედების პერიოდში:
ა) თუ არაპროფილური მომხმარებლის მომარაგება საფრთხეს უქმნის პროფილურ მომხმარებელს ირიგაციის მიზნით წყლით მომარაგებაში, არაპროფილურ მომხმარებელს შეზღუდვის შესახებ ტექსტური შეტყობინებით წინასწარ უნდა ეცნობოს, წყლით მომარაგების შეწყვეტამდე 3 კალენდარული დღით ადრე მაინც;
ბ) საირიგაციო სისტემაში შესაბამის პერიოდზე წყლის ფაქტობრივი წარმადობა აშკარად ნაკლებია მიმწოდებლის მიერ სავალდებულოდ მისაწოდებელ წყლის მოცულობებზე – მომხმარებელს შეზღუდვის შესახებ უნდა ეცნობოს შეზღუდვების დაწყებამდე 3 კალენდარული დღით ადრე მაინც.