1. მიმწოდებელმა მომხმარებლის განცხადებას დასაბუთებული პასუხი უნდა გასცეს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ამასთან, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის (უარის) შემთხვევაში, განმცხადებელს უნდა გაეგზავნოს დასაბუთებული პასუხი, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებლის განცხადებაზე არ არის აუცილებელი დასაბუთებული პასუხის გაცემა, თუ:
ა) ამ მოთხოვნაზე მოხდა სათანადო რეაგირება, რასაც მომხმარებელი ადასტურებს შესაბამის აქტზე ან/და ხელშეკრულებაზე ხელმოწერით;
ბ) განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდა ტექსტური შეტყობინებით, ამ მუხლის მე-3 პუნქტის პირობის შესრულების შემთხვევაში.
2. მატერიალური ან ელექტრონული ფორმით შეტანილ განაცხადზე განმცხადებელს დასაბუთებული პასუხი უნდა გაეგზავნოს იმავე ფორმით, რა ფორმითაც მოხდა აღნიშნული განაცხადის მიღება, თუ განმცხადებლის მიერ პასუხის სხვა ფორმა არ არის მოთხოვნილი.
3. განცხადებაში მოცემული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მოკლე ინფორმაციას, განცხადების რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს, ასევე:
ა) მომხმარებლის რეგისტრაციის (ან შეცვლის) შემთხვევაში – აბონენტის ნომერს, რეგისტრირებული მომხმარებლის სახელსა და გვარს (ან დასახელებას);
ბ) აქტის შედგენის შემთხვევაში – აქტის ნომერსა და შედგენის თარიღს;
გ) მრიცხველის დაყენების შემთხვევაში – მრიცხველის ჩვენებასა და თარიღს;
დ) ხელშეკრულების/შეთანხმების გაფორმების საჭიროების შემთხვევაში – მომსახურებაზე შეთავაზებულ ღირებულებას, შესრულების ვადას, ვებგვერდზე განთავსებული სტანდარტული პირობების საიდენტიფიკაციო მონაცემებს და ელექტრონულ მისამართს.
4. მიმწოდებელი ვალდებულია შეიმუშაოს და მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი გახადოს სხვადასხვა მოთხოვნის შესახებ განცხადების ფორმები (წესების შესაბამისი ტიპური ფორმები), მომხმარებელთაგან მრავალგზის შესული განცხადებების მიხედვით.
5. მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნილი ფორმით (ელექტრონულად ან მატერიალურად) მიაწოდოს მას ინფორმაცია მის მიერ ამ წესების შესაბამისად დარიცხული საფასურის შესახებ, მათ შორის გაანგარიშებისას გამოყენებული მეთოდის, დარიცხული მოცულობისა და ამ მეთოდის სამართლებრივი საფუძვლის მითითები