1. სისტემის ოპერატორმა მომხმარებლის განცხადებას დასაბუთებული პასუხი უნდა გასცეს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ამასთან, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის (უარის) შემთხვევაში, განმცხადებელს უნდა გაეგზავნოს დასაბუთებული პასუხი, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებლის განცხადებაზე არ არის აუცილებელი დასაბუთებული პასუხის გაცემა, თუ:
ა) ამ მოთხოვნაზე მოხდა სათანადო რეაგირება, რასაც მომხმარებელი ადასტურებს შესაბამის აქტზე ან/და ხელშეკრულებაზე ხელმოწერით;
ბ) განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდა ტექსტური შეტყობინებით ამ მუხლის მე-3 პუნქტის პირობის შესრულების შემთხვევაში.
2. მატერიალური ან ელექტრონული ფორმით შეტანილ განაცხადზე განმცხადებელს დასაბუთებული პასუხი უნდა გაეგზავნოს იმავე ფორმით, რა ფორმითაც მოხდა აღნიშნული განაცხადის მიღება, თუ განმცხადებლის მიერ პასუხის სხვა ფორმა არ არის მოთხოვნილი.
3. განცხადებაში მოცემული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მოკლე ინფორმაციას, განცხადების რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს, ასევე:
ა) მომხმარებლის რეგისტრაციის (ან შეცვლის) შემთხვევაში – აბონენტის ნომერს, რეგისტრირებული მომხმარებლის სახელსა და გვარს (ან დასახელებას);
ბ) აქტის შედგენის შემთხვევაში – აქტის ნომერსა და შედგენის თარიღს;
გ) მრიცხველის დაყენების შემთხვევაში – მრიცხველის ჩვენებასა და თარიღს;
დ) ხელშეკრულების/შეთანხმების გაფორმების საჭიროების შემთხვევაში – მომსახურებაზე შეთავაზებულ ღირებულებას, შესრულების ვადასა და ვებგვერდზე განთავსებული სტანდარტული პირობების ელექტრონულ მისამართს.
4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია შეიმუშაოს და მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი გახადოს სხვადასხვა მოთხოვნის შესახებ განცხადების, წესების შესაბამისი ტიპური ფორმები მომხმარებელთაგან მრავალგზის შესული განცხადებების მიხედვით.
5. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნილი ფორმით (ელექტრონულად ან მატერიალურად) მიაწოდოს მას ინფორმაცია მის მიერ წესების შესაბამისად დარიცხული საფასურის შესახებ, მათ შორის გაანგარიშებისას გამოყენებული მეთოდის, დარიცხული მოცულობისა და ამ მეთოდის სამართლებრივი საფუძვლის მითითებით.
6. მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, თუ სისტემის ოპერატორი მიმწოდებლისგან მიიღებს ისეთ მოთხოვნას, რომელიც ეხება მომხმარებლის განცხადების შესრულებას, იგი ვალდებულია განიხილოს და მოახდინოს რეაგირება ამ მოთხოვნაზე, წესებისა და საცალო ბაზრის წესების პროცედურებისა და პირობების შესაბამისად. სისტემის ოპერატორი, ვალდებულია ერთი დღის ვადაში გადაუგზავნოს შესაბამის მიმწოდებელს მომხმარებლის ისეთი მოთხოვნა, რომლის შესრულებაც დამოკიდებულია ამ მიმწოდებელზ