1. ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება მიმწოდებლისთვის და მომხმარებლისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს მიმწოდებლის და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს წყლის მიწოდებისა და მოხმარების დროს.
2. წესებით დადგენილი პირობები წარმოადგენს წყალმომარაგების, ასევე საირიგაციო სისტემაზე მიერთების მომსახურების ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დაუშვებელია ხელშეკრულების მხარისთვის ისეთი ვალდებულების დაკისრება, რაც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ან დაშვებული წესებით. აღნიშნული ხელშეკრულების რომელიმე დებულების ბათილობა გავლენას არ ახდენს ხელშეკრულების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.
3. მიმწოდებლის მიერ ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირისთვის უნდა განხორციელდეს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, მომსახურების საჯაროდ გამოქვეყნებული ხელშეკრულების სტანდარტული პირობების გამოყენებით. ამასთან, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მტკიცდება კომისიის მიერ.
4. მიმწოდებელი უფლებამოსილია მომხმარებელს შესთავაზოს, ასევე მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში გააფორმოს მასთან მხოლოდ კომისიის მიერ დამტკიცებული სტანდარტული პირობების ხელშეკრულება.
5. მომხმარებელი უფლებამოსილია უსასყიდლოდ მიიღოს წყლის მიწოდების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია და აღრიცხვის მონაცემები, ამ წესითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
6. საირიგაციო სისტემის მეშვეობით მიწოდებული წყალი განკუთვნილია ძირითადად სასოფლო-სამეურნეო, თევზის მეურნეობის და ჰიდროენერგეტიკული მიზნით გამოყენებისთვის. მომხმარებლის მიერ (მათ შორის, საწარმოოს ან საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ), საირიგაციო სისტემის მეშვეობით მიღებული წყლის სათანადო წესით დამუშავებისა და მის რეგლამენტით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის გარეშე, დაუშვებელია საკვებად ან საკვებპროდუქტების დამუშავებისთვის გამოყენება, როდესაც წარმოების ტექნოლოგია სანიტარიული ნორმები, რეგლამენტი ან/და სტანდარტები მოითხოვს უფრო მაღალი ხარისხის წყლის გამოყენებას.