1. გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ბუნებრივი გაზით მომარაგების დროებითი გეგმური ან არაგეგმური წყვეტის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს იმ მომხმარებელთა ჯგუფს რომელზეც ვრცელდება აღნიშნული წყვეტა. წყვეტის შესახებ ინფორმაცია მომხმარებელთა ჯგუფს უნდა მიეწოდოს ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით.
2. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზით მომარაგების დროებითი შეწყვეტა შესაძლოა მოხდეს მხოლოდ საჯარო ინტერესის დაცვის აუცილებლობით გამოწვეულ შემთხვევაში, მათ შორის, ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობით ან/და ქსელის მოვლა-პატრონობასთან ან ახალი ობიექტის ქსელთან მიერთებით გამოწვეული ტექნიკური საჭიროებიდან გამომდინარე, რაც სისტემის ოპერატორის მიერ სათანადოდ აღირიცხება შესაბამის ჟურნალებში.
3. სისტემის ოპერატორის მიერ ბუნებრივი გაზის მიწოდება შეიძლება შეწყდეს მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც ეს აუცილებელია, ბუნებრივი გაზის სისტემაში ქსელთან მიერთებულ ობიექტებში განვითარებული ავარიული შემთხვევების ან უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების თავიდან ასაცილებლად, აღმოსაფხვრელად, ან ბუნებრივი გაზის დატაცების/უკანონოდ მოხმარების შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მომხმარებელსა და მიმწოდებელს, წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მომარაგების გეგმურ წყვეტამდე სარემონტო სამუშაოების შესახებ, ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს სამუშაოების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შეტყობინებაში ზუსტად მიუთითოს სამუშაოების დაწყების დრო და ხანგრძლივობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად მომარაგება უწყდება თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში სისტემის ოპერატორმა ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მედიასაშუალებებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ სისტემის ოპერატორი ვერ ახერხებს გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებლის წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვას, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა უნდა გადავადდეს. ამასთან, თუ სისტემის ოპერატორისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ ხდება მომხმარებელთა წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვა, მომხმარებელთა ინფორმირება უნდა მოხდეს მოსალოდნელი წყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე.
5. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შესაძლო მოკლე ვადაში აღმოფხვრას არაგეგმური წყვეტა. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგების აღდგენა საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, რთული სამუშაოს კატეგორიის მინიჭებისთანავე, შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს აცნობოს ტექსტური შეტყობინებით, გათიშვის ზუსტი მიზეზი და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგება შეუწყდა თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში სისტემის ოპერატორმა, ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მის ვებგვერდზე.