1. თუ ეს წესები მომსახურების სხვა პირობას არ ითვალისწინებს, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მომხმარებელს ან/და განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ბუნებრივი გაზით მომარაგების ინდივიდუალურად შეწყვეტის/აღდგენის შესახებ – სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ;
ბ) განაცხადის რეგისტრაციის ნომრის, თარიღისა და კომისიის ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციის ნომრის შესახებ – სისტემის ოპერატორის მიერ განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს განაცხადის მიღებისთანავე;
გ) განაცხადზე საპასუხო წერილის გაგზავნის ან რეაგირების შესახებ – სისტემის ოპერატორის მიერ განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს საპასუხო წერილის ან რეაგირების ფაქტის რეგისტრაციისთანავე;
დ) ბუნებრივი გაზით მომარაგების გეგმური წყვეტის დროისა და ხანგრძლივობის შესახებ – სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამის არეალში რეგისტრირებული მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს გეგმურ წყვეტამდე, წესების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის პირობების შესაბამისად;
ე) სისტემის ოპერატორის მიერ ბუნებრივი გაზით მომარაგების არაგეგმური წყვეტის (გათიშვის) შემთხვევაში, როდესაც აღდგენის სამუშაოები საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას (რომლის შედეგადაც ხდება გამანაწილებელი ქსელის ძირითადი საშუალებების შეცვლა/დამონტაჟება ან მშენებლობა/რეკონსტრუქცია), გათიშვის ზუსტი მიზეზისა და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დროის შესახებ – შესაბამის არეალში არსებული მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს მომარაგების აღდგენისათვის გასატარებელი მოქმედებებისათვის რთული სამუშაოების კატეგორიის მინიჭებისთანავე.
2. ქსელური მომსახურების შემთხვევებში (წესების IV, V და VI თავით განსაზღვრულ მომსახურების შემთხვევებში) სისტემის ოპერატორი ვალდებულია განაცხადის რეგისტრაციის და განაცხადზე რეაგირების (დასრულების) შესახებ ტექსტური შეტყობინებებით, ასევე აღნიშნული მომსახურებით გათვალისწინებულ შუალედურ ტექსტურ შეტყობინებით, სხვა ინფორმაციასთან ერთად, მომხმარებელს აცნობოს გაზმომარაგების დაწყებისთვის, შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დოკუმენტის მიწოდების აუცილებლობის შესახებ (დოკუმენტის სისტემის ოპერატორისთვის მიუწოდებლობის შემთხვევაში).
3. სისტემის ოპერატორის მიერ ტექსტური შეტყობინება მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, მომხმარებლის/განმცხადებლის მიერ მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერ(ებ)ზე ან/და ელექტრონულ მისამართ(ებ)ზე. წესების მიზნებისთვის, შეტყობინება მიღებულად ითვლება შეტყობინების გაგზავნის ფაქტის ტექნიკური საშუალებით დადასტურების მომენტიდან. შეტყობინების არმიღება არ ათავისუფლებს მომხმარებელს/განმცხადებელს წესებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისაგან.
4. მომხმარებელს/განმცხადებელს უფლება აქვს, საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს:
ა) მიღებული შეტყობინების განმეორებით გაგზავნა;
ბ) ნომრისა და ელექტრონული მისამართის შეცვლა – ახალი ნომრის/ელექტრონული მისამართის გაგზავნით, ასევე განაცხადის საშუალებით;
გ) ტექსტური შეტყობინების შინაარსის დაზუსტება ან/და განმარტება – ცხელი ხაზის მეშვეობით ან განაცხადის საშუალებით.
5. ტექსტური სერვისებით სარგებლობისას, რომელი ელექტრონული ფორმითაც მომხმარებელს ეგზავნება აღნიშნული ტექსტური შეტყობინება, იმავე ფორმით უნდა შეეძლოს მომხმარებელს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სერვისებით სარგებლობა.
6. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა უზრუნველყოს კომისიის მიერ განსაზღვრული საშუალების, მომსახურების კოდის მეშვეობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების კოდი შეიძლება წარმოადგენდეს ციფრების, სიმბოლოების და ასოების კომბინაციას, რომელთა გამოყენებით მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სისტემის ოპერატორისგან და მიმწოდებლისაგან მოითხოვოს ინფორმაცია ან სხვა სახის მომსახურების გაწევა კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილი წესითა და პირობებით. ამასთან, კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით განსაზღვროს ამ მომსახურებით სარგებლობის მისამართი/ნომერი, შეთავაზებული პირობები და მათი რიგითობა.
7. მომხმარებელი უფლებამოსილია თანხმობა განაცხადოს სხვა მომსახურე პირთან ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებაზე, რა დროსაც სისტემის ოპერატორმა ამ პირს უნდა შესთავაზოს შესაბამისი ვებსერვისი და პარამეტრები, საიდანაც შესაძლებელი იქნება ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდება. ამ პუნქტის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება არ ათავისუფლებს სისტემის ოპერატორს მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონულ მისამართზე ინფორმაციის გაგზავნის წესებით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან.
8. როდესაც მომხმარებელი მიმწოდებელს ან სისტემის ოპერატორს მიაწვდის საკონტაქტო ნომერს ან ელექტრონულ მისამართს, ან მოითხოვს ამ მონაცემების განახლებას, შესაბამისად, სისტემის ოპერატორი ან მიმწოდებელი ვალდებულია, აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს მიმწოდებელს (რომელიც ახორციელებს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მიწოდებას) ან სისტემის ოპერატორს.
9. სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებლისთვის გაგზავნილ ტექსტურ შეტყობინებაში ან/და მის დანართებში, უნდა მიეთითოს, ინტერაქციული მომსახურების ნომერი ან/და ელექტრონული მისამართი.
10. ამ მუხლის პირობების გათვალისწინებით, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, მიმწოდებელმა უნდა მისცეს სისტემის ოპერატორს ამ მომხმარებლის დარიცხვასთან, ანგარიშსწორებასთან, გაგზავნილ შეტყობინებასთან და სხვა სახის ბუნებრივი გაზის მიწოდების მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მოთხოვნილი ფორმით.
11. სისტემის ოპერატორი ასევე უფლებამოსილია, მომხმარებელს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია განაწილების საქმიანობასთა