1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მომსახურება გაუწიოს ყველა  მომხმარებელს და მიმწოდებელს წესების შესაბამისად. სისტემის ოპერატორი ვალდებულია  მიმწოდებლებს მოემსახუროს არადისკრიმინაციულობის პრინციპით და ყველა ჩააყენოს თანაბარ მდგომარეობაში მომსახურების გაწევისას.

2. სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია გამანაწილებელი სისტემის  გამართულ მუშაობაზე. განაწილების ქსელში მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდორიზაციისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების კონტროლზე პასუხისმგებლობა ეკისრება სისტემის ოპერატორს. გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ხარისხი, წნევა, სუნი და სხვა მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედ წესებსა და კანონმდებლობით დადგენილ ნორმებსა და სტანდარტებს.

3. განაწილების საქმიანობა არის საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული საქმიანობა, სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს, როგორც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება, უსაფრთხო და საიმედო მომარაგება, ისე გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია-მართვა, მოვლა-პატრონობა,  განვითარება  და  მასთან  დაკავშირებულ  სხვა საქმიანობების სათანადოდ შესრულება, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი  სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და ამ სისტემებთან თავისუფალი დაშვების უზრუნველსაყოფად.

4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია:

ა) მომსახურება გაუწიოს ყველა სისტემით  მოსარგებლეს წესების შესაბამისად;

ბ) სისტემით მოსარგებლეებს მომსახურება გაუწიოს არადისკრიმინაციულობის პრინციპზე დაყრდნობით;

გ) უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი პარამეტრების ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, წესებისა და შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად;

დ) ექსპლუატაცია გაუწიოს, მართოს, მოუაროს და კომისიასთან შეთანხმებული გეგმის ფარგლებში განავითაროს გამანაწილებელი ქსელი;

ე) ანგარიშსწორებისათვის მოაწყოს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძი და უზრუნველყოს მისი გამართული მუშაობა;

ვ) უზრუნველყოს გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის მომარაგების  ერთიანი ბაზის შექმნა, მისი მართვა და მუდმივი განახლება ინფორმაციის სათანადოდ დამუშავების საფუძველზე;

ზ) პერიოდულად აიღოს მომხმარებლის მრიცხველის ჩვენება და მიღებული ინფორმაცია  დაუყოვნებლივ ასახოს ბუნებრივი გაზის მომარაგების ერთიან ბაზაში და ეს ინფორმაცია გადასცეს შესაბამის მიმწოდებელს (ამ წესებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით);

თ) „საცალო ბაზრის წესების“ შესაბამისად შეასრულოს მიმწოდებლის მოთხოვნა კონკრეტული მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყების, მიწოდების შეწყვეტის ან აღდგენის თაობაზე;

ი) მომხმარებლისთვის მიმწოდებლის შეცვლის პროცესში იმოქმედოს „საცალო ბაზრის წესების“ მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად;

კ) მიმწოდებელს მიაწოდოს წესებითა და „საცალო ბაზრის წესებით“ განსაზღვრული ინფორმაცია;

ლ)  დაუყოვნებლივ აცნობოს კომისიას მიმწოდებლის მიერ განაწილების მომსახურების გადაუხდელობის შედეგად უზრუნველყოფის მოთხოვნის ან ამ პირობის დამძიმების (უზრუნველყოფის თანხის გაზრდის) შესახებ;

მ) დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება გადამცემი სისტემის ოპერატორის შეტყობინებაზე ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) შესახებ;

ნ) დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგენილი ნორმები;

ო) ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, ტექნიკური რეგლამენტისა და უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის (დარღვევების) აღმოჩენისა და ამ დარღვევის შესაძლო შედეგებზე მომხმარებელთა წერილობითი ფორმით ინფორმირების მიზნით, ამ წესების შესაბამისად, აწარმოოს მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარების, ხელსაწყოებისა და მათი ქსელთან მიერთების საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებთან, ასევე, ამ დანადგარების შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან (მათ შორის, სამონტაჟო-საექსპლუატაციო დოკუმენტაციასთან) შესაბამისობის სისტემატური შემოწმება და განახორციელოს სათანადო რეაგირება;

პ) უზრუნველყოს წესებით და ლიცენზიის პირობებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შესრულება.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, მიმწოდებლის მიერ მომარაგების დაწყების ან მომარაგების აღდგენის შესახებ, სისტემის ოპერატორს უნდა წარედგინოს წესებითა და საცალო ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით. პროცედურების დარღვევით წარდგენილი მოთხოვნის ან წესებთან შეუსაბამო მოთხოვნის შესრულება დაუშვებელია. სისტემის ოპერატორის მიერ მოთხოვნის დახარვეზვების შემთხვევაში იგი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს არგუმენტირებული პასუხი მიმწოდებელს. ასეთ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება სისტემის ოპერატორს და ის ვალდებულია დაასაბუთოს დახარვეზების მიზეზები.

6. მომხმარებელი ვალდებულია, ახალი ან გარემონტებული (შეკეთებული) გაზის ხელსაწყოების ექსპლუატაციაში გაშვებამდე უზრუნველყოს აღნიშნული გაზის ხელსაწყოების მიერთების ტექნიკური შემოწმება სისტემის ოპერატორის მეშვეობით. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მომხმარებლის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს ახალი ან გარემონტებული (შეკეთებული) გაზის ხელსაწყოების მიერთების ტექნიკური შემოწმება.

7. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ხოლო ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვალდებულია შეამოწმოს  მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარებისა და მოწყობილობების შესაბამისობა ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთა