1. სისტემის ოპერატორი შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებას ახდენს მიმწოდებლის მოთხოვნის შესაბამისად (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).
2. მიმწოდებელი განსაზღვრავს იმ პირს, რომელიც აბონენტის ნომერზე ყიდულობს და მოიხმარს ბუნებრივი გაზს (ბუნებრივი გაზის საცალო ბაზრის წესების (შემდგომში -„საცალო ბაზრის წესები“) პირობების შესაბამისად). სისტემის ოპერატორი არ არის პასუხისმგებელი მიმწოდებლის მოთხოვნით, აბონენტის ნომერზე პირის მომხმარებლად რეგისტრაციაზე. მიმწოდებელი პასუხისმგებელია, მისი მოთხოვნის შესაბამისად, პირის შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლად რეგისტრაციით, ბუნებრივი გაზის მიწოდებით წარმოქმნილ შედეგებზე, მათ შორის ამ მოთხოვნის შესრულებამდე რეგისტრირებული მომხმარებლის და მასთან გაფორმებული მიწოდების ხელშეკრულების გაუქმებაზე.
3. წესების შესაბამისად დაუშვებელია, მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება თუ უცნობია ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი. მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება უნდა მოხდეს მიმწოდებლის მითითების შესაბამისად და იგი პასუხისმგებელი არ არის მისი მოთხოვნის/მითითების შეუსაბამო ბუნებრივი გაზის მოხმარებაზე (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).
4. ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება სისტემის ოპერატორისთვის, მიმწოდებლისთვის და მომხმარებლისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს სისტემის ოპერატორის, მიმწოდებლისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს განაწილების, გატარების, მომარაგების ან/და ქსელთან მიერთების დროს.
5. წესებით დადგენილი პირობები წარმოადგენს ბუნებრივი გაზის განაწილების ან/და ქსელთან მიერთების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დაუშვებელია ხელშეკრულების მხარისთვის ისეთი ვალდებულების დაკისრება, რაც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ან დაშვებული წესებით. აღნიშნული ხელშეკრულების რომელიმე დებულების ბათილობა გავლენას არ ახდენს ხელშეკრულების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.
6. სისტემის ოპერატორის მიერ, ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირისთვის (მათ შორის მიმწოდებლისთვის ან მომხმარებლისთვის) უნდა განხორციელდეს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, განაწილების მომსახურების საჯაროდ გამოქვეყნებული ხელშეკრულების სტანდარტული პირობების გამოყენებით.
7. მომხმარებელი უფლებამოსილია უსასყიდლოდ მიიღოს ბუნებრივი გაზით მომარაგების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია და აღრიცხვის მონაცემები, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მომხმარებლის შესახებ მონაცემები მიაწოდოს მიმწოდებელს.
8. ორგანიზებულ ბაზარზე მოვაჭრე მსხვილი მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მომარაგების დაწყების/შეწყვეტის, ბუნებრივი გაზის შესყიდვის და ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე ანგარიშსწორების პირობები და პროცედურები რეგულირდება ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებითა და საცალო ბაზრის წესებით. წესების მიზნებისთვის, 35-ე მუხლში მოცემულია სპეციალური ნორმები, რომელიც არეგულირებს სისტემის ოპერატორსა და ორგანიზებულ ბაზარზე მოვაჭრე მსხვილ მომხმარებლის შორის არსებულ ურთიერთობებს.