1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია აწარმოოს ელექტროენერგიის მიღებისა და გაცემის პუნქტების აღრიცხვა და თითოეულ პუნქტს მიანიჭოს უნიკალური ნომერი. გამანაწილებელ ქსელში არსებული მიღებისა და გაცემის პუნქტების შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს ელექტროენერგიის მომარაგების ერთიან ბაზაში. ამასთან, წესების პირობების დაცვით, სისტემის ოპერატორი დამოუკიდებელია გაცემის პუნქტების აღრიცხვის, შესაბამისი ნომრის მინიჭების, ან გაუქმებასთან დაკავშირებით, იმ პირობით, რომ არ უნდა დაიკარგოს ობიექტთან მიმართებაში მომარაგების სქემისა და გაცემის პუნქტების აღრიცხვიანობის შესახებ ინფორმაცია.
2. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელში მომარაგების ერთიანი ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება ინფორმაციის სათანადოდ დამუშავებისა და შესწავლის საფუძველზე; ელექტროენერგიის მომარაგების ერთიან ბაზაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, ასევე მოცემული უნდა იყოს სრული ინფორმაცია სისტემის ოპერატორის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელი ქსელში ელექტროენერგიის მიღების, განაწილების, გატარების და მოხმარების მოცულობების შესახებ. აღნიშნული ბაზის საფუძველზე ხდება ობიექტის და მის მომარაგებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება-იდენტიფიცირება. ელექტროენერგიის მომარაგების ერთიანი ბაზა თავის მხრივ ასევე წარმოადგენს გაცემის პუნქტების რეესტრს. ელექტროენერგიის მომარაგების ერთიან ბაზაში არსებული მონაცემების მიმწოდებლისათვის ხელმისაწვდომობის პირობები მოცემულია საცალო ბაზრის წესებში.
3. ელექტროენერგიის გაცემის პუნქტს, აღრიცხვის მიზნით ენიჭება აბონენტის ნომერი, რომელიც უნდა იყოს უნიკალური და ახდენდეს გამანაწილებელი ქსელის იმ გაცემის პუნქტის იდენტიფიცირებას, საიდანაც ელექტროენერგიით მარაგდება ერთი კონკრეტული ობიექტი. ასევე გაცემის პუნქტისთვის მინიჭებულ ამ აბონენტის ნომერთან უნდა იყოს დაკავშირებული-აღრიცხული, მომარაგებული ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგებასთან დაკავშირებული ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაცია. კერძოდ:
ა) უძრავი ქონების (ობიექტის), რომლის მომარაგებაც ხდება ამ პუნქტის მეშვეობით, მისამართი და საკადასტრო კოდი (არსებობის შემთხვევაში);
ბ) უძრავი ქონების მომმარაგებელი ქსელის დამისამართება და ინდივიდუალური მრიცხველის ნომერი;
გ) მომხმარებელი (ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე ამხანაგობა), რომელიც სარგებლოს ამ ობიექტზე ელექტროენერგიის მოხმარებით და მისი საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები;
დ) გადახდაზე პასუხისმგებელი პირი, მისი საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები,ე) ელექტროენერგიის მიმწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფს ამ აბონენტის ნომერზე რეგისტრირებული მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას;
ვ) აბონენტის სტატუსი აქტიური ან არააქტიური (თუ ობიექტზე ელექტროენერგიის მოხმარება არ ხდება 6 თვის განმავლობაში);
ზ) და სხვა ინფორმაცია რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს განაწილებისა და მიწოდების საქმიანობასთან.
4. როდესაც, ობიექტის ურთიერთდაკავშირებული შიდა ქსელი მარაგდება, ორი ან ორზე მეტი გაცემის პუნქტიდან, ამ გაცემის პუნქტებს უნდა ჰქონდეთ საერთო (მომარაგებული ობიექტისთვის) და თითოეული გაცემის პუნქტის მაიდენტიფიცირებელი ნომერი, რომლის მეშვეობითაც მოხდება ამ გაცემის პუნქტის დანიშნულების (ძირითადი ან სარეზერვო) და სხვა ტექნიკური მახასიათებლების აღწერა იდენტიფიცირება.
5. გაცემის პუნქტისთვის მინიჭებული აბონენტის ნომერი უნდა შედგებოდეს ციფრებისაგან და თითოეული ციფრი შეიძლება ატარებდეს აბონენტის მომარაგების სქემის დამისამართების შესახებ ინფორმაციას. ელექტროენერგიის გაცემის პუნქტზე მინიჭებული ნომრის (აბონენტის ნომრის) შეცვლა, აღნიშნულ ნომერთან დაკავშირებული მონაცემების ცვლილების საფუძველზე, მათ შორის ობიექტის მისაერთებელი სიმძლავრის, მომხმარებლად ან მიმწოდებლად რეგისტრირებული პირის შეცვლის შემთხვევაში დაუშვებელია.
6. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მიღებისა და გაცემის პუნქტების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის ამ პუნქტების ნომრის, მომხმარებლის, მიმწოდებლების და სხვა მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაცია შეინახოს არანაკლებ 15 წლის განმავლობაში.