1. მიმწოდებელს უფლება აქვს მომხმარებელს მოსთხოვოს დეპოზიტის წარდგენა შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირი, აბონენტად დარეგისტრირდა დროებით მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების წყლით მომარაგებისთვის, მათ შორის, უძრავი ქონების ნაწილით დროებით სარგებლობისას, ასევე წესების 69-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ბ) პირი, საირიგაციო სისტემაზე დროებით მიერთდა საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ან/და სხვა მიზნების განსახორციელებლად;
გ) მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული წყლის საფასური 12-თვიანი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში;
დ) დავალიანების გადაუხდელობისათვის მომხმარებელს წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს 5-თვიანი ან მეტი უწყვეტი პერიოდით, ამ წესების პირობების შესაბამისად;
ე) წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში.
2. მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს დეპოზიტი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომხმარებელს წინასწარ ტექსტური შეტყობინებით (ბეჭდური ქვითრის შემთხვევაში, ასევე ქვითრის მეშვეობით) აცნობებს, დეპოზიტის უფლების შესაძლო გამოყენების შესახებ, კერძოდ:
ა) ვადაგადაცილებით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა აცნობოს: საფასურის ვადაგადაცილებით გადახდის ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ და ამ მომხმარებლის მიერ ბოლო 12-თვის განმავლობაში დავალიანების ვადაგადაცილებით გადახდის თარიღებზე ინფორმაციას;
ბ) დავალიანების გადაუხდელობით მომარაგება შეწყვეტილ მომხმარებელს, მომარაგების შეწყვეტიდან 3 თვის შემდეგ უნდა აცნობოს: დავალიანების 5 თვეზე მეტი პერიოდით გადაუხდელობის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ.
3. მომხმარებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეცვალოს მიმწოდებლისთვის დეპოზიტის სახით წარდგენილი თანხა საბანკო გარანტიით ან საბანკო გარანტიის სანაცვლოდ მიმწოდებელს წარუდგინოს თანხა.
4. მომხმარებლისაგან დეპოზიტის განმეორებით მოთხოვნა დაუშვებელია, თუ ამ მომხმარებლის მიერ წარდგენილი დეპოზიტი მიმწოდებლის მიერ არ იქნა მიმართული გადაუხდელი მომსახურების საფასურის ასანაზღაურებლად, ამ წესების 49-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა მომხმარებლის მიერ გადაუხდელი მომსახურების საფასური აინაზღაურა წარდგენილი დეპოზიტის მეშვეობით, იგი უფლებამოსილია მომხმარებელს ხელახლა მოსთხოვოს იმავე ოდენობის დეპოზიტი მომდევნო დარიცხვის პერიოდისთვის მომზადებულ ქვითარში ასახვის გზით. მიმწოდებელი უფლებამოსილია გადაუხდელი მომსახურების საფასურის ასანაზღაურებლად არ გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით მოთხოვნილი დეპოზიტი და მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, შეწყვეტოს ამ მომხმარებლის წყლით მომარაგება.
5. დეპოზიტის ოდენობა უნდა განისაზღვროს წყალსარგებლობის განრიგით, წყალმომარაგების პერიოდში მოხმარებული წყლის საფასურის საშუალო თვიური ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა, ხოლო საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში, არანაკლებ 15 ლარისა.
6. მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების დროებით ფლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებელს დეპოზიტი მოსთხოვოს მიწოდების დაწყებამდე, წყალსარგებლობის განრიგით, წყალმომარაგების პერიოდში, საშუალო თვიური მოხმარების პროგნოზის მიხედვით.
7. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესით გაანგარიშების შედეგად, მომხმარებელზე დარიცხული მოხმარებული წყლის საფასურის საშუალო თვიური ოდენობა შემცირებულია (დეპოზიტის მინიმალური ოდენობის გათვალისწინებით), მიმწოდებელი ვალდებულია შესაბამისად შეამციროს მოთხოვნილი დეპოზიტის ოდენობა და სხვაობა თავდაპირველად მოთხოვნილსა და შემცირებულ ოდენობას შორის, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, ასახოს მის ანგარიშზე დადებითი ბალანსის სახით ან უზრუნველყოს შესაბამისი თანხის მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა; თუ დარიცხული მოხმარებული წყლის საფასურის საშუალო ოდენობა გაზრდილია, მიმწოდებელი უფლებამოსილია, ამ წესებით დადგენილი წესით, მომხმარებელს მოსთხოვოს გაზრდილი დეპოზიტის წარდგენა.
8. დეპოზიტი 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს ან მიმწოდებელმა უარი უნდა თქვას საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებაზე, თუ:
ა) მომსახურების ხელშეკრულება ვადამდე შეწყდა ან მისი მოქმედების ვადა ამოიწურა და საბოლოო ანგარიშსწორებისას მომხმარებელმა მომსახურების საფასური სრულად დაფარა;
ბ) მომხმარებელი მომსახურების საფასურს იხდის წინსწრებით;
გ) მომხმარებელი ბოლო 12 თვის განმავლობაში მომსახურების საფასურს იხდიდა ამ წესებით დადგენილ ვადაში – თუ დეპოზიტი მოთხოვნილი იყო ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით;
დ) აღარ არსებობს დეპოზიტის მოთხოვნის ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძველი.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებლის მიერ წარდგენილი დეპოზიტი ასახოს მომხმარებლის ანგარიშზე დადებითი ბალანსის სახით, ამ წესების 49-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესით. თუ მომხმარებელი მოითხოვს დეპოზიტის დაბრუნებას საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, მიმწოდებელი ვალდებულია, აღნიშნული უზრუნველყოს მომხმარებლის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.
10. მიმწოდებელი პასუხისმგებელია ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოუყენებლობის შედეგად დამდგარ შედეგებზე. ასევე, თუ მიმწოდებელმა არ გამოიყენა ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, რის შედეგადაც ადგილი აქვს მომხმარებელზე ორი თვისა და მეტი პერიოდის განმავლობაში დავალიანების გადაუხდელობას, ამასთან, არ არსებობს ამ დავალიანების გადახდის პირობებზე შეთანხმება, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული დავალიანება უნდა გადანაწილდეს ორ კალენდარულ წელზე თანაბრად, თუ მხარეები სხვა ვადაზე არ შეთანხმდებია