1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება როგორც ცხოველის პატრონზე/მფლობელზე, ასევე იმ პირზე, რომელიც ჩადის სამართალდარღვევას, იმ შემთხვევაში, როდესაც პატრონის/მფლობელის დადგენა შეუძლებელია.
3. ამ წესის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მეთვალყურეობის გარეშე მყოფ ცხოველს, უფლებამოსილი ორგანო გადაიყვანს ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში (შემდგომში – სპეციალური ადგილი), ამ წესით დადგენილი, შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით.
4. ამ მუხლის მე-3 პუქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო
ვალდებულია გაატაროს ამ წესის მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით დადგენილი ღონისძიებები.
5. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი ცხოველი პატრონს/მფლობელს დაუბრუნდება
მხოლოდ სპეციალურ ადგილზე ცხოველის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტების უფლებამოსილ ორგანოში წარდგენის შემდეგ.
6. სპეციალურ ადგილზე ცხოველის გადაყვანის და დღიური მოვლა-პატრონობის ხარჯს განსაზღვრავს უფლებამოსილი ორგანო.
7. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი, ამ წესის შესაბამისად იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული ცხოველი პატრონს/მფლობელს დაუბრუნდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოებულ ცხოველთა ერთიან სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში ცხოველის მონაცემების შემოწმებისა და ცხოველის პატრონის/მფლობელის იდენტიფიკაციის საფუძველზე. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი ცხოველის პატრონის/მფლობელის დადგენის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია შეატყობინოს პატრონს/მფლობელს, მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ცხოველის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის ფაქტის შესახებ, ამ ფაქტის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს სამი კალენდარული დღისა.
8. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი, იდენტიფიკაციის/რეგისტრაციის გარეშე მყოფი ცხოველი ფაქტიურ პატრონს/მფლობელს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ პირი წარადგენს უფლებამოსილ ორგანოში 3 მოქალაქის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ და სანოტარო წესით დამოწმებულ ხელწერილს, რომ სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი ცხოველი წარმოადგენს მის საკუთრებას. სპეციალური ადგილიდან გაყვანამდე, იდენტიფიკაციის/რეგისტრაციის გარეშე მყოფი ცხოველი ექვემდებარება სავალდებული იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას, ამ წესის საფუძველზე საფუძველზე.
9. პატრონისთვის/მფლობელისთვის ცხოველის დაბრუნების შესახებ შედგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი და ცხოველის პატრონი/მფლობელი. მიღება-ჩაბარების აქტს თან უნდა დაერთოს ცხოველის ფოტოსურათი.
10. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და მათი შინაარსის ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ წარმომდგენს.
11. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს სპეციალურ ადგილზე ცხოველის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან.
12. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალურ ადგილზე გადაყვანიდან 10 დღის ვადაში არ დადგინდება ცხოველის პატრონი/მფლობელი ან ის არ მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი ცხოველის დაბრუნების მიზნით და არ აანაზღაურებს სპეციალურ ადგილზე ცხოველის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია რაციონალური მიზანშეწონილობის საფუძველზე მოახდინოს ცხოველის რეალიზება ელექტრონული აუქციონის (შემდგომში – აუქციონი) ფორმით, ან გაასხვისოს ცხოველი, ან გაატაროს ამ წესით დადგენილი სხვა ღონისძიებები.
13. ცხოველის რეალიზება აუქციონის ფორმით ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) ცხოველის რეალიზაციასა და აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი;
ბ) აუქციონის ფორმით ცხოველის რეალიზაციას მოახდენს უფლებამოსილი ორგანო, სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე www.eauction.ge;
გ) აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, უფლებამოსილი ორგანო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:
გ.ა) აუქციონის დაწყების და დასრულების თარიღს;
გ.ბ) სარეალიზაციო ცხოველების სახეობას, რაოდენობას, მოკლე აღწერას;
გ.გ) ცხოველის საწყის სარეალიზაციო ღირებულებას;
გ.დ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას;
გ.ე) ბიჯის სიდიდეს;
გ.ვ) საჭიროების შემთხვევაში აუქციონის ჩატარების სხვა პირობებს.
დ) იმ შემთხვევაში, თუ დადგენილია ცხოველის მესაკუთრე/მფლობელი, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია რეალიზაციას დაქვემდებარებული ცხოველის მესაკუთრეს/მფლობელს, აუქციონის დაწყებამდე 3 დღით ადრე წერილობით ან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით შეატყობინოს ელექტრონული აუქციონის დაწყების დრო;
ე) უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია აუქციონის გამოცხადებამდე მოიკვლიოს ცხოველის საბაზრო ფასი და საწყისი სარეალიზაციო ღირებულება განსაზღვროს ბაზრის კვლევით დადგენილი ოდენობის შესაბამისად;
ვ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროდ განისაზღვრება მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 45 კალენდარული დღე;
ზ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობა უნდა შეადგენდეს ცხოველის საწყისი სარეალიზაციო ღირებულების არანაკლებ 10 %-ს და არაუმეტეს 80 %-ისა;
თ) ბიჯის ოდენობა განისაზღვრება ცხოველის საწყისი სარეალიზაციო ღირებულების 5 %-ით;
ი) თუ აუქციონზე პირველად გატანისას არ განხორციელდება ცხოველის რეალიზაცია, უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას საწყისი სარეალიზაციო ღირებულების 25%-ით შემცირების თაობაზე;
კ) თუ ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ განხორციელდა ცხოველის რეალიზაცია, უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას ცხოველის საწყისი სარეალიზაციო ღირებულების 50 %-ით შემცირების თაობაზე;
ლ) თუ ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ განხორციელდა ცხოველის რეალიზაცია, უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას ცხოველის საწყისი სარეალიზაციო ღირებულების 70 %-ით შემცირების თაობაზე;
მ) თუ ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ განხორციელდა ცხოველის რეალიზაცია, უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას ცხოველის საწყისი სარეალიზაციო ღირებულების 70%-ზე მეტად შემცირებული ფასით რეალიზაციის თაობაზ