1. ანგარიშგების ფორმების ძირითადი ველები ივსება ბანკის მიერ, ხოლო ცალკეული მათგანი არის დაცული და ივსება ბანკის მიერ შევსებული ინფორმაციის საფუძველზე ავტომატურად.
2. ანგარიშგება უტყუარად და სრულად უნდა ასახავდეს მოთხოვნილ ინფორმაციას ამ წესის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდების მიხედვით.
3. ანგარიშგება უნდა მოიცავდეს კლიენტების სასარგებლოდ და კლიენტების დავალებით ნებისმიერ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციებს. უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში, ოპერაციის შესრულების თარიღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
4. ანგარიშგების არცერთ ველში არ აისახება კლიენტების მიერ/მათ სასარგებლოდ იმ კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია, სადაც ბანკი მოქმედებს როგორც ვირტუალური აქტივის მომსახურების განმახორციელებელი პირი, გარდა ამ წესის მე-15 მუხლით განსაზღვრული ფორმისა.
5. ანგარიშგების არცერთ ველში არ აისახება ერთი ბანკის ფარგლებში ერთი და იმავე კლიენტის ანგარიშებს შორის თანხების მოძრაობა, ბანკის მიერ მომსახურების გაწევის სანაცვლოდ კლიენტისგან მიღებული საკომისიოს, ასევე, ჯარიმების, საურავების და დეპოზიტზე დარიცხული სარგებლის (გარდა მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის დეპოზიტზე პროცენტის დარიცხვისა) შესახებ ინფორმაცია.
6. ანგარიშგების არცერთ ველში არ აისახება ადმინისტრაციული ორგანოების, ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდები და საყოფაცხოვრებო გადახდები, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ველებისა.
7. ანგარიშის მფლობელი კლიენტის ანგარიშზე განხორციელებული ოპერაციების მოცულობა ანგარიშდება საკრედიტო და სადებეტო ოპერაციების აბსოლუტური სიდიდეების დაჯამებით.
8. ერთი ბანკის კლიენტებს შორის ოპერაციების განხორციელებისას, ინფორმაცია აისახება ორივე მათგანის ჭრილში, გარდა იურიდიული პირის ანგარიშზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ თანხის შეტანის ოპერაციებისა, რომელიც აისახება მხოლოდ იურიდიული პირის ჭრილში.
9. თუ ანგარიშის მქონე ფიზიკური პირები ოპერაციებს ახორციელებენ პირადი საბანკო ანგარიშის გამოყენების გარეშე, მონაცემები აისახება მათ ანგარიშებზე განხორციელებულ ოპერაციებთან ერთად. ანალოგიური მიდგომა გამოიყენება ანგარიშის არმქონე პირების შემთხვევაშიც (პირად ოპერაციებთან ერთად, ასევე აისახება ანგარიშის მქონე პირების ანგარიშებზე თანხის შეტანის ოპერაციები, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული, იურიდიული პირის ანგარიშზე თანხის შეტანის ოპერაციებისა).
10. ანგარიშგებაში, მინდობილი პირის მიერ განხორციელებული ოპერაციები აისახება მხოლოდ მარწმუნებლის (ანგარიშის მფლობელის) ოპერაციების ჭრილში.
11. ანგარიშგებაში არ აისახება ინფორმაცია ანგარიშის არმქონე პირების შესახებ, რომელთაც განახორციელეს მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოების, ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდები, ასევე საყოფაცხოვრებო გადახდები.
12. ანგარიშგების მიზნებისთვის, ბანკის მიერ კლიენტის ანგარიშზე სესხის დასმის, ასევე, მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის დეპოზიტზე სარგებლის დარიცხვის ოპერაციები განიხილება ჩარიცხვის ოპერაციებად, გარდა ამ წესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
13. ანგარიშგების მიზნებისთვის, ბანკისავე თვითმომსახურების კიოსკის საშუალებით თანხის ანგარიშზე შეტანა განიხილება შემოსავლის ოპერაციად, ბანკომატის/პოს-ტერმინალის საშუალებით საგადახდო ბარათით თანხის გატანა განიხილება გასავლის ოპერაციად, ხოლო საგადახდო ბარათით თანხის გადახდის ოპერაციები განიხილება, როგორც გადარიცხვა.
14. ანგარიშგებაში არ აისახება სხვა ემიტენტის მიერ გამოცემული საგადახდო ბარათით, სხვის საკუთრებაში არსებული პოს-ტერმინალის ან ბანკომატის საშუალებით თანხის განაღდების ოპერაციების შესახებ ინფორმაცია.
15. ფულადი გზავნილის სისტემით განხორციელებული ოპერაციების შესახებ მონაცემების ასახვისას, აისახება მხოლოდ ჩარიცხული და გადარიცხული თანხების შესახებ მონაცემები.
16. ფორმებში არ აისახება ინფორმაცია ისეთი ოპერაციების შესახებ, რომელთა გაუქმებაც (უკან დაბრუნებაც) მოხდა მათი მიმღებისათვის ჩარიცხვამდე, ხოლო სწრაფი ფულადი გზავნილების შემთხვევაში, მათ განაღდებამდე (გამგზავნისათვის თანხის უკან დაბრუნებით).
17. ვალუტის ნაღდი ფორმით ყიდვა-გაყიდვის (კონვერტაციის) შემთხვევაში აისახება მხოლოდ კლიენტის მიერ შეტანილი ნაღდი ფულის ოდენობა.
18. თუ კლიენტს საანგარიშო პერიოდში რამდენჯერმე შეეცვალა რისკის დონე, ანგარიშგებაში ფიქსირდება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის მინიჭებული რისკის კატეგორიის შესაბამისად.
19. ფორმაში აღირიცხება საანგარიშო პერიოდში ათვისებული (მათ შორის, რევოლვირებადი) სესხების შესახებ ინფორმაცია და არ მოიცავს რესტრუქტურიზებულ სესხებს. სესხის რეფინანსირების შემთხვევაში, ფორმაში აისახება თანხის ის მოცულობა, რომელიც დარჩა კლიენტს ძველი სესხის ნაშთის გადაფარვის შემდგომ.
20. თუ ანგარიშის არმქონე პირმა საანგარიშო პერიოდში გახსნა პირადი ანგარიში, ანგარიშგებაში მის შესახებ ინფორმაცია აისახება როგორც ანგარიშის მქონე პირის შესახებ, ხოლო პირადი ანგარიშის გამოყენების გარეშე განხორციელებული ოპერაციები ჯამდება ანგარიშზე განხორციელებულ ოპერაციებთან.
21. თუ კლიენტმა საანგარიშო პერიოდში დახურა საბანკო ანგარიში და ოპერაციებს ახორციელებს როგორც ანგარიშის არმქონე პირი, ფორმაში მის შესახებ ინფორმაცია აისახება როგორც ანგარიშის მქონე პირის შესახებ და ჯამურად აისახება როგორც ანგარიშის საშუალებით, ასევე პირადი ანგარიშის გამოყენების გარეშე განხორციელებული ოპერაციები.
22. ანგარიშგების ფორმებში დაუშვებელია ქვეფაქტორებში მონაცემების განმეორება, გარდა ამ წესის მე-14 მუხლის 41-ე და 42-ე პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
23. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს, საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ანგარიშგებაში ფიქსირდება სხვა ქვეყნის მოქალაქედ, ხოლო თუ ორივე შემთხვევაში არის უცხო ქვეყნის მოქალაქე – იმ ქვეყნის მოქალაქედ, რომელიც მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით.
24. თუ ანგარიშს განკარგავს ერთზე მეტი პირი (ერთობლივი ანგარიში), ანგარიშგებაში ინფორმაცია აისახება ორივე კლიენტის შესახებ, ხოლო ოპერაციების შესახებ ინფორმაცია იმ კლიენტის ოპერაციების მოცულობაში, რომელიც უფრო მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით.
25. ანგარიშგების მიზნებისთვის, კლიენტის დეფინიცია არ მოიაზრებს პირებს, რომლებთანაც ბანკს აქვს დამყარებული საკორესპონდენტო ურთიერთობებ