1. საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები გამოიყენება საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ინფორმირებისთვის, მოძრაობის მიმართულებით დასახლებული პუნქტების და სხვა ობიექტების განლაგების, ასევე დადგენილი და რეკომენდებული მოძრაობის რეჟიმების შესახებ.

2. ნიშანი 7.1 „მაქსიმალური სიჩქარის ზოგადი შეზღუდვები“ გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა ინფორმირებისთვის სიჩქარის ზოგადი შეზღუდვების შესახებ, რომლებიც საქართველოს გზებზე დადგენილია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ნიშანი იდგმება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელებში საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან.

3. ნიშანი 7.2 „რეკომენდებული სიჩქარე“ გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა ინფორმირებისთვის სიჩქარის თაობაზე, რომლითაც რეკომენდებულია მოძრაობა გზის მოცემულ მონაკვეთზე და განათავსებენ გზის მონაკვეთის დასაწყისში. ნიშნის მოქმედების ზონა ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო მაფრთხილებელ ნიშანთან ერთად - სახიფათო უბნის მთელ სიგრძეზე.

4. ნიშანი 7.3.1 „მობრუნების ადგილი“ გამოიყენება მობრუნების ადგილის მისათითებლად. ნიშანს განათავსებენ გამყოფ ზოლიან გზებზე, მობრუნების ადგილის წინ გამყოფ ზოლზე, ხოლო გამყოფი ზოლის არმქონე გზებზე, მოძრაობის მოცემული მიმართულებით განაპირა მარცხენა ზოლის ზემოთ. მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის არაუმეტეს სამზოლიან გზებზე ნიშნის დადგმა დასაშვებია მარჯვენა მხარეს. ასეთ შემთხვევაში გამოიყენებენ წინასწარ ნიშანს 8.1.1 დაფით ძირითადი ნიშნიდან 100-150 მ-ის დაშორებით.

5. ნიშანი 7.4 „დგომის ადგილი“ გამოიყენება მოედნების აღნიშვნისთვის, რომლებიც განკუთვნილია სატრანსპორტო საშუალებების დგომისთვის, ხოლო 8.6.1-8.6.9 ერთ-ერთ დაფასთან ერთად ტროტუარის მიმდებარედ დგომის აღნიშვნისათვის. ტროტუარის მიმდებარედ დგომის აღმნიშვნელი ნიშნის მოქმედება ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე ან იზღუდება 8.2.1 დაფით, თუ არ არის განსაზღვრული საგზაო მონიშვნით. დასახლებული პუნქტების გარეთ, გზებზე წინასწარ ნიშანს 7.4, 8.1.1 დაფით დგამენ დგომისთვის განკუთვნილი მოედნიდან 400-800 მ. მანძილზე. ნიშანს 7.4, 8.21.1-8.21.3 დაფით დგამენ მეტროს სადგურებთან არსებული მოედნის შესასვლელებთან, აგრეთვე ავტობუსის, ტროლეიბუსის ან/და ტრამვაის გაჩერებებთან და წინასწარ 8.1.1, 8.1.3, 8.1.4, 8.3.1, 8.3.2 დაფებით, ასეთ მოედნამდე/გაჩერებამდე მიმართულების და მანძილის მისათითებლად.

6. ნიშანი 7.5 „საავარიო გაჩერების ზოლი“ გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების ინფორმირებისთვის ციცაბო დაღმართებზე საავარიო გაჩერების ზოლის არსებობის შესახებ. ნიშანს განათავსებენ საავარიო გაჩერების ზოლის შესასვლელის წინ. წინასწარი ნიშანი 7.5, დაფით 8.1.1 იდგმება დაღმართის ზედა ნაწილში 1.14 ნიშანთან ერთად. წინასწარი ნიშანი 7.5, დაფით 8.1.1, დასაშვებია დაიდგას დაღმართის მთელ სიგრძეზე.

7. ნიშნები 7.6 „ქვეითთა მიწისქვეშა გადასასვლელი“ და 7.7 „ქვეითთა მიწისზედა გადასასვლელი“ იდგმება გამოსახულებით ქვეითთა ძირითადი ნაკადის საპირისპიროდ, ქვეითთა გადასასვლელზე/გადასასვლელში, ყველა შესასვლელ-გასასვლელთან.

8. ნიშნები 7.8.1-7.8.3 „ჩიხი“ გამოიყენება გამჭოლი გასასვლელის არმქონე გზების აღსანიშნად. ნიშანი 7.8.1 იდგმება გზის დასაწყისში, ხოლო ნიშნები 7.8.2 და 7.8.3 იმ გზის გადაკვეთის წინ, რომელსაც არ აქვს გამჭოლი გასასვლელი. ნიშნები 7.8.1-7.8.3 არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც გზაჯვარედინებს შორის გზის უბანზე მოძრაობა აკრძალულია ნიშნებით 3.1 ან 3.2.

9. ნიშანი 7.9.1 „მიმართულებათა წინასწარი მაჩვენებელი“ გამოიყენება დასახლებული პუნქტებისა და სხვა ობიექტებისკენ მოძრაობის მიმართულების შესახებ წინასწარი ინფორმირებისთვის. ნიშანი გამოიყენება აგრეთვე გზების იმ უბნების შემოვლის მარშრუტის მისათითებლად, რომლებზეც ნიშნებით 3.11-3.15 შემოღებულია შესაბამისი შეზღუდვები. ნიშანს განათავსებენ დასახლებული პუნქტების გარეთ 300-500 მ-ის დაშორებით გადაკვეთის ან დამუხრუჭების ზოლის დასაწყისის წინ, ხოლო დასახლებულ პუნქტებში 50-100 მ-ის დაშორებით. ავტომაგისტრალებზე წინასწარ ნიშანს 7.9.1 დგამენ გადაკვეთის ან დამუხრუჭების ზოლის დასაწყისის წინ 800-1000 მ-ის დაშორებით. ნიშნის დადგმა დასაშვებია სავალი ნაწილის ზევით ან/და გამყოფ ზოლზე.

10. ნიშანი 7.9.2 „მიმართულების წინასწარი მაჩვენებელი“ გამოიყენება დასახლებული პუნქტებისა და სხვა ობიექტებისკენ მოძრაობის მიმართულების შესახებ წინასწარი ინფორმირებისთვის. ნიშანს განათავსებენ ორი ან მეტზოლიანი გზის სავალი ნაწილის ზემოთ, უშუალოდ დამუხრუჭების ზოლის დასაწყისის წინ, ხოლო თუ ის არ არსებობს, მაშინ გზაჯვარედინის წინ, დაუსახლებელ პუნქტებში 100-300 მ-ის დაშორებით, ხოლო დასახლებულ პუნქტებში 50-100 მ-ის დაშორებით. ნიშანი 7.9.2 იდგმება 7.9.1 ნიშნის მაგივრად და შემდეგი პირობებით:

ა) გზის მონაკვეთებზე, სადაც 7.9.1 ნიშნის განთავსება გართულებულია (მაღალი ნაყარი, ღრმა თხრილები, ნაგებობების არსებობა და ა.შ.);

ბ) გზაჯვარედინის წინ, სადაც სატრანსპორტო ნაკადების გადანაწილება პირდაპირ, მარცხნივ და მარჯვნივ ხდება ცალკეულ მოძრაობის ზოლებზე. ამასთან, გადაკვეთაზე ყოველი შესაძლო მოძრაობის მიმართულებისთვის რეკომენდებულია გამოყენებულ იქნეს დამოუკიდებელი 7.9.2 ნიშანი, რომელსაც განათავსებენ შესაბამისი მოძრაობის ზოლის ზემოთ;

გ) იმ გზებზე, რომლებსაც მოცემული მიმართულებით აქვთ ოთხი ან მეტი მოძრაობის ზოლი განათავსებენ შესაბამისი ზოლების ზემოთ;

დ) ორივე მიმართულებით მოძრაობის ორ ან სამზოლიან გზებზე 7.9.2 ნიშნების განთავსება დასაშვებია ერთმანეთზე მიყოლებით, მათ შორის ვერტიკალურად, არანაკლებ 0.05 მ-ის დაშორებით. თუ გზაჯვარედინის წინ განთავსებულია 7.9.1 და 7.9.2 ნიშნები, მათ შორის მანძილი არ უნდა იყოს 200 მ-ზე ნაკლები. სხვადასხვა დონეზე გადაკვეთისას 7.9.2 ნიშანს დგამენ ყველა განშტოების წინ, ხოლო თუ მარშრუტი გადის გზაგამტარის ქვეშ ამ მაჩვენებელს განათავსებენ გზაგამტარის მალაზე.

11. ნიშანი 7.9.3 „მოძრაობის სქემა“ გამოიყენება შემოვლის მარშრუტის მისათითებლად, თუ გზაჯვარედინზე მოძრაობა ცალკეული მიმართულებით აკრძალულია ან რთული დაგეგმარების გზაჯვარედინებზე მოძრაობის ნებადართული მიმართულების მისათითებლად. ნიშანი იდგმება უშუალოდ გზაჯვარედინის წინ. წინასწარი ნიშნის 7.9.3 დადგმა დასაშვებია დასახლებულ პუნქტებში გზაჯვარედინიდან 50-100 მ-ის დაშორებით, ხოლო დასახლებული პუნქტების გარეთ გზაჯვარედინიდან 150-300 მ. მანძილზე.

12. ნიშნები 7.10.1 „მიმართულებების მაჩვენებელი“ და 7.10.2 „მიმართულების მაჩვენებელი“ გამოიყენება დასახლებული პუნქტებისა და სხვა ობიექტებისკენ მოძრაობის მიმართულების მითითებისთვის და განათავსებენ სავალი ნაწილის მარჯვნივ, უშუალოდ გზაჯვარედინის ან განშტოების წინ, დამუხრუჭების ზოლის არსებობისას - მასზე გადასვლის დასაწყისთან. გზაჯვარედინებზე, სადაც ყოველ გადამკვეთ გზას აქვს ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის არაუმეტეს ორი ზოლი, დასაშვებია ნიშნები დაიდგას გზის მარცხენა მხარეს გზაჯვარედინამდე ან მის შემდეგ. დასაშვებია რამდენიმე ნიშნის ან ყველა 7.10.1 და 7.10.2 ნიშნის ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით ერთ დგარზე განთავსება.

13. 7.10.1 და 7.10.2 ნიშნების დუბლირებები, რომლებიც მიუთითებენ მარცხნივ მოძრაობის მიმართულებას, დასაშვებია მოხდეს მოცემული მიმართულებით სამ და მეტზოლიან გზებზე, სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს ან გამყოფ ზოლზე (შემაღლებულ მიმმართველ კუნძულზე), თუ ნიშნები არ შეზღუდავენ სატრანსპორტო საშუალებების ხილვადობას გზაჯვარედინზე.

14. „T“-სებურ გადაკვეთაზე 7.10.1 და 7.10.2 ნიშნების დადგმა დასაშვებია იმ გზის საპირისპიროდ, რომელსაც არ აქვს გაგრძელება. გზების განშტოებებზე 7.10.1 ნიშნის განთავსება დასაშვებია განშტოების შემდეგ დადგმულ „T“-სებურ საყრდენზე. ნიშანს 7.10.2 დგამენ რთული დაგეგმარების გზაჯვარედინის შემდეგ მარშრუტზე მოძრაობის დასამოწმებლად. ნიშნის 7.10.1 დადგმა დასაშვებია დასახლებულ პუნქტებში 7.9.1 ან 7.9.2 ნიშნის მაგივრად, ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად.

15. ნიშანი 7.11 „ობიექტის დასახელება“ გამოიყენება დასახლებული პუნქტისაგან განსხვავებული ობიექტის დასახელების მითითებისთვის და განათავსებენ უშუალოდ ობიექტის წინ.

16. ნიშანი 7.12 „მანძილის მაჩვენებელი“ გამოიყენება მარშრუტზე მდებარე დასახლებულ პუნქტამდე და სხვა ობიექტებამდე მანძილის მისათითებლად. დასახლებული პუნქტების გარეთ გზებზე ნიშანს განათავსებენ ქალაქებიდან და მსხვილი დასახლებული პუნქტებიდან გამოსასვლელების, სხვადასხვა დონეზე გადაკვეთების შემდეგ, რთული გზაჯვარედინების შემდეგ, ხოლო დასახლებულ პუნქტებს შორის გზების მონაკვეთებზე არაუმეტეს ყოველი 20 კმ-ის შემდეგ. დასახლებულ პუნქტებში ნიშანს განათავსებენ მაგისტრალური გზების გადაკვეთის შემდეგ. იმ გზებზე, რომლებსაც აქვთ ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის არაუმეტეს სამი ზოლი, 7.12 ნიშნის განთავსება დასაშვებია მარცხნივ, 7.9.1 ნიშნის უკანა მხარეს.

17. ნიშანი 7.13 „საკილომეტრო ნიშანი“ გამოიყენება მისი დადგმის ადგილიდან გზის დასაწყისამდე ან ბოლომდე მანძილის მისათითებლად და დგამენ ყოველი 1 კმ-ის შემდეგ. გამყოფზოლიან გზაზე ნიშანს განათავსებენ გამყოფი ზოლის შუაში ან გზის მარჯვენა მხარეს მოძრაობის ყოველი მიმართულებისთვის. გზებზე სავალი ნაწილის ღერძზე შემოღობვის არსებობის შემთხვევაში, ნიშანი იდგმება გზის შუაში შემოღობვის შიგნით ან გზის მარჯვენა მხარეს მოძრაობის ყოველი მიმართულებისთვის. გზებზე გამყოფი ზოლის გარეშე, ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის, ხუთი და მეტი ზოლის არსებობის შემთხვევაში, ნიშანს განათავსებენ გზის მარჯვენა მხარეს მოძრაობის ყოველი მიმართულებისთვის. გზებზე გამყოფი ზოლის გარეშე, ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის, ოთხი და ნაკლები ზოლის არსებობის შემთხვევაში ნიშანს განათავსებენ გზის მხოლოდ ერთ მხარეს. დასაშვებია ერთ საყრდენზე ორი 7.13 ნიშნის დადგმა, რომლებიც განკუთვნილია მოძრაობის სხვადასხვა მიმართულებისთვის, ამასთან მათ განათავსებენ ერთმანეთისკენ საპირისპირო მხარეებით ან არაუმეტეს 600-იანი კუთხით.

18. ნიშნები 7.14.1 და 7.14.2 „მარშრუტის ნომერი“ გამოიყენება დადგენილი წესით დამტკიცებული გზის (მარშრუტის) ნომრისა და მიმართულების მისათითებლად. ნიშანს 7.14.1 განათავსებენ გზის (მარშრუტის) დასაწყისში და იმეორებენ ყოველი 10-15 კმ-ის შემდეგ. ნიშანს 7.14.2 განათავსებენ გზაჯვარედინის წინ მიმართულებისა და გზის (მარშრუტის) ნომრის მისათითებლად, აგრეთვე გადასაკვეთ გზაზე გზის (მარშრუტის) ნომრის მისათითებლად, თუ გზაჯვარედინის წინ დადგმული არ არის ნიშნები 7.9.1, 7.9.2, 7.10.1, 7.10.2.

19. ნიშნები 7.15.1-7.15.3 „სატვირთო ავტომობილით მოძრაობის მიმართულება“ გამოიყენება სატვირთო ავტომობილებისათვის, ტრაქტორებისა და თვითმავალი მანქანებისათვის მოძრაობის რეკომენდებული მარშრუტის მისათითებლად, იმ შემთხვევაში თუ გზაჯვარედინზე ერთ-ერთი მიმართულებით მათი მოძრაობა აკრძალულია. ნიშნებს განათავსებენ გზაჯვარედინის წინ რეკომენდებული მარშრუტის დასაწყისში და მარშრუტის მთელ სიგრძეზე ყველა გზაჯვარედინის წინ. გზაჯვარედინის წინ, სადაც იწყება მარშრუტი, ნიშნები დასაშვებია დაიდგას გზაჯვარედინამდე 100-150 მ-ის დაშორებით.

20. ნიშანი 7.16 „სდექ“ ხაზი“ გამოიყენება რეგულირებად გზაჯვარედინებსა და არარეგულირებად სარკინიგზო გადასასვლელზე სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების ადგილის მისანიშნებლად. ნიშანს განათავსებენ გზის მარჯვენა მხარეს ან სავალი ნაწილის ზემოთ. ნიშნის დადგმა დასაშვებია მოძრაობის ყოველი ზოლის ზემოთ. თუ ნიშანს იყენებენ დამოუკიდებლად (1.12 მონიშვნის გარეშე), მაშინ მანძილი ნიშნიდან შუქნიშნამდე, შლაგბაუმამდე ან პირველ რელსამდე განსაზღვრება ამ რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად. ნიშნის გამოყენება დასაშვებია 1.12 მონიშვნის დუბლირებისათვის, რა შემთხვევაშიც მას განათავსებენ მონიშვნასთან ერთად.

21. ნიშანი 7.17 „შემოვლის სქემა“ გამოიყენება დროებით დაკეტილი გზის მონაკვეთის შემოვლის მარშრუტის მისათითებლად. ნიშანს განათავსებენ დასახლებული პუნქტების გარეთ 150-300 მ-ის, ხოლო დასახლებულ პუნქტებში 50-100 მ-ის დაშორებით გზაჯვარედინიდან, სადაც იწყება შემოვლის მარშრუტი.

22. ნიშნები 7.18.1-7.18.3 „შემოვლის მიმართულება“ გამოიყენება მოძრაობისათვის დროებით დაკეტილი გზის მონაკვეთის შემოვლის მოძრაობის მარშრუტის მისათითებლად. ნიშნებს განათავსებენ გზაჯვარედინის წინ, სადაც შემოვლის მარშრუტი იწყება. თუ შემოვლის მარშრუტი გადის არსებული გზების ქსელზე, მაშინ ნიშნებს განათავსებენ მარშრუტზე ყოველი გზაჯვარედინის წინ.

23. ნიშნები 7.19.1 და 7.19.2 „სხვა სავალ ნაწილზე გადაადგილების წინასწარი მაჩვენებელი“ გამოიყენება მოძრაობისათვის დაკეტილი სავალი ნაწილის მონაკვეთის შემოვლის მიმართულების მისათითებლად, გზაზე რომელსაც აქვს გამყოფი ზოლი და მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილ მარჯვენა სავალ ნაწილზე დასაბრუნებლად მიმართულების მისათითებლად. ნიშანს 7.19.1, 8.1.1 დაფით განათავსებენ 50-100 მ. მანძილის დაშორებით, ხოლო დასახლებული პუნქტების გარეთ - ასევე წინასწარ 500 მ. მანძილზე გამყოფი ზოლის წყვეტამდე, რომელზედაც ხორციელდება გადასვლა შემხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილ სავალ ნაწილზე. ნიშანს 7.19.2, 8.1.1 დაფით დგამენ გამყოფ ზოლზე 50-დან 100 მ-მდე მანძილზე იმ წყვეტამდე, რომლებზედაც ხორციელდება მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილ სავალ ნაწილზე გადასვლა.

24. ნიშანი 7.20.1 „ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილი“ − ადგილი, რომელიც განკუთვნილია ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვისთვის. ნიშნის მოქმედების ზონა საგზაო მონიშვნით განისაზღვრება.

25. ნიშანი 7.20.2 „საცნობი ნიშნის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ მქონე სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილი“ − ადგილი, რომელიც განკუთვნილია საცნობი ნიშნის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ მქონე სატრანსპორტო საშუალების დგომისთვის. ნიშნის მოქმედების ზონა საგზაო მონიშვნით განისაზღვრება. ეს ადგილი შეიძლება აღინიშნოს აგრეთვე 7.4 ნიშნითა და 8.17 დაფით.

26. ნიშანი 7.20.3 „ტურისტული მარშრუტისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილი“ − ადგილი, რომელიც განკუთვნილია ტურისტული მარშრუტისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დგომისთვის. ნიშნის მოქმედების ზონა საგზაო მონიშვნით განისაზღვრება.

27. ნიშანი 7.20.4 „ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილი“ − ადგილი, რომელიც განკუთვნილია ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დგომისთვის. ნიშნის მოქმედების ზონა საგზაო მონიშვნით განისაზღვრება.

28. ნიშანი 7.20.5 „ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის დგომის ადგილი“ − ადგილი, რომელიც განკუთვნილია ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის დგომისთვის. ნიშნის მოქმედების ზონა საგზაო მონიშვნით განისაზღვრებ