1. ამკრძალავი ნიშნები გამოიყენება მოძრაობის შეზღუდვების შემოსატანად ან მათ გასაუქმებლად და დგამენ ამ რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-9-მე-12 პუნქტების მიხედვით.

2. ნიშანი 3.1 „შესვლა აკრძალულია“ იდგმება:

ა) ცალმხრივმოძრაობიანი გზის სავალ ნაწილებზე ან მონაკვეთებზე შემხვედრი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ასაკრძალად. ასევე, რამდენიმე სავალნაწილიან გზებზე, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია ბულვარით ან გამყოფი ზოლით. ნიშანი იდგმება ცალმხრივმოძრაობიანი ყოველი სავალი ნაწილისთვის;

ბ) 5.11 ნიშნით აღნიშულ გზებზე შემხვედრ საერთო ნაკადში, სატრანსპორტო საშუალებების შესვლის თავიდან აცილებისთვის;

გ) სატრანსპორტო საშუალებების გასაჩერებელ მოედნებზე, დასასვენებელ ადგილებში, ავტოგასამართ სადგურებში და ა.შ. შესვლისა და გამოსვლის ორგანიზებისთვის;

დ) მოძრაობის ცალკეულ ზოლზე ან გზის ცალკეულ მონაკვეთზე შესვლის ასაკრძალად.

3. ცალკეულ ზოლზე შესვლის ასაკრძალად ნიშანი იდგმება 8.14 დაფასთან ერთად.

4. სხვადასხვა დონეზე გადაკვეთების ერთზოლიან ჩამოსასვლელზე, სადაც ხორციელდება ცალმხრივი მოძრაობა, ნიშანი დასაშვებია განთავსდეს მარცხენა მხარეს.

5. თუ ძირითადი ნიშანი დადგმულია გზის მონაკვეთზე გზაჯვარედინებს შორის გზის მონაკვეთის დასაწყისში, ამ შემთხვევაში განათავსებენ წინასწარ ნიშანს 3.1, 8.1.1 დაფით.

6. არ დაიშვება ნიშნის 3.1 გამოყენება დაფით 8.3.1-8.3.3 და 8.4.1-8.4.8.

7. ნიშანი 3.2 „მოძრაობა აკრძალულია“ გამოიყენება გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ასაკრძალად.

8. ნიშანი 3.3 „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია“ გამოიყენება ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ასაკრძალად.

9. ნიშანი 3.4 „სატვირთო მოძრაობა აკრძალულია“ კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებისა და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობის მოძრაობას, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3,5 ტონას (თუ ნიშანზე მასა მითითებული არ არის).

10. ნიშნის 3.4 მოქმედება არ ვრცელდება ხალხის გადასაყვანად განკუთვნილ ავტომობილებზე.

11. ნიშანი 3.5 „მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულია“ გამოიყენება მოტოციკლების მოძრაობის ასაკრძალად, ნიშანი 3.6 „ტრაქტორით მოძრაობა აკრძალულია“ - ტრაქტორებისა და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანების მოძრაობის ასაკრძალად, ნიშანი 3.7 „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია“ - ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელიანი ტრაქტორების მოძრაობის ასაკრძალად, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ყველანაირი ბუქსირების ასაკრძალად, ნიშანი 3.8 „საჭაპანო ტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია“ - ყველა სახის საჭაპანო ტრანსპორტის, სასაპალნე და დასაჯდომი (უნაგირიანი) ცხოველების მოძრაობის, აგრეთვე პირუტყვის გადარეკვის ასაკრძალად, ნიშანი 3.9 „ველოსიპედით მოძრაობა აკრძალულია“ - ველოსიპედებისა და მოპედების მოძრაობის ასაკრძალად.

12. ნიშანი 3.10 „ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია“ იდგმება ადგილებში, სადაც ქვეითთა მოძრაობა დაუშვებელია მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე (ხელოვნური ნაგებობები, გზები ტროტუარის გარეშე, სარემონტო უბნები და ა.შ.). ნიშანი გზის იმ მხარეს იდგმება, რომელზეც წესდება აკრძალვა.

13. ნიშნის გამოყენება დასაშვებია რეგულირებად გზაჯვარედინებზე გადასვლის ასაკრძალად, სადაც ქვეითთა მოძრაობა რომელიმე მიმართულებით აკრძალულია. ნიშანი იდგმება ტროტუარის ნაპირზე, წინა მხრით მიმართული იმ ქვეითებისკენ, რომელთა მოძრაობაც აკრძალულია.

14. ნიშანთა 3.1-3.10 მოქმედება განისაზღვრება ამ მუხლის 46-ე-53-ე პუნქტების მიხედვით.

15. ნიშანი 3.11 „მასის შეზღუდვა“ გამოიყენება იმ სატრანსპორტო საშუალებათა და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობის მოძრაობის ასაკრძალად, რომელთა საერთო ფაქტობრივი მასა აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.

16. ხიდური ნაგებობების (ხიდები, გზაგამტარები და ა.შ.) წინ დაყენებულ 3.11 ნიშანზე მითითებული დასაშვები მასის მნიშვნელობა განისაზღვრება ნაგებობების, მოწყობილობების ტვირთამწეობის გათვალისწინებით, სპეციალური გამოკვლევებისა და ცდების შედეგების შესაბამისად.

17. ნიშანი 3.12 „ღერძზე დატვირთვის შეზღუდვა“ გამოიყენება იმ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის ასაკრძალად, რომელთა ფაქტობრივი დატვირთვა რომელიმე ღერძზე, ნიშანზე აღნიშნულს აღემატება.

18. ნიშანი 3.12 დამატებითი დაფით 8.20.1 ან 8.20.2 გამოიყენება იმ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ასაკრძალად, რომელთა ფაქტობრივი მასა საწევრის ნებისმიერ ღერძზე მოსული მეტია ნიშანზე აღნიშნულზე.

19. ნიშანზე მითითებული დაშვებული მასის მნიშვნელობას განსაზღვრავენ ხელოვნური ნაგებობების ელემენტებისა და გზების საფარის ფაქტობრივი მზიდუნარიანობის მიხედვით, მოცემული პერიოდისათვის გამოკვლევების შედეგებით.

20. ნიშანი 3.13 „სიმაღლის შეზღუდვა“ გამოიყენება იმ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის ასაკრძალად, რომელთა გაბარიტული სიმაღლე (ტვირთით ან ტვირთის გარეშე) ნიშანზე აღნიშნულს აღემატება.

21. ნიშანს დგამენ იმ შემთხვევაში, თუ გზის საფარის ზედაპირიდან ხელოვნური ნაგებობების, საინჟინრო კომუნიკაციების და ა.შ. ქვედა წერტილამდე მანძილი 5 მ-ზე ნაკლებია.

22. ნიშანზე მითითებული სიმაღლე, საინჟინრო კომუნიკაციებისათვის უნდა იყოს ფაქტობრივზე 0.2-0.4 მ-ზე ნაკლები, ხოლო გზაგამტარებისთვის სადაც გადის საავტომობილო და რკინიგზის გზები 0.3–0.4 მ-ზე ნაკლები. ფაქტობრივ და ნიშანზე მითითებულ სიმაღლეს შორის სხვაობის გაზრდა დასაშვებია გზის საფარის მდგომარეობის მიხედვით.

23. ნიშანი 3.13 დასაშვებია განმეორებით დაიდგას ხელოვნურ ნაგებობებზე, ხოლო მათ წინ გაბარიტიანი ჭიშკრის არსებობისას – ჭიშკარზე.

24. ნიშანი 3.14 „სიგანის შეზღუდვა“ გამოიყენება იმ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის ასაკრძალად, რომელთა გაბარიტული სიგანე (ტვირთით ან ტვირთის გარეშე) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. ნიშანს დგამენ შესასვლელის წინ, თუ მისი სიგანე გვირაბში, ხიდური ნაგებობების საყრდენებს შორის და ა.შ. 3.5 მ-ზე ნაკლებია. ნიშანზე მითითებული სიგანე უნდა იყოს ფაქტობრივზე 0.2 მ-ით ნაკლები. ნიშანი 3.14 დასაშვებია განმეორებით დაიდგას ხიდის მალაზე ან ხელოვნური ნაგებობების საყრდენზე.

25. ნიშანი 3.15 „სიგრძის შეზღუდვა“ გამოიყენება იმ სატრანსპორტო საშუალებათა და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობის მოძრაობის ასაკრძალად, რომელთა გაბარიტული სიგრძე (ტვირთით ან ტვირთის გარეშე) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. როგორც წესი, ნიშანი გამოიყენება ვიწროსავალიანი გზის მონაკვეთზე, მჭიდრო დასახლებებში, მკვეთრ მოსახვევიან გზებზე და ა.შ., სადაც მოძრაობა ან შემხვედრი სატრანსპორტო საშუალებების აქცევა გაძნელებულია.

26. წინასწარი ნიშნები 3.11-3.15, 8.1.1 დაფით იდგმება გზაჯვარედინების შემდეგ, გზის მონაკვეთის დასაწყისში, რომელზეც ძირითადი ნიშნებით 3.11-3.15 დადგენილია შესაბამისი შეზღუდვები.

27. ნიშანი 3.16 „მინიმალური დისტანციის შეზღუდვა“ გამოიყენება ნიშანზე აღნიშნულ მანძილზე ნაკლები დისტანციით მოძრაობის ასაკრძალად (შეზღუდული ტვირთამწეობის ხიდურ ნაგებობებზე, ყინულოვან გადასასვლელებზე, გვირაბებში და ა.შ.).

28. ნიშანი 3.17.1 „საბაჟო გამშვები პუნქტი“ გამოიყენება საბაჟო გამშვებ პუნქტთან (საბაჟო კონტროლის ზონა) გაუჩერებლად გავლის ასაკრძალად.

29. წინასწარი ნიშანი 3.17.1 დაფით 8.1.1 იდგმება საკონტროლო პუნქტამდე 500 მ. მანძილზე.

30. ნიშანი 3.17.2 „საფრთხე“ გამოიყენება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ასაკრძალად გზის უბანზე, სადაც მოხდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, ავარია ან არსებობს მოძრაობისათვის სხვა საშიშროება, რომლებიც მოითხოვენ მოძრაობის ორგანიზაციის დროებით ოპერატიულ ცვლილებებს.

31. ნიშანი 3.17.3 „კონტროლი“ გამოიყენება საკონტროლო პუნქტთან (პოლიციის ან საკარანტინო საგუშაგოსთან, სასაზღვრო ან დახურულ ზონაში შესასვლელთან, ფასიან გზებზე გასვლისათვის საფასურის გადახდის პუნქტებთან და ა.შ.) გაჩერების გარეშე გავლის ასაკრძალად. პოლიციის და საკარანტინო საგუშაგოზე ნიშანს აყენებენ ოპერატიული ღონისძიებისათვის საჭირო დროით.

32. ნიშნები 3.18.1 „მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია“ და 3.18.2 „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია“ გამოიყენება სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე ნიშანზე აღნიშნული მიმართულებით მოხვევის ასაკრძალად. ნიშნები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მოძრაობის აუცილებელი წესრიგის უზრუნველყოფა შეუძლებელია ნიშნებით 4.1.1-4.1.6 ან 5.15.1, 5.15.2.

33. ნიშანი 3.19 „მობრუნება აკრძალულია” იდგმება გზაჯვარედინის წინ, სადაც ეს მანევრი საშიშროებას უქმნის სხვა სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობას. ნიშანს არ იყენებენ გზის მონაკვეთებზე გზაჯვარედინებს შორის გამყოფი ზოლების წყვეტაში მობრუნების ასაკრძალად. ორ ან მეტზოლიან გზებზე მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის ძირითადი ნიშანი 3.18.2 და 3.19 იდგმება მარცხენა ზოლის ზემოთ, ხოლო გზებზე გამყოფი ზოლით - გამყოფ ზოლზე. გზებზე გამყოფი ზოლის გარეშე, როცა შემხვედრი მოძრაობისათვის არაუმეტეს ორი ზოლია, დაშვებულია ნიშნის დუბლირება გზის მარცხენა მხარეს.

34. ნიშნებს 3.20 „გასწრება აკრძალულია“ და 3.22 „სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია“ იყენებენ ყველა სატრანსპორტო საშუალებების გასწრების ასაკრძალად. ნიშანი 3.20 კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით გასწრებას, ხოლო ნიშანი 3.22 სატვირთო ავტომობილებით გასწრებას, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება. ნიშნებს 3.20 და 3.22 აყენებენ 8.5.4-8.5.7 დაფიდან ერთ-ერთით, სამ ან ნაკლებზოლიან მოძრაობიან გზებზე, ორივე მიმართულებით შემხვედრ და თანმხვედრ სატრანსპორტო საშუალებებთან შეჯახების მომატებული საშიშროების შემთხვევაში, მოძრაობის ინტენსივობის, სავალი ნაწილის სიგანისა და მდგომარეობის გათვალისწინებით. ნიშანს 3.20 აყენებენ გზის მონაკვეთებზე, სადაც შემხვედრი ავტომობილის ხილვადობა უზრუნველყოფილი არ არის (ცხრილი №3). ამ შემთხვევაში ნიშნის მოქმედების ზონა სახიფათო უბნის სიგრძით განისაზღვრება.

35. ნიშანი 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ გამოიყენება ყველა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ასაკრძალად, რომელთა სიჩქარე ნიშანზე აღნიშნულს აღემატება და რომლის შემოღებაც მოცემულ უბანზე წარმოადგენს აუცილებლობას. გზის საშიშ მონაკვეთებზე (მკვეთრი მოსახვევი, შემხვედრი ავტომობილების გაძნელებული ხილვადობა, გზის შევიწროება და ა.შ.) მოძრაობის სიჩქარის შეზღუდვისას ნიშნის მოქმედების ზონა უნდა შეესაბამებოდეს საშიში მონაკვეთის სიგრძეს. თუ მოცემულ მონაკვეთებზე წესდება მაქსიმალური სიჩქარე, რომელიც 20 კმ/სთ-ით და მეტით განსხვავდება წინა მონაკვეთზე მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარისაგან, გამოიყენებენ სიჩქარის საფეხურებრივ შეზღუდვას, არაუმეტეს 20 კმ/სთ-ში ბიჯით, 3.24 ნიშნის ერთმანეთისაგან თანმიმდევრობით 100-150 მეტრის დაშორებით დადგმის გზით. სიჩქარის საფეხურებრივი შეზღუდვა დასაშვებია არ იქნეს გამოყენებული დასახლებული პუნქტების წინ, რომელიც აღნიშნულია 5.23.1 ან 5.23.2 ნიშნებით, იმ შემთხვევაში, თუ ნიშნის ხილვადობის მანძილი 150 მ-ზე მეტია. ნიშანს 3.24, 8.2.1 დაფით ხელოვნური უსწორმასწორობის წინ დგამენ 3.20 ნიშანთან ერთად, ერთ საყრდენზე. ნიშანზე მითითებული სიჩქარე უნდა შეესაბამებოდეს უსწორმასწორობის კონსტრუქციას.

36. ნიშნები 3.21 „გასწრების აკრძალვის დასასრული“, 3.23 „სატვირთო ავტომობილით გასწრების აკრძალვის დასასრული“ და 3.25 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის დასასრული“ გამოიყენება გზის მონაკვეთის დასასრულის აღსანიშნად, რომელზეც შემოღებული იყო მოძრაობის აკრძალვები შესაბამისი ნიშნებით 3.20, 3.22 და 3.24, თუ არ არსებობს მათი მოქმედების გავრცელების აუცილებლობა მოძრაობის მიმართულებით უახლოეს გზაჯვარედინამდე ან დასახლებული პუნქტის ბოლომდე, ხოლო ნიშნისთვის 3.24 კი დასახლებული პუნქტის დასაწყისამდე, რომელიც აღნიშნულია ნიშნებით 5.23.1 ან 5.23.2.

37. ნიშანი 3.26 „ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია“ გამოიყენება ხმოვანი სიგნალით სარგებლობის ასაკრძალად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. ნიშანი განთავსდება დასახლებულ პუნქტებში, რომლებიც აღნიშნულია ნიშნებით 5.23.1, 5.23.2, ასევე გზის მონაკვეთებზე, რომლებიც უშუალოდ სანატორიუმებთან, დასასვენებელ სახლებთან, გამაჯანსაღებელ ბანაკებთან, საავადმყოფოებთან და ა.შ. სიახლოვეს გადიან.

38. ნიშანი 3.27 „გაჩერება აკრძალულია“ გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების და დგომის ასაკრძალად.

39. ნიშნები 3.28 „დგომა აკრძალულია“, 3.29 „დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში“, 3.30 „დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში“ გამოიყენება დგომის ასაკრძალად, მათ შორის, ნიშანი 3.29 თვის კენტ რიცხვებში დგომის ასაკრძალად, ხოლო ნიშანი 3.30 თვის ლუწ რიცხვებში დგომის ასაკრძალად.

40. ნიშნები 3.27-3.30 იდგმება გზის იმ მხარეს, სადაც შემოდის აკრძალვა. ნიშნების 3.29 და 3.30 ერთდროულად გამოყენებისას სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეებზე 19 სთ-დან 21 სთ-მდე (გადაადგილების დრო) დგომა ნებადართულია სავალი ნაწილის ორივე მხარეს. გაჩერების ან დგომის ასაკრძალად მოედნის ერთ მხარეს, შენობის ფასადის და ა.შ. გასწვრივ, ნიშნები 3.27-3.30, 8.2.5 და 8.2.6 დაფებიდან ერთ-ერთთან ან ორივესთან ერთად დასაშვებია დაიდგას მოედანზე შესასვლელის, შენობასთან მისასვლელისა და ა.შ. საპირისპიროდ, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისაკენ წინა მხრით. დასახლებულ პუნქტებში ნიშნები 3.27-3.30 დიამეტრით 250 მმ. (8.2.2-8.2.4 დაფის გარეშე), ადრე შემოტანილი შეზღუდვების დასადასტურებლად დასაშვებია განმეორებით დაიდგას მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსასვლელების შემდეგ, რომელთა ნიშნები სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიერ შესაძლებელია არაერთმნიშვნელოვნად იქნეს ამოცნობილი.

41. ნიშანი 3.31 „ყველა შეზღუდვის ზონის დასასრული“ გამოიყენება გზის მონაკვეთის დასასრულის მისათითებლად, რომელზედაც შემოღებული იყო ერთდროულად რამდენიმე შეზღუდვა ნიშნებით 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26-3.30, იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს შეზღუდვების მოქმედების გავრცელების აუცილებლობა უახლოეს გზაჯვარედინამდე ან დასახლებული პუნქტის დასასრულამდე.

42. ნიშანი 3.32 „სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია“ გამოიყენება საშიში ტვირთების გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ასაკრძალად, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა იყოს აღნიშნული საცნობი ნიშნით ,,სახიფათო ტვირთი“.

43. ნიშანი 3.33 „ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია“ გამოიყენება იმ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ასაკრძალად, რომლებიც ახორციელებენ ფეთქებადი ნივთიერებებისა და ნაკეთობების, აგრეთვე სხვა ისეთი ტვირთის გადაზიდვას, რომლებიც ექვემდებარება მარკირებას, როგორც ადვილად აალებადი, ისეთი რაოდენობით, რომლებზედაც ვრცელდება სპეციალური წესები.

44. ნიშნები 3.32 და 3.33 გამოიყენება სახიფათო, ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთიანი სატრანსპორტო საშუალებების მათთვის განკუთვნილი მარშრუტიდან გადახვევის თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე მითითებული სატრანსპორტო საშუალებების ისეთ გზებზე ან რაიონებში შესვლის ასაკრძალად, სადაც ისინი ხალხისთვის განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენენ.

45. ნიშნები 3.2-3.9, 3.32 და 3.33 იდგმება გზის ყველა მონაკვეთის და ტერიტორიის შესასვლელში, სადაც აკრძალულია შესაბამისი სახეობების სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა. გზაზე, გვერდითი გამოსასვლელების წინ ნიშნები გამოიყენება 8.3.1-8.3.3 დაფებიდან ერთ-ერთთან ერთად.

46. ნიშნების 3.1-3.3, 3.18.1, 3.18.2, 3.19, 3.27 მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე.

47. ნიშნების 3.2, 3.3, 3.28-3.30 მოქმედება არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც მართავენ მნიშვნელოვნად გამოხატული ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, ასევე იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც აღნიშნული პირები გადაჰყავს.

48. 3.28-3.30 ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება საფოსტო ავტომობილებზე, რომლებსაც ძარაზე აქვთ თეთრი დიაგონალური ზოლი ლურჯ ფონზე, აგრეთვე ტაქსიზე ჩართული ტაქსომეტრით.

49. 3.2-3.8 ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ემსახურებიან აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოებს ან/და ემსახურებიან ან ეკუთვნიან ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირებს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებები უნდა შევიდნენ აღნიშნულ ზონაში და გამოვიდნენ იქიდან დანიშნულების ადგილისკენ უახლოეს გზაჯვარედინზე.

50. ნიშნების 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26-3.30 მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე, დასახლებულ პუნქტებში კი, თუ არ არის გზაჯვარედინი დასახლებული პუნქტის ბოლომდე. 5.23.1 და 5.23.2 ნიშნებით აღნიშნული დასახლებული პუნქტის წინ დაყენებული 3.24 ნიშნის მოქმედება ვრცელდება ამ ნიშნებამდე. მითითებული ნიშნები განმეორებით უნდა დაიდგას დასახლებული პუნქტის დამთავრების შემდეგ, ან უშუალოდ გზაჯვარედინის შემდეგ იმ შეზღუდვების შენარჩუნების აუცილებლობის შემთხვევაში, რომელიც შემოღებულია შესაბამისი ნიშნებით გზაჯვარედინამდე ან დასახლებული პუნქტის დასასრულამდე.

51. აუცილებლობის შემთხვევაში, ნიშნების მოქმედების ზონა მცირდება:

ა) 3.16 და 3.26 ნიშნების - 8.2.1 დაფის გამოყენებით;

ბ) 3.20, 3.22, 3.24 ნიშნების - მოქმედების ზონის დასასრულის შესაბამისი 3.21, 3.23 ან 3.25 ნიშნების დადგმით ან 8.2.1 დაფის გამოყენებით.

52. 3.24 ნიშნის მოქმედების ზონა, აუცილებლობის შემთხვევაში, მცირდება მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარის სხვა მნიშვნელობის მქონე 3.24 ნიშნის დადგმით.

53. 3.27-3.30 ნიშნების მოქმედების ზონა, აუცილებლობის შემთხვევაში, მცირდება მათი მოქმედების ზონის ბოლოში 8.2.3 დაფით, 3.27-3.30 ნიშნების განმეორებით განთავსებით ან 8.2.2 დაფის გამოყენებით ან ნიშნის 7.4, 8.2.1 დაფით განთავსებით. 3.27 ნიშნის გამოყენება შეიძლება 1.4 მონიშვნასთან, ხოლო ნიშნის 3.28, 1.10 მონიშვნასთან ერთად. ამასთან, ნიშნების მოქმედების ზონა განისაზღვრება მონიშვნის ხაზის სიგრძით. 3.10, 3.27-3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება გზის იმ მხარეზე, სადაც ისინია განთავსებულ