1. დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები) აზუსტებენ ან ზღუდავენ სხვა საგზაო ნიშნების მოქმედებას. დაფებს განათავსებენ ნიშნების ქვემოთ, გარდა ამ რეგლამენტით დადგენილი შემთხვევებისა. ერთ ნიშანთან, 7.4 ნიშნის გარდა, დასაშვებია გამოყენებულ იქნეს არაუმეტეს ორი დაფა.

2. დაფა 8.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ გამოიყენება მაფრთხილებელ ნიშნებთან ერთად, თუ მანძილი ნიშნიდან სახიფათო უბნის დასაწყისამდე ნაკლებია ან მეტია ამ რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებში მითითებულ მანძილზე, ასევე სხვა ჯგუფის წინასწარ ნიშნებზე, გარდა ნიშნებისა 5.15.1, 5.15.2, 6.1-6.17, 7.9.3, 7.15.1-7.15.3, 7.17 (ამ რეგლამენტის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შემთხვევების გარდა).

3. დაფა 8.1.2 „მანძილი ობიექტამდე“ გამოიყენება დაუსახლებელ პუნქტებში 2.3 ნიშანთან ერთად, თუ გზაჯვარედინის წინ დაყენებულია 2.4 ნიშანი.

4. დაფები 8.1.3 და 8.1.4 „მანძილი ობიექტამდე“ გამოიყენება ამ რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით დაყენებულ მაფრთხილებელ ნიშნებთან ერთად და 5.1, 5.3, 7.4 ნიშნებთან ერთად, საჩვენებელი ობიექტებისკენ მოხვევის ადგილებში.

5. 8.2.1 დაფა „მოქმედების ზონა“ გამოიყენება:

ა) 1.13.1-1.20, 1.24, 1.26-1.34 ნიშნებთან ერთად, სახიფათო უბნის სიგრძის მისათითებლად. ამასთან, ნიშნის განმეორებით არსებობის შემთხვევაში, დაფას აყენებენ მის ქვემოთ;

ბ) 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26 ნიშნებთან ერთად ნიშნის მოქმედების ზონის მისათითებლად. დაფაზე მითითებული ნიშნის მოქმედების ზონა არ უნდა აჭარბებდეს ამ ნიშნისთვის დადგენილ ზონას ამ რეგლამენტის მე-8 მუხლის 50-ე-53-ე პუნქტების მიხედვით;

გ) 5.16 ნიშანთან ერთად, ერთმანეთის მიყოლებით ერთი ან რამდენიმე გასაჩერებელი პუნქტის სიგრძის მისათითებლად;

დ) 7.2 ნიშანთან ერთად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის დაყენებულია მაფრთხილებელ ნიშნებთან ერთად, თუ 7.2 ნიშნის მოქმედება არ არის აუცილებელი გავრცელდეს უახლოეს გზაჯვარედინამდე;

ე) 7.4 ნიშანთან ერთად, დაყენებული დაფასთან/დაფებთან ერთად, რომელიც აზუსტებს/აზუსტებენ ან ზღუდავს/ზღუდავენ მის მოქმედებას. ამასთან, 8.2.1 დაფას განათავსებენ სხვა დაფების ქვემოთ, თუ ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე.

6. დაფებს 8.2.2-8.2.6 „მოქმედების ზონა“ გამოიყენებენ მხოლოდ 3.27-3.30 ნიშნებთან ერთად, შემდეგნაირად:

ა) 8.2.2 დაფა - ნიშნის მოქმედების ზონის მისათითებლად, თუ ის არ ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე;

ბ) 8.2.3 დაფა - ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულის მისათითებლად;

გ) 8.2.4 დაფა - მძღოლების ინფორმირებისთვის, რომ ისინი იმყოფებიან ნიშნის მოქმედების ზონაში;

დ) 8.2.5 და 8.2.6 დაფები - ნიშნის მარჯვნივ ან/და მარცხნივ მოქმედების ზონის მისათითებლად, როცა გაჩერება ან დგომა აკრძალულია მოედნის, შენობის ფასადის და ა.შ. გასწვრივ;

ე) ნიშნის დგარზე განთავსების შემთხვევაში დაფებს განათავსებენ ნიშნის ქვემოთ, ნიშნის კონსოლურ დგარზე ან სავალი ნაწილის ზემოთ განთავსების შემთხვევაში, 8.2.2-8.2.4 დაფები განთავსდება ნიშნის გვერდით (მარჯვნივ ან მარცხნივ), ისე რომ ნიშანი იმყოფებოდეს სავალი ნაწილის შუა ნაწილთან ახლოს.

7. დაფები 8.3.1-8.3.3 „მოქმედების მიმართულება“ გამოიყენება 3.2-3.9, 5.3 ნიშნებთან ერთად დაყენებული უშუალოდ გზაჯვარედინის წინ გადასაკვეთ გზაზე მათი მოქმედების მიმართულების მისათითებლად, ასევე 1.26 და 1.34 ნიშნებთან ერთად. 8.3.1 და 8.3.2 დაფები დასაშვებია გამოყენებულ იქნეს 7.4 ნიშანთან ერთად, სადგომი მოედნის გზის მიმართ განლაგების მისათითებლად, თუ ის სავალი ნაწილის ნაპირიდან დაშორებულია არაუმეტეს 10 მ-ით.

8. დაფები 8.4.1-8.4.8 „სატრანსპორტო საშუალების სახეობა“ გამოიყენება სატრანსპორტო საშუალების სახეობის მისათითებლად, რომლებზედაც ვრცელდება ნიშნის მოქმედება. დაფები ნიშნის მოქმედებას ავრცელებენ:

ა) 8.4.1 - სატვირთო ავტომობილებზე, მათ შორის მისაბმელიანზე, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტ-ზე მეტია;

ბ) 8.4.2 - სატვირთო ავტომობილებზე ან ტრაქტორებზე ნებისმიერი სახეობის მისაბმელით, ასევე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მაბუქსირებელ სატრანსპორტო საშუალებებზე;

გ) 8.4.3 - მსუბუქ ავტომობილებზე (ასევე სატვირთო ავტომობილებზე, რომელთა ნებადართული მასა 3,5 ტ-ზე ნაკლებია);

დ) 8.4.4 - ავტობუსებზე;

ე) 8.4.5 - ტრაქტორებზე;

ვ) 8.4.6 - მოტოციკლებზე;

ზ) 8.4.7 - ველოსიპედებზე და მოპედებზე;

თ) 8.4.8 - საცნობი ნიშნით „სახიფათო ტვირთი“ აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებზე.

9. დაფები 8.5.1 „შაბათი, კვირა და სადღესასწაულო დღეები“, 8.5.2 „სამუშაო დღეები“, 8.5.3 „კვირის დღეები“, 8.5.4-8.5.7 „მოქმედების დრო“ გამოიყენება კვირის დღეების ან/და დღე-ღამის დროის მისათითებლად, როცა მოქმედებს ნიშანი.

10. დაფები 8.6.1-8.6.9 „სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“ გამოიყენება 7.4 ნიშანთან ერთად სატრანსპორტო საშუალებების ტროტუართან ახლომდებარე სადგომზე დაყენების ხერხის მისათითებლად. 8.6.1 დაფა მიუთითებს, რომ ყველა სატრანსპორტო საშუალება დაყენებულ უნდა იქნეს სავალი ნაწილის სადგომზე, ტროტუარის გასწვრივ. 8.6.2-8.6.9 დაფები მიუთითებენ, რომ სადგომი მოედანი განკუთვნილია მსუბუქი ავტომობილებისა და მოტოციკლებისთვის, რომლებიც სადგომზე დაყენებულ უნდა იქნეს დაფაზე მითითებული ხერხის მიხედვით.

11. დაფა 8.7 „დგომა გამორთული ძრავით“ გამოიყენება 7.4 ნიშანთან ერთად, სატრანსპორტო საშუალების მომუშავე ძრავით დგომის აკრძალვისათვის.

12. დაფა 8.8 „ფასიანი მომსახურება“ გამოიყენება სადგომ მოედანთან დაყენებულ 7.4 ნიშანთან ერთად, რომლის გამოყენებაც ფასიანია, ასევე სხვა ნიშნებთან ერთად იმის მისათითებლად, რომ გავლა ან სხვა მომსახურება ფასიანია.

13. დაფა 8.9 „დგომის ხანგრძლივობის შეზღუდვა“ გამოიყენება 7.4 ნიშანთან ერთად, სატრანსპორტო საშუალების დგომის მაქსიმალური ხანგრძლივობის მისათითებლად, მცირე ხნით მასიური თავშეყრის ობიექტებთან (სავაჭრო, სანახაობითი, სპორტული და ა.შ.) არსებულ სადგომებზე.

14. დაფა 8.10 „ავტომობილის დათვალიერების ადგილი“ გამოიყენება ნიშნებთან 7.4 ან 6.10 ერთად, სადგომ მოედნებზე ან დასვენების ადგილებში, ესტაკადის ან დასათვალიერებელი თხრილის (ორმოს) არსებობის მისათითებლად.

15. დაფა 8.11 „ნებადართული მაქსიმალური მასის შეზღუდვა“ მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება დაფაზე მითითებულს.

16. დაფა 8.12 „სახიფათო გზისპირი“ გამოიყენება 1.26 ნიშანთან ერთად, თუ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს გზისპირზე ან გზისპირი გამოიყენება სამშენებლო მასალების ან/და სამშენებლო ტექნიკის დასაწყობად ან დასაყენებლად.

17. დაფა 8.13 „მთავარი გზის მიმართულება“ გამოიყენება 2.1, 2.3, 2.4 ნიშნებთან ერთად გზაჯვარედინზე მთავარი გზის მიმართულების მისათითებლად, სადაც ის იცვლის მიმართულებას. ნიშნის დგარზე განთავსების შემთხვევაში დაფას განათავსებენ ნიშნის ქვემოთ. ნიშნის კონსოლურ დგარზე ან სავალი ნაწილის ზემოთ განთავსების შემთხვევაში დაფას განათავსებენ ნიშნის მარჯვნივ.

18. დაფა 8.14 „მოძრაობის ზოლი“ გამოიყენება ზოლის მისათითებლად, რომელზეც ვრცელდება ნიშნის ან/და შუქნიშნის მოქმედება, ამ შემთხვევაში დაფას განათავსებენ მოძრაობის ზოლის ზემოთ.

19. დაფა 8.15 „უსინათლო ქვეითები“ გამოიყენება ნიშნებთან 1.23, 5.19.1, 5.19.2 და შუქნიშნებთან ერთად ქვეითთა გადასასვლელის წინ, განათავსებენ უშუალოდ ობიექტის სიახლოვეს, რომლებითაც სარგებლობენ უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული პირები.

20. დაფა 8.16 „სველი საფარი“ გამოიყენება ნიშნებთან 1.16, 3.20, 3.22, 3.24 ერთად იმის მისათითებლად, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ დროის იმ პერიოდში, როცა სავალი ნაწილის საფარი სველია.

21. დაფა 8.17 „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ გამოიყენება 7.4 ნიშანთან ერთად იმის მისათითებლად, რომ სადგომი მოედანი ან მისი ნაწილი გამოყოფილია იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც აღნიშნულია საცნობი ნიშნით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“. ეს ადგილი შეიძლება აღინიშნოს აგრეთვე 7.20.2 საგზაო ნიშნით.

22. დაფა 8.18 „გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა“ გამოიყენება იმის მისათითებლად, რომ ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“.

23. დაფა 8.19 „სახიფათო ტვირთის კლასი“ გამოიყენება 3.32, 3.33, 4.9.1-4.9.3 ნიშნებთან ერთად იმის მისათითებლად, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც გადააქვთ შესაბამისი სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით, დაფაზე მითითებული სახიფათო კლასის ტვირთი.

24. დაფები 8.20.1 და 8.20.2 „სატრანსპორტო საშუალების საწევრის ტიპი“ გამოიყენება 3.12 ნიშანთან ერთად სატრანსპორტო საშუალებების ერთმანეთთან მიახლოებული ღერძების რაოდენობის მისათითებლად, რომლებიდანაც თითოეულისათვის ნიშანზე მოყვანილი მასა წარმოადგენს დასაშვებ ნორმას.

25. დაფები 8.21.1-8.21.3 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების სახეობა“ გამოიყენება 7.4 ნიშანთან ერთად მეტროპოლიტენის სადგურთან არსებული სადგომი მოედნის, ასევე მეტროპოლიტენის სადგურთან არსებული ავტობუსის, ტროლეიბუსის ან/და ტრამვაის სადგომი მოედნის მისათითებლად.

26. დაფები 8.22.1-8.22.3 „წინააღმდეგობა“ გამოიყენება შესაბამისად 4.2.1-4.2.3 ნიშნებთან ერთად, დაბრკოლების შემოვლის დროს მძღოლების უკეთ ორიენტირებისთვის. ნიშნები გამოიყენება შემდეგნაირად:

ა) 8.22.1 დაფა 4.2.1 ნიშანთან ერთად გამოიყენება:

ა.ა) საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფი ზღუდის დასაწყისში;

ა.ბ) ცენტრალური გამყოფი ზოლის დასაწყისში;

ა.გ) მიმმართველი კუნძულების შემაღლებულ ადგილებზე;

ა.დ) უსაფრთხოების კუნძულების შემაღლებულ ადგილებზე;

ბ) დაფები 8.22.1 და 8.22.2 გამოიყენება შესაბამისად 4.2.1 და 4.2.2 ნიშნებთან ერთად, სავალ ნაწილზე ან მასთან ახლოს განთავსებული დაბრკოლების წინ, რომელიც ხიფათს უქმნის მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს;

გ) 8.22.3 დაფა 4.2.3 ნიშანთან ერთად გამოიყენება:

გ.ა) ერთი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფი ზღუდის დასაწყისში;

გ.ბ) გვერდითი გამყოფი ზოლის დასაწყისში;

გ.გ) მიმმართველი კუნძულების შემაღლებულ ადგილებზე;

გ.დ) უსაფრთხოების კუნძულების შემაღლებულ ადგილებზე;

დ) 8.22.1-8.22.3 დაფებს განათავსებენ მიმთითებელი ნიშნების ქვემოთ 0.5-1.0 მ. სიმაღლეზე. იმ შემთხვევაში, თუ 4.2.1-4.2.3 ნიშნებს აყენებენ ხელოვნურ განათებიან ტუმბოზე, მაშინ დაფები 8.22.1-8.22.3 არ გამოიყენება.

III. საგზაო მონიშვნების გამოყენების წესე