1. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის დაწყების მიზნით, მონაცემთა სუბიექტის განცხადება უნდა იქნეს წარმოდგენილი წერილობითი ფორმით – მატერიალურად ან ელექტრონულად.

2. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) განმცხადებლისა და მისი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, ფაქტობრივი მისამართი (სადაც შესაძლებელი იქნება კორესპონდენციის ჩაბარება) ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი, თუ განმცხადებელს სურს კორესპონდენციის გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ტელეფონის ნომერი ან/და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია. წარმომადგენლის მეშვეობით მომართვის შემთხვევაში, საკმარისია მხოლოდ განმცხადებლის ან წარმომადგენლის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკონტაქტო ინფორმაციის წარმოდგენა;

ბ) განმცხადებლის კანონით გათვალისწინებული უფლებების სავარაუდო დამრღვევი დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის ისეთი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, რომლებიც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შესაძლებელს გახდის დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის იდენტიფიცირებას;

გ) შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის სავარაუდო თარიღი (რიცხვი/თვე/წელი);

დ) შესაძლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული გარემოებების აღწერა და მისი არსი;

ე) მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნა;

ვ) განცხადების წარდგენის თარიღი;

ზ) განმცხადებლის ან მისი წარმომადგენელის ხელმოწერა.

3. განმცხადებელი ვალდებულია განცხადებასთან ერთად წარმოადგინოს:

ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განცხადება ელექტრონულად ხელმოწერილია ან/და შტამპდასმულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარმოდგენა შეუძლებელია ობიექტური მიზეზების გამო;

ბ) ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში – უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, განმცხადებლისა და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ხოლო თუ განცხადება ელექტრონულად ხელმოწერილია ან/და შტამპდასმულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხელმომწერი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ არის სავალდებულო.

4. განმცხადებელს უფლება აქვს განცხადებასთან ერთად წარმოადგინოს მის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მტკიცებულებების ჩამონათვალი უნდა ერთვოდეს განცხადება