1. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი ეძლევა:

ა) მასწავლებელს, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ან მენტორის სტატუსი და დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე ასწავლის იმ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან უდასტურდება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით“ განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი და ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ  საგანს/საგნებს;

გ) მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის  ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს შესაბამისი საგნის გამოცდა ან უდასტურდება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის  ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის)  და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი (გარდა პრაქტიკოსისა), ამასთან, ასწავლის მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან/და ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგანს/საგნებს;

დ) უცხოური ენების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი (გარდა პრაქტიკოსისა) და შესაბამის საფეხურზე ასწავლის შესაბამის საგანს, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან უდასტურდება დოქტორისა ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ე) ეთნიკური უმცირესობების ენების – სომხური ენისა ან აზერბაიჯანული ენის მასწავლებელს, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ან მენტორის სტატუსი და დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე ასწავლის იმ საგანს, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან უდასტურდება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

2. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა:

ა) უფროსი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 795 ლარით;

ბ) წამყვანი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 1175 ლარით;

გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის განისაზღვრება 1475 ლარით.

3. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) მასწავლებლისათვის იანგარიშება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სრული ოდენობების 13-თან შეფარდებით და შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე გადამრავლებით (მძიმიდან მარჯვნივ ასეულის სიზუსტის დამრგვალებით). ამ პუნქტის შესაბამისად გამოანგარიშებული სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სრულ ოდენობას.

4. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების მასწავლებლისათვის იანგარიშება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სრული ოდენობების 15-თან შეფარდებით და შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე გადამრავლებით (მძიმიდან მარჯვნივ ასეულის სიზუსტის დამრგვალებით). ამ პუნქტის შესაბამისად გამოანგარიშებული სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სრულ ოდენობას.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ  მასწავლებელს მიეცემა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობა იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში შესაბამის საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნებისათვის გათვალისწინებული საგაკვეთილო საათების რაოდენობა (ჭადრაკის საგაკვეთილო საათების რაოდენობის გარეშე) ნაკლებია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობის მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6. უცხო ენის მასწავლებელს მიეცემა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობა იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში შესაბამისი უცხო ენისათვის გათვალისწინებული საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობის მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე.

7. მასწავლებელს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა რუსულში როგორც უცხო ენაში,  და კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი ან  წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ან მენტორის სტატუსი და დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე ასწავლის რუსულს, როგორც მშობლიურ ენას, მიეცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დანამატის სრული ოდენობა.

8. მასწავლებელს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ეთნიკური უმცირესობების ენებში – სომხურ ენაში  ან აზერბაიჯანულ ენაში და კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ან მენტორის სტატუსი და ასწავლის იმ ენას, რომელშიც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სრული დანამატი მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში აღნიშნული ენისათვის გათვალისწინებული საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობის მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე.

9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ  მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ საჯარო სკოლაში ამ მუხლით გათვალისწინებული სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი მიეცემა თითოეულ საჯარო სკოლაში სწავლებისათვის.

10. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლებისთვის დანამატის გაცემის მიზნით ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზარდობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი