ეროზიის გამომწვევი ძირითადი ფაქტორებია:

1. რელიეფი უდიდეს როლს ასრულებს ეროზიული პროცესების წარმოქმნასა და მიმდინარეობაზე. რელიეფის ტიპზეა დამოკიდებული ატმოსფერული ნალექების შედეგად ფერდობის ზედაპირზე ფორმირებული წყლის ნაკადის ენერგია. რაც მეტია ფერდობის დაქანება და სიგრძე, მით მეტია ზედაპირული ნაკადის კინეტიკური ენერგია, დინების სიჩქარე და შესაბამისად მისი ეროზიული მოქმედებაც.

2. საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი მოიცავს კავკასიონის მთავარ ქედს, რომლის საშუალო სიმაღლე, ზღვის დონიდან ქედის სხვადასხვა ნაწილში 2000-5000 მეტრის ფარგლებშია, რაც ეროზიის გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია.

3. საქართველოს რელიეფი ხასიათდება საკმაო სირთულით, დანაწევრებულობით და მრავალფეროვნებით, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად წარმოადგენს ეროზიული პროცესების ინტენსიური განვითარების მიზეზს.

4. ნიადაგები. ნიადაგი ბიოსფეროს უმთავრესი კომპონენტია, იგი შეიქმნა ბიოსფეროს ევოლუციის პროცესში ქანებზე კლიმატის, რელიეფის, ფიტოცენოზის და მიკროორგანიზმების კომპლექსური ფაქტორების ზემოქმედების შედეგად.

5. საქართველო, მიუხედავად ტერიტორიის სიმცირისა, მრავალფეროვანი ნიადაგური საფარით ხასიათდება. აქ სულ 49 ნიადაგური ტიპი და ქვეტიპია გავრცელებული, დაწყებული ტენიანი სუბტროპიკული ზონისათვის დამახასიათებელი წითელმიწა ნიადაგებით, დამთავრებული მშრალი სუბტროპიკული ზონის ბიცობი, მლაშობი და მთა-მდელოს პრიმიტიული ნიადაგებით.

6. ეროზიული პროცესების ინტენსიობა ბევრად არის დამოკიდებული ნიადაგწარმომქმნელ ქანებზე. ეროზიას ყველაზე მეტად განიცდიან ის ნიადაგები, რომლებიც განვითარებულია ლიოსებსა და ლიოსისებრ თიხნარებზე, რომელთაც ქვეყანაში საკმოდ დიდი ფართობი უკავია.

7. ეროზიისადმი მდგრადობის უნარი დიდადაა დამოკიდებული ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიურ, წყლოვან-ფიზიკურ მახასიათებლებზე, ნიადაგის მექანიკურ შემადგენლობაზე, ნიადაგის ნაწილაკების შეჭიდულობაზე, წყალგამძლეობაზე, და სხვა. ნიადაგის ეროზიისადმი მდგრადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნიადაგში ჰუმუსის რაოდენობასა და შთანთქმის ტევადობაზე. ორგანული ნივთიერებები და კოლოიდური ნაწილაკები ხელს უწყობენ წყალგამძლე აგრეგატებსა და ნიადაგის ნაწილაკებს შორის ურთიერთკავშირს, რაც ამცირებს ეროზიის ინტენსიობის გამოვლინებას.

8. აქედან გამომდინარე, ეროზიისადმი მდგრადობით გამოირჩევა მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგები.

ქვიშიანი ნიადაგები ძალიან მაღალი წყალგამტარობით ხასიათდებიან. შესაბამისად ეროზიული საშიშროება მინიმალურია.

9. კლიმატი. საქართველოს ტერიტორია მდებარეობს სუბტროპიკული კლიმატური სარტყელის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, მისთვის დამახასიათებელია მრავალფეროვანი კლიმატი, რომელიც მკვეთრად განსხვავებულია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში.

10. ქვეყნისათვის დამახასიათებელია თავსხმა წვიმები წლის თბილ პერიოდში, რაც ძირითადად გამოწვეულია ატმოსფეროში მიმდინარე ფრონტალური და სხვა პროცესებით. აღნიშნული პროცესები განსაკუთრებული ინტენსიობით მიმდინარეობს ცივ-გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე, კახეთის და თრიალეთის ქედებზე, ლიხის ქედის დასავლეთ ფერდობებზე, სადაც ნალექების მაქსიმალურმა სიდიდემ შეიძლება 80-160 მმ-ს მიაღწიოს დღეღამეში. თავსხმა წვიმების ინტენსიობა აღწევს 3-4 მმ წუთში. ის, რომ საქართველოში თავსხმა წვიმები ემთხვევა იმ პერიოდს, როცა სავარგულები მცენარეულობით არ არის დაფარული, ხელს უწყობს ეროზიული პროცესების ინტენსიურ განვითარებას.

ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგისა და ნიადაგწარმომქმნელი ქანების წყალმედეგობის მახასიათებლებს, რაც განაპირობებს დაბალი დახრილობის პირობებშიც ნიადაგის ზედა ფენის გადარეცხვას.

11. ანთროპოგენული ზემოქმედება განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეროზიულ პროცესებზე, რაც გამოიხატება ეროზიის აჩქარებულ განვითარებაში და რასაც ადამიანის არარაციონალური სამეურნეო საქმიანობა განაპირობებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ადამიანთა სამეურნეო საქმიანობის სწორად წარმართვის დასაბუთებული მეცნიერული რეკომენდაციების უქონლობაა, ან არსებული რეკომენდაციების პრაქტიკულად გამოუყენებლობა. ყოველივე ამის გამო ადამიანები თავიანთი სამეურნეო საქმიანობით ნებით თუ უნებლიეთ იწვევენ ეროზიული პროცესების განვითარებას.

თავი III. ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები და მისი ეფექტურო