1. ნიადაგის ეროზიისაგან დაცვის, მისი ნაყოფიერების ამაღლებისა და მაღალი მოსავლის მიღებისათვის საჭირო აგროტენიკურ ღონისძიებათა კომპლექსში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეროზიის განვითარების ზონებში ნიადაგის სწორ დამუშავებას და მათ სასოფლო სამეურნეო ათვისებას. ფერდობებზე ნიადაგის დამუშავების სისტემები იმგვარად უნდა იყოს მიმართული, რომ მთელი წლის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო კულტურებით დაკავებულ ფართობებზე ეროზიული პროცესების განვითარების საშიშროება თავიდან იქნეს აცილებული.
2. ნიადაგის ეროზიის განვითარების ზონებში ნიადაგის დამუშავების სისტემები უნდა უზრუნველყოფდეს ნიადაგის ეროზიის თავიდან აცილებას, ატმოსფერული ნალექების ადგილზე დაკავებას, ნიადაგური სტრუქტურის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას, მცენარისათვის ხელსაყრელი პირობების განვითარებას და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მიღებას.
3. ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები, ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ვეგეტაციის საწყის პერიოდში ვერ იცავენ ნიადაგს თავსხმა წვიმებისა და ზედაპირული ჩამონადენის ეროზიული ზემოქმედებისაგან. აღნიშნულ პერიოდში სჭირდება ნიადაგს ყველაზე მეტად ნიადაგდამცავი ღონისძიებების გატარება, რაც ძირითადად მდგომარეობს ნიადაგის ღრმა გაფხვიერებაში, ფართობის ზედაპირის დაღარვაში, წყვეტილი კვლების მოწყობაში. დაქანებულ ფერდობებზე, მაგალითად, სიმინდის ნათესებისათვის წყვეტილი კვლების მოწყობის ნაცვლად საკმარისია სიმინდის ძირზე ნიადაგის შემოყრა, რაც იწვევს წყლის ნაკადის შეკავებას ფართობზე გაჩენილ ჩაღრმავებულ ადგილებში, რაც აძლიერებს ნიადაგის ფილტრაციის უნარს და ნიადაგში წყლის ჩაჟონვას.
4. წყლისმიერი ეროზიის საწინააღმდეგოდ ერთ-ერთი ეფექტური ღონისძიებაა ნიადაგდაცვითი ხე-მცენარეების გაშენება ტყის სხვადასხა ჯიშებით რეგიონის ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით.
5. საქართველოში ეროზიის საწინააღმდეგო ხე-მცენარეთა რეკომენდირებულ სახეობებს შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ახალი სწრაფადმზარდი მრავალმხრივ გამოყენებადი მერქნიანი მცენარე ,,პავლონია”, რომელიც აღმოსავლური (ჩინური) წარმოშობისაა. იგი გარემოსადმი საკმაოდ შემგუებელი მცენარეა, კარგად იზრდება ტენით უზრუნველყოფილ პირობებში, ძლიერი და ღრმა ფესვთა სისტემისა და ფართე ფოთლების საშუალებით ძალზე ეფექტურად იცავს ნიადაგს ეროზიისაგან. მისი სიმაღლე 5 წელიწადში 12-15 მეტრს აღწევს. მას აქვს სამრეწველო მნიშვნელობა. დარგვიდან 4-5 წელიწადში შეიძლება მისი სამრეწველო ჭრა, რომლის შემდეგ ხდება რეგენერაცია.
,,პავლონიას” აქვს ღია ფერის ძვირადღირებული მაღალი ხარისხის მერქანი, შემოდგომაზე ჩამოცვენილი ფოთოლი საუკეთესო საკვებია შინაური ცხოველებისათვის, გაზაფხულზე მასიური ყვავილობის დროს ძვირფასია მეფუტკრეობის განსავითარებლა