ა) შესამოწმებელ სატრანსპორტო საშუალებაში ჩაჯდომა, გარდა ამ ინსტრუქციით და კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) სატრანსპორტო საშუალებასთან ახლოს დგომა;
გ) შესამოწმებელ სატრანსპორტო საშუალებასთან მაშუქების მხრიდან მისვლა;
დ) დგომა შესამოწმებელ პირსა და იმ პატრულ-პოლიციელს შორის, რომელიც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას.
2. პატრულ-პოლიციელმა:
ა) ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებათა გასაჩერებლად უნდა გამოიყენოს სავალი ნაწილის შედარებით განათებული უბანი, თუ ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს გამოიყენება საპატრულო სატრანსპორტო საშუალების მაშუქები. პატრულ-პოლიციელი უნდა მოერიდოს სამართალდარღვევის განხილვას გზის სავალ ნაწილზე, თუ ეს აბრკოლებს ტრანსპორტის მოძრაობას ან საფრთხეს უქმნის მას;
ბ) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების დროს აუცილებლად უნდა ჩართოს სპეციალური მაშუქი მოწყობილობა. საპატრულო ტრანსპორტი ყველა შემთხვევაში ჩერდება შესამოწმებელი სატრანსპორტო საშუალების უკან და მზად უნდა იყოს გაჩერებული ავტომანქანის შესაძლო მოულოდნელი მანევრის აღსაკვეთად;
გ) საბუთების შემოწმების და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების დროს უნდა შეარჩიოს მძღოლთან, აგრეთვე მძღოლთან მყოფ პირებთან დგომის უსაფრთხო მანძილი, არ შებრუნდეს მასთან ზურგით და თვალყური ადევნოს სატრანსპორტო საშუალებაში მჯდომ მგზავრებს.
3. ძებნაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების ან დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ პირთა აღმოჩენის შემთხვევაში, განწესში მყოფი სხვა პატრულ-პოლიციელები იკავებენ ისეთ პოზიციას, რომელიც მათ მისცემს ურთიერთდაზღვევის საშუალებას.
4. ძებნილი სატრანსპორტო საშუალების გამოვლენის შემთხვევაში პატრულ-პოლიციელი დაუყოვნებლივ მოახსენებს სამსახურის მორიგეს და იღებს ზომებს ამ სატრანსპორტო საშუალებისა და მასში მყოფი პირების დასაკავებლად, ამავე დროს უზრუნველყოფს პირად და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა უსაფრთხოებას, აგრეთვე დანაშაულის კვალის, იარაღისა და სხვა ნივთიერი მტკიცებულებების დაცვას.
5. ძებნილი სატრანსპორტო საშუალებებისა და დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირების დაკავებისას შეგროვებული პირველადი მასალები გადაეცემა გამომძიებელს, სატრანსპორტო საშუალებები გადაიყვანება შინაგან საქმეთა შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში, ხოლო ეჭვმიტანილ პირს წარადგენენ პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში