2. მძიმე შედეგიან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების (გარდაიცვალნენ ან დაშავდნენ ადამიანები) ადგილზე გამომძიებლის მოსვლამდე პატრულ-პოლიციელი:
ა) ატარებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს დაზარალებულთათვის გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად და სამედიცინო დაწესებულებაში მისაყვანად. ადგენს დაზარალებულთა გვარებს, სახელებს, მამის სახელებს და საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილს;
ბ) უზრუნველყოფს შემთხვევის ადგილის დაცვას;
გ) ადგენს შემთხვევაში მონაწილე მძღოლებს, სატრანსპორტო საშუალებებს და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებულ სხვა პირებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით და ფარგლებში ჩამოართმევს შემთხვევის მონაწილეებს მძღოლის მოწმობებს, ხოლო თუ ასეთი არა აქვთ იმ დოკუმენტებს, რომლებიც წარმოადგენენ სამართალდარღვევის იარაღს ან უშუალო ობიექტს;
დ) ავლენს თვითმხილველებს, აძლევს მათ შეკითხვებს შემთხვევის გარემოებათა შესახებ და იწერს მათ მონაცემებს;
ე) აძლევს ინფორმაციას შემთხვევის ადგილზე მისულ გამომძიებელს ან სხვა კომპეტენტურ ორგანოებს შემთხვევაში მონაწილე პირებისა და თვითმხილველების შესახებ, გადასცემს მათ შეკრებილ ცნობებს, ნივთმტკიცებებსა და სხვა მასალებს;
ვ) აუცილებლობის შემთხვევაში ორგანიზებას უწევს სატრანსპორტო საშუალებათა შემოვლით მოძრაობას, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – შემთხვევის მონაწილეთა და დამსწრეთა მონაწილეობით აფიქსირებს სატრანსპორტო საშუალებების განლაგებას, მოძრაობისა და დამუხრუჭების კვალს, რის შემდეგ ათავისუფლებს სავალ ნაწილს საგზაო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალებებისაგან და აღადგენს მოძრაობას;
ზ) მძღოლის შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემთხვევაში არკვევს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სავარაუდო მიმართულებას, მის მარკას, ტიპს, სანომრე ნიშანს, ტვირთის სახეობას, სხვა განსაკუთრებულ ნიშნებს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დათვალიერების, შემთხვევის ადგილიდან მიმალული სატრანსპორტო საშუალებისა და მძღოლის შესახებ თვითმხილველებისგან მიღებულ მონაცემებს დაუყოვნებლივ გადასცემს სამსახურის მორიგეს და გამომძიებელს;
თ) დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სპეციალური ტრანსპორტის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილეობისას, თუ მათი მძღოლები ან მგზავრები არ საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას, წინადადებას აძლევს მძღოლს დაესწროს მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებული მასალების შედგენას. თუ მძღოლი ან რომელიმე მგზავრთაგანი უარს ამბობს აღნიშნულზე, იწერს აუცილებელ მონაცემებს შემთხვევის მონაწილის შესახებ და აძლევს გამგზავრების უფლებას.
თავი VI
პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფ