1. თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენა სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელია, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია სააგენტოს დირექტორის თანხმობით, ინსპექტირების ნებისმიერ სტადიაზე მოიწვიოს ექსპერტი ან/და მოითხოვოს ექსპერტიზის ჩატარება.
2. ექსპერტის მოწვევის ან/და ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, უფლებამოსილი პირი მოხსენებითი ბარათით მიმართავს სააგენტოს დირექტორს, რომელშიც აღინიშნება ექსპერტის მოწვევის ან/და ექსპერტიზის ჩატარების მიზანი, აუცილებლობის დასაბუთება და ექსპერტის წინაშე დასასმელი საკითხები.
3. ინსპექტირების ობიექტს უფლება აქვს სააგენტოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყოს ექსპერტიზის ჩატარება. ამ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა უფლებამოსილ პირს უნდა წარედგინოს ინსპექტირების დასრულებამდე.
4. იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირების ობიექტი სადავოდ ხდის ამ წესის მე-20 მუხლის შესაბამისად დადგენილ ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტს და ალკოჰოლური შემოწმების შედეგებს, უფლებამოსილი პირი ალკოჰოლური სიმთვრალის შემოწმების შედეგს აფიქსირებს სამართალდარღვევის ოქმში და გადასცემს ალკოტესტის შედეგის ამსახველი ქვითრის ერთ ეგზემპლარს.
5. თუ ინსპექტირების ობიექტი არ ეთანხმება ამ წესის მე-20 მუხლის შესაბამისად ჩატარებული ტესტირების შედეგს, იგი უფლებამოსილია სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან არაუმეტეს 2 საათისა, საკუთარი ხარჯით, ექსპერტიზა ჩაიტაროს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბერის №1017/01-52/ნ ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრულ სისხლში ეთანოლის შემცველობის დასადგენად სისხლის სინჯის ამღებ დაწესებულებებსა და ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დასადგენად სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებებში ამავე ბრძანებით ექსპერტიზის ჩატარებისთვის დადგენილი წესით. ინსპექტირების ობიექტის მიერ ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტზე რეაგირებისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, რომ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფის ორგანიზმში, ყოველ ერთ საათში, ალკოჰოლის შემცველობა საშუალოდ – 0,15 პრომილეთი მცირდება.
6. უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, ინსპექტირების ობიექტს განუსაზღვროს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად. აღნიშნულ ვადაში ინსპექტირების ობიექტის მიერ ექსპერტის დასკვნის წარმოუდგენლობა არ შეიძლება გახდეს ინსპექტირების ვადის გაგრძელების საფუძველი.
7. ექსპერტის დასკვნა წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით.
8. ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს წარმოებული გამოკვლევის წერილობით აღწერას, გამოკვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებსა და დასმულ კითხვებზე დასაბუთებულ პასუხებს.
9. ინსპექტირების ობიექტს უფლება აქვს გაეცნოს სააგენტოს ინიციატივით განხორციელებულ ექსპერტის დასკვნას და წერილობით გამოთქვას თავისი მოსაზრება.
10. თუ ექსპერტის მომსახურება ან ექსპერტიზის ჩატარება განხორციელდა სააგენტოს ინიციატივით ექსპერტის მომსახურების ან ექსპერტიზის ხარჯები ანაზღაურდება სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი