1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენის მიზნით, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია განახორციელოს ადგილზე შემოწმება.

2. ადგილზე შემოწმებისას ინსპექტირების ობიექტი, ასევე ნებისმიერი სხვა პირი ვალდებულია დაემორჩილოს უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნას, მათ შორის, დროულად და სრულად მიაწოდოს მას მოთხოვნილი დოკუმენტი/ინფორმაცია (მათ შორის, ელექტრონული ფორმით არსებული ვიდეო ან აუდიოჩანაწერი), მისცეს საშუალება დაუბრკოლებლად გადაადგილდეს ობიექტის ტერიტორიაზე, შეამოწმოს შესაბამისი კომპიუტერული და ქსელური ინფრასტრუქტურა, განახორციელოს ფოტო/ვიდეო/ვიდეოაუდიო გადაღება ან/და მტკიცებულების შეგროვების მიზნით გამოიყენოს ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი მოქმედება. დაუშვებელია უფლებამოსილი პირის მიერ უფლებამოსილების განხორციელებაში ნებისმიერი სახით ხელის შეშლა და ინსპექტირების პროცესის შეფერხება.

3. ადგილზე შემოწმებისას უფლებამოსილ პირს უფლება აქვს თან იქონიოს საჭირო აღჭურვილობა და მასალები, მათ შორის:

ა) კავშირგაბმულობის საშუალებები;

ბ) პორტატული პერსონალური კომპიუტერი;

გ) აუდიოჩამწერი, ფოტო და ვიდეოკამერა;

დ) სხვა აღჭურვილობა ან მასალები/დოკუმენტები, რომლებიც საჭიროა ადგილზე შემოწმების განხორციელებისა და მტკიცებულებების მოსაპოვებლად.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ინსპექტირების ობიექტი იღებს ალკოჰოლურ სასმელს ან იმყოფება ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უფლებამოსილი პირი ამოწმებს ალკოტესტის აპარატით.

5. თუ ინსპექტირების ობიექტს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა, უფლებამოსილი პირი ადგენს სამართალდარღვევის ოქმს, რომელსაც დაურთავს ალკოტესტის შედეგის ამსახველი ქვითრის ერთ ეგზემპლარს.

6. ალკოჰოლური სიმთვრალის შემოწმება ტარდება ინსპექტირების ობიექტზე ალკოტესტის აპარატში ჰაერის უწყვეტი ნაკადის ამოსუნთქვის გზით. ჰაერის ნაკადის ამოსუნთქვისას აუცილებელია ფიზიკური კონტაქტი ალკოტესტის აპარატთან. ინსპექტირების ობიექტმა უნდა მოახდინოს სპეციალური მილაკის მეშვეობით ალკოტესტის აპარატში ჰაერის ნაკადის უწყვეტი ამოსუნთქვა, აპარატზე საბოლოო შედეგის დაფიქსირებამდე.

7. ალკოტესტის აპარატზე 0,3 და ნაკლები პრომილეს დაფიქსირება ადასტურებს მატარებლის მემანქანის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტის არარსებობას.

8. ალკოტესტის აპარატზე 0,3-ზე მეტი პრომილეს დაფიქსირება ადასტურებს მატარებლის მემანქანის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტს, რაც წარმოადგენს მემანქანის მოწმობის შეჩერების ან/და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძველს.

9. ადგილზე შემოწმებისას უფლებამოსილი პირი ვალდებულია ამ წესის 22-ე მუხლით განსაზღვრული წესით შეადგინოს აუდიო, ვიდეო-აუდიო ან წერილობითი ოქმ