საკონსულო ფუნქციებია:
(a) მიმღებ სახელმწიფოში წარმგზავნი სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების (ფიზიკური და იურიდიული პირები) ინტერესების დაცვა საერთაშორისო სამართლით დაშვებულ ფარგლებში;
(b) წარმგზავნ სახელმწიფოსა და მიმღებ სახელმწიფოს შორის სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და მათ შორის მეგობრული ურთიერთობების სხვაგვარად ხელშეწყობა წინამდებარე კონვენციის დებულებათა შესაბამისად;
(c) ყოველგვარი კანონიერი საშულებებით, მიმღები სახელმწიფოს სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო ცხოვრების პირობებისა და სიახლეების გამორკვევა, წარმგზავნი სახელმწიფოს მთავრობისთვის მათ შესახებ ცნობების წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული პირებისთვის;
(d) წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტებისა და წარმგზავნ სახელმწიფოში შესვლის მსურველი პირებისთვის ვიზებისა თუ შესაბამისი დოკუმენტების გაცემა;
(e) წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქეების (ფიზიკური და იურიდიული პირები) დახმარება და მხარდაჭერა;
(f) ნოტარიუსად, სამოქალაქო აქტების მარეგისტრირებლად და მსგავსი უფლებამოსილებების ფარგლებში მოქმედება და ადმინისტრაციული ხასიათის გარკვეული ფუნქციების შესრულება იმ პირობით, რომ ეს არ ეწინააღმდეგება მიმღები სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს;
(g) წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქეების (ფიზიკური და იურიდიული პირები) ინტერესების დაცვა მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე mortis causa მემკვიდრეობის შემთხვევებში, მიმღები სახელმწიფოს კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად;
(h) მიმღები სახელმწიფოს კანონებისა და რეგულაციების ფარგლებში, წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქეობის მქონე არასრულწლოვნებისა და სხვა სრულ ქმედუნარიანობას მოკლებული პირების ინტერესების დაცვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთი პირების მიმართ საჭიროა მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესება;
(i) მიმღებ სახელმწიფოში დამკვიდრებული პრაქტიკისა და პროცედურების შესაბამისად, წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქეების მიმღები სახელმწიფოს ტრიბუნალებისა და ხელისუფლების სხვა ორგანოების წინაშე წარმომადგენლობა ან შესაბამისი წარმომადგენლობით უზრუნველყოფა აღნიშნული ტრიბუნალების და ორგანოების მიერ ამ მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვის დროებითი ზომების მიღების მიზნით, როდესაც ადგილზე არყოფნისა თუ ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო, ასეთ მოქალაქეებს არ შეუძლიათ დროულად დაიცვან თავიანთი უფლებები და ინტერესები;
(j) სასამართლო ან არასასამართლო დოკუმენტების გადაცემა ან წარმგზავნი სახელმწიფოს სასამართლოების მიერ მტკიცებულების მოპოვების მიზნით სასამართლოს მოთხოვნების ან დავალებების აღსრულება ძალაში მყოფი საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, ან, ასეთი შეთანხმებების არარსებობისას, ნებისმიერი სხვა ფორმით, მიმღები სახელმწიფოს კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად;
(k) წარმგზავნი სახელმწიფოს კანონებითა და რეგულაციებით გათვალისწინებული ზედამხედველობისა და ინსპექტირების უფლებების განხორციელება წარმგზავნი სახელმწიფოს ეროვნულობის მქონე გემების, ამ სახელმწიფოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდისა და მათი ეკიპაჟის მიმართ;
(l) წინამდებარე მუხლის „k“ პუნქტში მითითებული გემების, საჰაერო ხომალდისა და მათი ეკიპაჟების დახმარება, გემის მოგზაურობის თაობაზე განცხადებების მიღება, გემის დოკუმენტების გამოკვლევა და დამოწმება და, მიმღები სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილებებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, მოგზაურობის განმავლობაში მომხდარი ნებისმიერი ინციდენტის გამოძიების ჩატარება, და კაპიტანს, ოფიცრებსა და მეზღვაურებს შორის არსებული ნებისმიერი სახის დავის გადაწყვეტა იმდენად, რამდენადაც ეს ნებადართულია წარმგზავნი სახელმწიფოს კანონებითა და რეგულაციებით;
(m) წარმგზავნი სახელმწიფოს მიერ საკონსულო დაწესებულებისთვის დაკისრებული ნებისმიერი სხვა ფუნქციის შესრულება, რომელიც არ არის აკრძალული მიმღები სახელმწიფოს კანონებითა და რეგულაციებით ან რომლის მიმართ წინააღმდეგობა არ გამოუხატავს მიმღებ სახელმწიფოს, ან რომელიც გათვალისწინებულია წარმგზავნ სახელმწიფოსა და მიმღებ სახელმწიფოს შორის ძალაში მყოფი საერთაშორისო შეთანხმებები