1. თუ საკონსულო თანამდებობის პირი გაივლის ან იმყოფება იმ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელმაც მას მისცა ვიზა, თუ ასეთი ვიზა საჭირო იყო, რათა მან დაიკავოს თავისი თანამდებობა ან დაუბრუნდეს მას, ან როდესაც ის ბრუნდება წარმგზავნ სახელმწიფოში, მესამე სახელმწიფომ მას უნდა მიანიჭოს წინამდებარე კონვენციის სხვა მუხლებით გათვალისწინებული ყველა იმუნიტეტი, რომელიც შეიძლება საჭირო იყოს მისი ტრანზიტისთვის ან დაბრუნებისთვის. იგივე ვრცელდება მასთან ერთად მცხოვრები თავისი ოჯახის ნებისმიერ წევრზე, ვინც სარგებლობს ასეთივე პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით და ვინც თან ახლავს საკონსულო თანამდებობის პირს ან ვინც მგზავრობს განცალკევებით, რათა შეუერთდეს მას ან დაბრუნდეს წარმგზავნ სახელმწიფოში.

2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მსგავსი გარემოებების არსებობისას, მესამე სახელმწიფოებმა ხელი არ უნდა შეუშალონ მათ ტერიტორიაზე საკონსულო დაწესებულების სხვა წევრთა ან მათთან ერთად მცხოვრები თავიანთი ოჯახების წევრების ტრანზიტით გავლას.

3. მესამე სახელმწიფოებმა ტრანზიტულად მყოფ ოფიციალურ კორესპონდენციას და სხვა ოფიციალურ კომუნიკაციას, მათ შორის, კოდირებულ ან დაშიფრულ შეტყობინებებს უნდა მიანიჭონ ისეთივე თავისუფლება და დაცვა, რომლის მინიჭების ვალდებულებაც აქვს მიმღებ სახელმწიფოს წინამდებარე კონვენციის შესაბამისად. ტრანზიტულად მყოფ საკონსულო კურიერებს, რომლებზეც გაცემულია ვიზები, თუ ასეთი ვიზა საჭირო იყო, და საკონსულო ვალიზებს მესამე სახელმწიფოებმა უნდა მიანიჭონ ისეთივე ხელშეუხებლობა და დაცვა, რომლის მინიჭების ვალდებულება აქვს მიმღებ სახელმწიფოს წინამდებარე კონვენციის შესაბამისად.

4. მესამე სახელმწიფოების ვალდებულებები, რომლებიც განსაზღვრულია წინამდებარე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით, ასევე ვრცელდება იმ პირებზე და იმ ოფიციალურ კომუნიკაციასა და საკონსულო ვალიზებზე, რომელთა ყოფნა მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოწვეულია ფორსმაჟორი