1. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გამგებლობაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

3. დეპარტამენტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

4. დეპარტამენტის ქონებას შეადგენს მის სარგებლობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები და ფინანსური რესურსები.

5. დეპარტამენტს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, საკუთარი ხარჯთა ნუსხა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში.

6. დეპარტამენტს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. დეპარტამენტის ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს დეპარტამენტის თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, დეპარტამენტის ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.

7. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0160, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №1