1. იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიციურმა საწარმომ ან/და საცალო მომხმარებელმა 5 დღეზე მეტი ვადით დააგვიანა შესყიდული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) და/ან გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და გატარების ღირებულების გადახდა ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამყიდველი ან/და გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების ლიცენზიატები უფლებამოსილნი არიან შესაბამის კვალიფიციურ საწარმოებსა და საცალო მომხმარებლებს მოსთხოვონ საბანკო გარანტია მომდევნო საანგარიშო პერიოდში შესასყიდი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ან/და გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, გატარების მომსახურების ღირებულების დაფარვის უზრუნველსაყოფად.
2. იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიციური საწარმო ვერ წარადგენს მოთხოვნილ ფინანსურ გარანტიებს კომერციულ ოპერატორს აქვს სრული უფლება არ დაუშვას იგი საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობაზე, ხოლო წარმოების ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და განაწილების ლიცენზიატებს შეწყვიტონ ამ მომხმარებლისათვის ელექტროენერგიისა ან/და მომსახურეობის გაწევა ამ წესების შესაბამისად.
3. თუ ელექტროენერგიის (სიმძლავრის), გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, გატარების მომსახურების მყიდველი (მათ შორის, საბალანსო ელექტროენერგიის) კვალიფიციური საწარმო ან/და საცალო მომხმარებელი დააყოვნებს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ან მომსახურების საფასურის გადახდას, იგი ვალდებულია აანაზღაუროს ამგვარ დაყოვნებასთან დაკავშირებული უშუალო ხარჯები.
4. საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან 25 დღის განმავლობაში (თუ სხვა რამ არაა განსაზღვრული პირდაპირი ხელშეკრულებით) მყიდველი კვალიფიციციური საწარმოების ან/და საცალო მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ან მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში ან ამ მუხლის შესაბამისად საბანკო გარანტიების წარმოუდგენლობის შემთხვევაში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამყიდველი კვალიფიციურ საწარმო ან მომსახურების განმახორციელებელი შესაბამისი ლიცენზიანტი უფლებამოსილია მიმართოს ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულების შეჩერების თაობაზე.
5. ამგვარი შეტყობინების მიღებისთანავე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ვალდებულია აცნობოს შესაბამის მყიდველს ელექტროენერგიის სრული ან ნაწილობრივი შეწყვეტის შესახებ 72 საათით ადრე. თუ ამ პერიოდის განმავლობაში შესაბამისი კვალიფიციურ საწარმოს ან ლიცენზიატის მიერ არ მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის გაგზავნილი მიმართვის შეცვლა, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი აჩერებს ხელშეკრულების მოქმედებასა და ახორციელებს კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის მიწოდების სრულ ან ნაწილობრივ შეწყვეტას