1. ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის აღრიცხვის ძირითად მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტის, გამომუშავების, გადაცემის, განაწილების და მოხმარების შესახებ უტყუარი ინფორმაციის მიღება კვალიფიციურ საწარმოებს შორის ელექტროენერგიაზე (სიმძლავრეზე) შესაბამისი ანგარიშსწორების წარმოებისათვის.
2. აღრიცხვის სისტემამ უნდა უზრუნველყოს ელექტროენერგიის რაოდენობის და სიმძლავრის გასაშუალოებული მოცულობის შეფასება:
ა) ელექტროსადგურების გენერატორების მიერ გამომუშავებულის;
ბ) ელექტროსადგურებისა და ქვესადგურების საკუთარი და სამეურნეო საჭიროებაზე (ცალ-ცალკე) მოხმარებულის;
გ) ენერგოსექტორში საწარმოო საჭიროებისათვის მოხმარებულის;
დ) უშუალოდ მომხმარებლებთან ელექტროსადგურის სალტეებიდან გამომავალი ხაზებით გაშვებულის (გადაცემულის);
ე) სხვა მესაკუთრის ქსელში გადაცემულის ან მათგან მიღებულის;
ვ) ელექტროქსელიდან მომხმარებლებისადმი მიწოდებულის;
ზ) ექსპორტით გადაცემულის და იმპორტით მიღებულის;
თ) ერთი ქვეყნიდან მეორეში ტრანზიტით გამავალის (საქართველოს გავლით).
3. აქტიური სიმძლავრის აღრიცხვის ორგანიზება უნდა იძლეოდეს ისეთი ამოცანების გადაწყვეტის საშუალებას, როგორიცაა:
ა) ენერგოსისტემაში ძაბვის სხვადასხვა კლასის საბითუმო მიწოდების ქსელებში ელექტროენერგიის მიწოდების რაოდენობის განსაზღვრა;
ბ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შედგენა ენერგოსისტემის საბითუმო მიწოდების ქსელის ყველა დონეზე;
გ) კვალიფიციური საწარმოების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების დადგენილი რეჟიმების და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების დაცვის კონტროლი;
დ) კვალიფიციურ საწარმოებთან ანგარიშსწორება მოხმარებული ელექტროენერგიისათვის მოქმედი ტარიფებით, მათ შორის, მრავალსაფეხურიანი და დიფერენცირებული ტარიფებით.
4. რეაქტიული ელექტროენერგიის აღრიცხვა უნდა იძლეოდეს საშუალებას:
ა) განისაზღვროს რეაქტიული სიმძლავრე, რომელიც მიიღეს ან მიეწოდათ კვალიფიციურ საწარმოებს;
ბ) აღირიცხოს მაკომპენსირებელი მოწყობილობების მიერ გამომუშავებული რეაქტიული ელექტროენერგია.
გ) უზრუნველყოს სისტემათაშორისი ხაზებით რეაქტიული ელექტროენერგიის გადაცემის კონტროლი.
დ) განისაზღვროს გენერატორის მიერ გამომუშავებული სიმძლავრე.
5. აღრიცხვის მოწყობილობები, ასევე ელექტროენერგიის ხარისხის მაკონტროლებელი მოწყობილობები უნდა აკმაყოფილებდნენ „ენერგეტიკაში ენერგოობიექტებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის მოწყობის და მათით სარგებლობის წესებისა“ და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნებს და შეტანილი უნდა იყოს გამზომ ხელსაწყოთა რეესტრში. აღნიშნული ხელსაწყოები უნდა დამონტაჟდეს ელექტრომოწყობილობების მოწყობის ინსტრუქციების შესაბამისად