წინამდებარე წესდების მიზნებისთვის „დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ“ ნიშნავს ქვემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ ქმედებას, როდესაც ის ჩადენილია ნებისმიერი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი ან სისტემატური თავდასხმის ფარგლებში, თავდასხმის ცოდნით:

მკვლელობა;

მასობრივი განადგურება;

დამონება;

დეპორტაცია ან მოსახლეობის იძულებითი გადაყვანა;

დატყვევება ან ფიზიკური თავისუფლების სხვაგვარი უხეში აღკვეთა საერთაშორისო სამართლის ძირითადი წესების დარღვევით;

წამება;

გაუპატიურება, სქესობრივი მონობა, იძულებითი პროსტიტუცია, იძულებითი ორსულობა, იძულებითი სტერილიზაცია ან მსგავსი სიმძიმის სქესობრივი ძალადობის სხვა ფორმები;

ნებისმიერი იდენტიფიცირებადი ჯგუფის ან ერთობის დევნა პოლიტიკური, რასობრივი, ეროვნული, ეთნიკური, კულტურული, რელიგიური, გენდერული, როგორც ეს განმარტებულია მე-3 პუნქტში, ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით საყოველთაოდ დაუშვებლად აღიარებული სხვა საფუძვლით, წინამდებარე პუნქტში მითითებულ ნებისმიერ ქმედებასთან ან სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ ნებისმიერ დანაშაულთან კავშირში;

პირთა იძულებითი გაუჩინარება;

აპარტეიდის დანაშაული;

მსგავსი ხასიათის სხვა არაადამიანური ქმედებები, რომლებიც განზრახ იწვევენ მძიმე ტანჯვას, სხეულის, მენტალური ან ფიზიკური ჯანმრთელობის სერიოზულ დაზიანებას.

პირველი პუნქტის მიზნებისთვის:

„ნებისმიერი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმა“ ნიშნავს ქმედების მიმდინარეობას, რომელიც მოიცავს პირველ პუნქტში მითითებულ ქმედებათა მრავალგზის ჩადენას ნებისმიერი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, ასეთი თავდასხმის განხორციელების მიზნით შემუშავებული სახელმწიფო ან ორგანიზაციული პოლიტიკის შესაბამისად ან მისი ხელშეწყობის მიზნით;

„მასობრივი განადგურება“ მოიცავს ისეთი საარსებო პირობების განზრახ შექმნას, inter alia, საკვებსა და მედიკამენტებზე წვდომის აღკვეთას, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ გამოიწვიოს მოსახლეობის ნაწილის განადგურება;

„დამონება“ ნიშნავს პირის მიმართ საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ან ყველა უფლებამოსილების განხორციელებას და მოიცავს ასეთი უფლებამოსილების განხორციელებას ადამიანებით, განსაკუთრებით კი ქალებით და ბავშვებით ვაჭრობის პროცესში;

„დეპორტაცია ან მოსახლეობის იძულებითი გადაყვანა“ ნიშნავს გაძევებით ან სხვა იძულებითი ქმედებებით, საერთაშორისო სამართლით ნებადართული საფუძვლების გარეშე, შესაბამის პირთა იძულებით გადაადგილებას იმ არეალიდან, სადაც ისინი კანონიერად იმყოფებიან;

„წამება“ ნიშნავს მძიმე ტკივილის ან ტანჯვის, იქნება ეს ფიზიკური თუ მენტალური, განზრახ მიყენებას იმ პირისთვის, რომელიც იმყოფება ბრალდებულის განკარგულების ან კონტროლის ქვეშ; წამება არ მოიცავს ტკივილს ან ტანჯვას, რომელიც გამოწვეულია მხოლოდ კანონიერი სასჯელებით, განუყოფელია მათგან ან მათი თანმდევია;

„იძულებითი ორსულობა“ ნიშნავს იძულებით დაორსულებული ქალის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, რომელსაც თან სდევს ნებისმიერი მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობაზე გავლენის მოხდენის ან საერთაშორისო სამართლის სხვა მძიმე დარღვევების ჩადენის განზრახვა. ეს განსაზღვრება არავითარ შემთხვევაში არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ გავლენა მოახდინოს ორსულობასთან დაკავშირებულ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაზე;

„დევნა“ ნიშნავს ძირითადი უფლებების განზრახ და მძიმე ხელყოფას საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ, ჯგუფის ან ერთობის იდენტობის საფუძველზე;

„აპარტეიდის დანაშაული“ ნიშნავს პირველ პუნქტში მოცემული მოქმედებების მსგავსი ხასიათის არაადამიანურ ქმედებებს, რომლებიც ჩადენილია სისტემატური ჩაგვრის ინსტიტუციონალიზებული რეჟიმისა და ერთი რასობრივი ჯგუფის მიერ ნებისმიერ სხვა რასობრივ ჯგუფზე ან ჯგუფებზე დომინაციის კონტექსტში და ჩადენილია ასეთი რეჟიმის შენარჩუნების განზრახვით;

„პირთა იძულებითი გაუჩინარება“ ნიშნავს პირთა დაპატიმრებას, დაკავებას ან მოტაცებას სახელმწიფოს ან პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ, ან მათი ნებართვით, მხარდაჭერით ან უმოქმედობით გამოხატული თანხმობით, რასაც თან ახლავს უარი თავისუფლების ამგვარი აღკვეთის აღიარებაზე ან ასეთი პირების ბედის ან ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებაზე იმ განზრახვით, რომ ასეთი პირები ხანგრძლივი დროის განმავლობაში დარჩნენ სამართლით მინიჭებული დაცვის მიღმა.

წინამდებარე წესდების მიზნებისთვის ტერმინი „გენდერი“ გაიგება იმგვარად, რომ გულისხმობს ორ სქესს – მამრობითს და მდედრობითს – საზოგადოების კონტექსტში. ტერმინი „გენდერი“ არ ატარებს ზემოაღნიშნულისგან განსხვავებულ რაიმე მნიშვნელობა