[საქართველოსთვის ძალაშია 2015 წლის 5 დეკემბრიდან]

წინამდებარე წესდების მიზნებისთვის „აგრესიის დანაშაული“ ნიშნავს ისეთ პოზიციაში მყოფი პირის მიერ, რომელიც ეფექტიანად ახორციელებს კონტროლს სახელმწიფოს პოლიტიკურ ან სამხედრო მოქმედებაზე ან წარმართავს მათ, აგრესიის აქტის დაგეგმვას, მომზადებას, დაწყებას ან აღსრულებას, რომელიც თავისი ხასიათით, სიმძიმითა და მასშტაბით წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის აშკარა დარღვევას.

პირველი პუნქტის მიზნებისათვის, „აგრესიის აქტი“ ნიშნავს სახელმწიფოს მიერ შეიარაღებული ძალის გამოყენებას სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიასთან შეუსაბამო სხვა ნებისმიერი ფორმით. ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედება, ომის გამოცხადების მიუხედავად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 1974 წლის 14 დეკემბრის 3314 (XXIX) რეზოლუციის შესაბამისად, შეფასდება აგრესიის აქტად:

სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეჭრა ან თავდასხმა, ან ნებისმიერი სამხედრო ოკუპაცია, მიუხედავად მისი დროებითი ხასიათისა, რომელიც ასეთი შეჭრის ან თავდასხმის შედეგია, ან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ან მისი ნაწილის ანექსია ძალის გამოყენებით;

სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის დაბომბვა ან სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის წინააღმდეგ ნებისმიერი იარაღის გამოყენება;

სახელმწიფოს პორტების ან სანაპიროების ბლოკადა სხვა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ;

სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების თავდასხმა სხვა სახელმწიფოს სახმელეთო, საზღვაო ან საჰაერო ძალებზე, ან საზღვაო და საჰაერო ფლოტებზე;

მიმღები სახელმწიფოს თანხმობით თავის ტერიტორიაზე მყოფი მეორე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების გამოყენება შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით, ან შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ ამ ტერიტორიაზე მათი ყოფნის ვადის ნებისმიერი გაგრძელება;

სახელმწიფოს ქმედება, რომლითაც იძლევა ნებას, მეორე სახელმწიფოს განკარგულებაში გადაცემული თავისი ტერიტორია ამ მეორე სახელმწიფოს მიერ გამოყენებულ იქნეს მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის აქტის ჩასადენად;

სახელმწიფოს მიერ ან მისი სახელით შეიარაღებული ბანდების, ჯგუფების, არარეგულარული ძალების ან დაქირავებულების გაგზავნა, რომლებიც სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ახორციელებენ შეიარაღებული ძალის იმგვარი სიმძიმის აქტებს, რომლებიც უტოლდება ზემოთ ჩამოთვლილ ქმედებებს, ან მისი არსებითი ჩართულობა ასეთ ქმედებებშ