სასამართლოს აქვს იურისდიქცია ომის დანაშაულებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ჩადენილია გეგმის ან პოლიტიკის ფარგლებში, ან ასეთი დანაშაულების ფართომასშტაბიანი ჩადენის ფარგლებში.
წინამდებარე წესდების მიზნებისთვის „ომის დანაშაულები“ ნიშნავს:
1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციების მძიმე დარღვევებს, კერძოდ, ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებას იმ პირების ან ქონების წინააღმდეგ, რომლებიც დაცულნი არიან შესაბამისი ჟენევის კონვენციის დებულებებით:
განზრახ მოკვლა;
წამება ან არაადამიანური მოპყრობა, მათ შორის, ბიოლოგიური ექსპერიმენტები;
მძიმე ტანჯვის, სხეულის ან ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების განზრახ გამოწვევა;
ქონების ფართომასშტაბიანი განადგურება და მითვისება, რომელიც არ არის გამართლებული სამხედრო აუცილებლობით და განხორციელებულია უკანონოდ და უმიზეზოდ;
სამხედრო ტყვის ან სხვა დაცული პირის იძულება, იმსახუროს მოწინააღმდეგე ძალის შეიარაღებულ ძალებში;
სამხედრო ტყვისთვის ან სხვა დაცული პირისთვის სამართლიანი და რეგულარული სასამართლო პროცესის უფლებების განზრახ ჩამორთმევა;
უკანონო დეპორტაცია ან გადაყვანა ან თავისუფლების უკანონო აღკვეთა;
მძევლების აყვანა.
საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში მოქმედი წესებისა და ჩვეულებების სხვა სერიოზული დარღვევები, საერთაშორისო სამართლის დადგენილი ჩარჩოს ფარგლებში, კერძოდ, ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი მოქმედება:
თავდასხმების განზრახ მიმართვა სამოქალაქო მოსახლეობის, როგორც ასეთის, წინააღმდეგ ან ცალკეულ სამოქალაქო პირებზე, რომლებიც პირდაპირ არ მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში;
თავდასხმების განზრახ მიმართვა სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ, ესე იგი იმ ობიექტებზე, რომლებიც არ არის სამხედრო ობიექტები;
თავდასხმების განზრახ მიმართვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის შესაბამისად მოქმედი ჰუმანიტარული დახმარების ან სამშვიდობო მისიაში ჩართული პერსონალის, ინსტალაციების, მასალების, დანაყოფების ან ტრანსპორტის წინააღმდეგ მანამ, სანამ მათ უნარჩუნდებათ სამოქალაქო პირებისთვის ან სამოქალაქო ობიექტებისთვის შეიარაღებული კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის მიხედვით მინიჭებული დაცვა;
თავდასხმის განზრახ განხორციელება იმის ცოდნით, რომ ასეთი თავდასხმა გამოიწვევს სამოქალაქო პირთა სიცოცხლის თანმდევ მოსპობას ან დაზიანებას, ან სამოქალაქო ობიექტების დაზიანებას, ან ბუნებრივი გარემოს ფართომასშტაბიან, ხანგრძლივ და მძიმე დაზიანებას, რომელიც აშკარად გადამეტებული იქნებოდა კონკრეტული და მოსალოდნელი პირდაპირი ზოგადი სამხედრო უპირატესობის მიმართ;
ნებისმიერი საშუალებით იმ ქალაქებზე, სოფლებზე, საცხოვრებლებზე ან შენობებზე თავდასხმა ან მათი დაბომბვა, რომლებიც დაუცველია და არ არის სამხედრო სამიზნე;
იმ კომბატანტის მოკვლა ან დაჭრა, რომელმაც დაყარა რა იარაღი ან აღარ აქვს თავდაცვის საშუალებები, თავისი სურვილით დანებდა;
ცეცხლის შეწყვეტის ალმის, მოწინააღმდეგე მხარის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროშის ან სამხედრო ნიშნების ან უნიფორმის, ასევე, ჟენევის კონვენციებით გათვალისწინებული განმასხვავებელი ემბლემების არასათანადო გამოყენება, რომელმაც გამოიწვია სიკვდილი ან სერიოზული პერსონალური დაზიანება;
ოკუპანტი ძალის მიერ საკუთარი სამოქალაქო მოსახლეობის ნაწილების პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაყვანა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ან ოკუპირებული ტერიტორიის მთელი მოსახლეობის ან მისი ნაწილების დეპორტაცია ან გადაყვანა ამ ტერიტორიის ფარგლებში ან მის გარეთ;
თავდასხმების განზრახ მიმართვა რელიგიური, საგანმანათლებლო, ხელოვნების, სამეცნიერო ან საქველმოქმედო მიზნებისთვის განკუთვნილი შენობების, ისტორიული ძეგლების, საავადმყოფოების ან ავადმყოფთა და დაჭრილთა თავშეყრის ადგილების წინააღმდეგ, იმ პირობით, რომ ისინი არ არიან სამხედრო სამიზნეები;
მოწინააღმდეგე მხარის ხელში მყოფი პირების დაქვემდებარება ფიზიკური დასახიჩრებისადმი ან ნებისმიერი სახის სამედიცინო ან სამეცნიერო ექსპერიმენტისადმი, რომელიც არ არის გამართლებული აღნიშნული პირის სამედიცინო, სტომატოლოგიური ან სტაციონარული მკურნალობით და არ არის განხორციელებული მისი ინტერესების შესაბამისად, და რომელიც იწვევს ამ პირის ან პირთა სიკვდილს ან სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას;
მოწინააღმდეგე ერის ან შეიარაღებული ძალების კუთვნილი ფიზიკური პირების მზაკვრულად მოკვლა ან დაჭრა;
გამოცხადება იმისა, რომ არავინ იქნება შეწყალებული;
მტრის ქონების განადგურება ან ჩამორთმევა, თუ ასეთი განადგურება ან ჩამორთმევა იმპერატიულად არ არის განპირობებული ომის საჭიროებებით;
სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის მოქალაქეთა უფლებებისა და სასამართლოსთვის მიმართვის უფლების გაუქმებულად, შეჩერებულად ან დაუშვებლად გამოცხადება;
მოწინააღმდეგე მხარის მოქალაქეთა იძულება, მონაწილეობა მიიღონ მათი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ საომარ ოპერაციებში, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ომის დაწყებამდე ისინი იმყოფებოდნენ მეომარი მხარის სამსახურში;
ქალაქის ან ადგილის ძარცვა, თუნდაც იერიშით აღებისას;
საწამლავის ან მოწამლული იარაღების გამოყენება;
მხუთავი, მომწამვლელი ან სხვა აირების და ყველა მსგავსი სითხის, მასალის ან მოწყობილობის გამოყენება;
ისეთი ტყვიების გამოყენება, რომლებიც ადვილად სკდება ან ბრტყელდება ადამიანის სხეულში, როგორიცაა ტყვიები მყარი გარსით, რომელიც მთლიანად არ ფარავს ბირთვს, ან რომელიც დასერილია;
ისეთი ხასიათის იარაღების, ჭურვების, მასალებისა და ომის წარმოების მეთოდების გამოყენება, რომლებიც იწვევენ გადაჭარბებულ ზიანს ან გაუმართლებელ ტანჯვას, ან თანდაყოლილი სახით განურჩეველი მოქმედებისაა შეიარაღებული კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის დარღვევით, იმ პირობით, რომ ასეთი იარაღები, ჭურვები, მასალები და ომის წარმოების მეთოდები ექვემდებარება ყოვლისმომცველ აკრძალვას და მოცემულია წინამდებარე წესდების დანართში, რომელიც ცვლილების სახით მიღებულია 121-ე და 123-ე მუხლების შესაბამისი დებულებების მიხედვით.
პირადი ღირსების შელახვა, განსაკუთრებით, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა;
გაუპატიურების, სქესობრივი მონობის, იძულებითი პროსტიტუციის, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის (f) ქვეპუნქტში განსაზღვრული იძულებითი ორსულობის, იძულებითი სტერილიზაციის ან სქესობრივი ძალადობის ნებისმიერი სხვა ფორმით ჩადენა, რაც ასევე წარმოადგენს ჟენევის კონვენციების მძიმე დარღვევას;
სამოქალაქო ან სხვა დაცული პირის ყოფნის გამოყენება ცალკეული პუნქტების, არეალების ან სამხედრო ძალების სამხედრო მოქმედებებისგან დაცვის მიზნით;
თავდასხმების განზრახ მიმართა იმ შენობების, მასალების, სამედიცინო დანაყოფების ან ტრანსპორტის და პერსონალის წინააღმდეგ, რომლებიც, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, იყენებენ ჟენევის კონვენციებით გათვალისწინებულ განმასხვავებელ ემბლემებს;
ომის წარმოების მეთოდის სახით, სამოქალაქო პირების განზრახ დამშევის გამოყენება, მათი გადარჩენისთვის აუცილებელი საშუალებების ჩამორთმევით, მათ შორის, ჟენევის კონვენციებით გათვალისწინებული დახმარების მარაგების განზრახ შეფერხებით;
თხუთმეტ წლამდე ასაკის ბავშვების გაწვევა ან ჩარიცხვა ეროვნულ შეიარაღებულ ძალებში ან მათი გამოყენება საბრძოლო მოქმედებებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად.
იმ იარაღების გამოყენება, რომლებიც იყენებენ მიკრობულ ან სხვა ბიოლოგიურ აგენტებს ან ტოქსინებს, მათი წარმოშობის ან წარმოების მეთოდის მიუხედავად; [საქართველოსთვის არ არის ძალაში]
იმ იარაღების გამოყენება, რომელთა პირველადი ეფექტი არის დაზიანება იმ ფრაგმენტებით, რომელთა ადამიანის სხეულში აღმოჩენა შეუძლებელია რენტგენის სხივებით. [საქართველოსთვის არ არის ძალაში]
ლაზერული იარაღების გამოყენება, რომლებიც სპეციალურად შექმნილია იმისთვის, რომ გამოიწვიონ დაუცველი მხედველობის, ანუ შეუიარაღებელი თვალის ან მხედველობის მაკორექტირებელი მოწყობილობით აღჭურვილი თვალის მუდმივი სიბრმავე, რაც წარმოადგენს მათ ერთადერთ ან ერთ-ერთ საბრძოლო ფუნქციას. [საქართველოსთვის არ არის ძალაში]
საერთაშორისო ხასიათის არმქონე შეირაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის ოთხი კონვენციის საერთო მე-3 მუხლის სერიოზული დარღვევები, კერძოდ, ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედება, ჩადენილი იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას არ იღებენ საბრძოლო მოქმედებებში, მათ შორის, შეიარაღებული ძალების იმ წევრების წინააღმდეგ, რომლებმაც დაყარეს იარაღი ან იქცნენ hors de combat პირებად ავადმყოფობის, ჭრილობების, დაკავების ან ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო:
სიცოცხლისა და პირის მიმართ ძალადობა, განსაკუთრებით, ყველა სახის მკვლელობა, დასახიჩრება, სასტიკი მოპყრობა და წამება;
პირადი ღირსების შეურაცხყოფა, განსაკუთრებით, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა;
მძევლების აყვანა;
სასჯელის შეფარდება და სიკვდილით დასჯის აღსრულება წინმსწრები გადაწყვეტილების გარეშე, რომელიც გამოტანილია რეგულარულად დაფუძნებული სასამართლოს მიერ და რომელიც უზრუნველყოფს ყველა სასამართლო გარანტიას, რომლებიც ზოგადად აღიარებულია, როგორც განუყოფელი.
მე-2 პუნქტის (c) ქვეპუნქტი ვრცელდება საერთაშორისო ხასიათის არმქონე შეიარაღებულ კონფლიქტებზე და, შესაბამისად, არ ვრცელდება შიდა არეულობებისა და დაძაბულობის სიტუაციებზე, როგორიცაა ამბოხება, ძალადობის იზოლირებული და სპორადული აქტები ან მსგავსი ხასიათის სხვა აქტები.
საერთაშორისო ხასიათის არმქონე შეიარაღებულ კონფლიქტებში მოქმედი წესებისა და ჩვეულებების სხვა სერიოზული დარღვევები, საერთაშორისო სამართლით დადგენილ ფარგლებში, კერძოდ, რომელიმე შემდეგი ქმედება:
თავდასხმების განზრახ მიმართვა სამოქალაქო მოსახლეობის, როგორც ასეთის, ან ინდივიდუალური სამოქალაქო პირების წინააღმდეგ, რომლებიც პირდაპირ არ მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში;
თავდასხმების განზრახ მიმართვა შენობების, მასალების, სამედიცინო დანაყოფებისა და ტრანსპორტის და პერსონალის წინააღმდეგ, რომლებიც, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, იყენებენ ჟენევის კონვენციებით გათვალისწინებულ განმასხვავებელ ემბლემებს;
თავდასხმების განზრახ მიმართვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის შესაბამისად მოქმედი ჰუმანიტარული დახმარების ან სამშვიდობო მისიაში ჩართული პერსონალის, ნაგებობების, მასალების, დანაყოფების ან სატრანსპორტო საშუალებების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ მანამ, სანამ მათ აქვთ შეიარაღებული კონფლიქტის საერთაშორისო სამართლით სამოქალაქო პირებისთვის ან სამოქალაქო ობიექტებისთვის მინიჭებული დაცვით სარგებლობის უფლება;
თავდასხმების განზრახ მიმართვა რელიგიისთვის, განათლებისთვის, ხელოვნებისთვის, მეცნიერებისთვის ან საქველმოქმედო მიზნებისთვის განკუთვნილი შენობების, ისტორიული ძეგლების, საავადმყოფოებისა და ავადმყოფებისა და დაჭრილების თავმოყრის ადგილების წინააღმდეგ, იმ პირობით, რომ ისინი არ არიან სამხედრო სამიზნეები;
ქალაქის ან ადგილის ძარცვა, თუნდაც იერიშით აღებისას;
გაუპატიურების, სქესობრივი მონობის, იძულებითი პროსტიტუციის, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის (f) ქვეპუნქტში განსაზღვრული იძულებითი ორსულობის, იძულებითი სტერილიზაციის და სქესობრივი ძალადობის ნებისმიერი სხვა ფორმით ჩადენა, რაც ასევე წარმოადგენს ჟენევის ოთხი კონვენციის საერთო მე-3 მუხლის სერიოზულ დარღვევას;
თხუთმეტ წლამდე ასაკის ბავშვების გაწვევა ან ჩარიცხვა შეიარაღებულ ძალებში ან ჯგუფებში და მათი გამოყენება საბრძოლო მოქმედებებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად.
კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზების გამო სამოქალაქო მოსახლეობის გადაადგილების თაობაზე ბრძანების გაცემა, თუ ამას არ მოითხოვს შესაბამისი სამოქალაქო პირების უსაფრთხოება ან იმპერატიული სამხედრო მიზეზები;
მოწინააღმდეგე მებრძოლის მზაკვრულად მოკვლა ან დაჭრა;
გამოცხადება იმისა, რომ არავინ იქნება შეწყალებული;
კონფლიქტის მეორე მხარის ხელში მყოფი პირების დაქვემდებარება ფიზიკური დასახიჩრებისადმი ან ნებისმიერი სახის სამედიცინო ან სამეცნიერო ექსპერიმენტისადმი, რომელიც არ არის გამართლებული აღნიშნული პირის სამედიცინო, სტომატოლოგიური ან სტაციონარული მკურნალობით და არ არის განხორციელებული მისი ინტერესების შესაბამისად, და რომელიც იწვევს ამ პირის ან პირთა სიკვდილს ან სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას;
მოწინააღმდეგის ქონების განადგურება ან ჩამორთმევა, თუ ასეთი განადგურება ან ჩამორთმევა იმპერატიულად არ არის განპირობებული კონფლიქტის საჭიროებებით;
საწამლავის ან მოწამლული იარაღების გამოყენება; [
საქართველოსთვის ძალაშია 2016 წლის 3 ნოემბრიდან]
მხუთავი, მომწამვლელი ან სხვა აირების და ყველა მსგავსი სითხის, მასალის ან მოწყობილობის გამოყენება; [
საქართველოსთვის ძალაშია 2016 წლის 3 ნოემბრიდან]
ისეთი ტყვიების გამოყენება, რომლებიც ადვილად სკდება ან ბრტყელდება ადამიანის სხეულში, როგორიცაა ტყვიები მყარი გარსით, რომელიც მთლიანად არ ფარავს ბირთვს, ან რომელიც დასერილია; [
საქართველოსთვის ძალაშია 2016 წლის 3 ნოემბრიდან]
იმ იარაღების გამოყენება, რომლებიც იყენებენ მიკრობულ ან სხვა ბიოლოგიურ აგენტებს ან ტოქსინებს, მათი წარმოშობის ან წარმოების მეთოდის მიუხედავად; [საქართველოსთვის არ არის ძალაში]
იმ იარაღების გამოყენება, რომელთა პირველადი ეფექტი არის დაზიანება იმ ფრაგმენტებით, რომელთა ადამიანის სხეულში აღმოჩენა შეუძლებელია რენტგენის სხივებით; [საქართველოსთვის არ არის ძალაში]
ლაზერული იარაღების გამოყენება, რომლებიც სპეციალურად შექმნილია იმისთვის, რომ გამოიწვიონ დაუცველი მხედველობის, ანუ შეუიარაღებელი თვალის ან მხედველობის მაკორექტირებელი მოწყობილობით აღჭურვილი თვალის მუდმივი სიბრმავე, რაც წარმოადგენს მათ ერთადერთ ან ერთ-ერთ საბრძოლო ფუნქციას. [საქართველოსთვის არ არის ძალაში]
ომის წარმოების მეთოდის სახით, სამოქალაქო პირების განზრახ დამშევის გამოყენება, მათი გადარჩენისთვის აუცილებელი საშუალებების ჩამორთმევით, მათ შორის, დახმარების მარაგების განზრახ შეფერხებით; [საქართველოსთვის არ არის ძალაში]
მე-2 პუნქტის (e) ქვეპუნქტი ვრცელდება საერთაშორისო ხასიათის არმქონე შეიარაღებულ კონფლიქტებზე და, შესაბამისად, არ ვრცელდება შიდა არეულობებისა და დაძაბულობის სიტუაციებზე, როგორიცაა ამბოხება, ძალადობის იზოლირებული და სპორადული აქტები ან მსგავსი ხასიათის სხვა აქტები. ის ვრცელდება შეიარაღებულ კონფლიქტებზე, რომლებიც მიმდინარეობს სახელმწიფოს ტერიტორიაზე, როდესაც არსებობს გახანგრძლივებული შეიარაღებული კონფლიქტი სამთავრობო უწყებებსა და ორგანიზებულ შეიარაღებულ ჯგუფებს შორის ან ასეთ ჯგუფებს შორის.
მე-2 პუნქტის (c) და (e) ქვეპუნქტების რომელიმე დებულება გავლენას არ ახდენს მთავრობის პასუხისმგებლობაზე, შეინარჩუნოს ან აღადგინოს მართლწესრიგი სახელმწიფოში ან დაიცვას სახელმწიფოს ერთიანობა და ტერიტორიული მთლიანობა ყველა ლეგიტიმური საშუალები