1. უცხოელის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული იმ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს უცხოელის საქართველოდან გაძევებას და საქართველოში შემოსვლის აკრძალვას, პროკურორი ან გამომძიებელი უფლებამოსილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 472 მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული დასკვნის მიღების მიზნით მიმართოს დეპარტამენტს.

2. დეპარტამენტი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დასკვნას 30 დღის ვადაში უგზავნის პროკურორს ან გამომძიებელს, სასამართლოსთვის წარდგენის მიზნით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასკვნა აუცილებელი არ არის, თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, რომლის პირობა ითვალისწინებს სასჯელის სახით უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის დანიშვნას.

4. თუ უცხოელი, რომელსაც სასჯელის სახედ განესაზღვრა უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, ძირითადი სასჯელის სახედ დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდის მიზნით მოთავსებულია პენიტენციურ დაწესებულებაში, დეპარტამენტი უცხოელის საქართველოდან გაძევების აღსრულების უზრუნველსაყოფად შესაბამის პროცედურას იწყებს მის მიერ სასჯელის მოხდამდე ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით მის გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე, თუკი აღნიშნული ინფორმაცია არსებობს. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში უცხოელის ცენტრში გადაყვანას/ესკორტირებას ახორციელებს დეპარტამენტი.

5. იმ უცხოელის დაკავებას ან/და ცენტრში გადაყვანას/ესკორტირებას, რომელსაც სასჯელის სახედ განესაზღვრა საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა და რომლის მიმართაც გამოყენებულია სხვა არასაპატიმრო სასჯელი ან/და პირობითი მსჯავრი, უზრუნველყოფს დეპარტამენტი, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, ტერიტორიული ორგანო ან საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.

6. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში უცხოელის ცენტრში მოთავსების საფუძველია სასამართლოს განკარგულება განაჩენის ასლთან ერთად, რომლითაც უცხოელს განესაზღვრა საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. სასამართლო განაჩენის აღსრულების შესახებ განკარგულებას განაჩენის ასლთან ერთად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, სასამართლო უგზავნის დეპარტამენტს.

თავი XI. უცხოელის საქართველოდან გაძევების პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის ძირითადი გარანტიები. უცხოელის თანამშრომლობის ვალდებულებე