1. უცხოელის მიმართ გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება აღსრულდება მისთვის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების/ბრძანების საფუძველზე საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის ამოწურვიდან, ან თუ გადაწყვეტილებით/ბრძანებით არ განესაზღვრა საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადა, საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების/ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გამოყენებისას, დეპარტამენტმა, შეძლებისდაგვარად, უნდა გაითვალისწინოს მოსალოდნელი დაბრკოლებები.
3. თუ დეპარტამენტი ვერ აღასრულებს უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებას იმის გამო, რომ გასაძევებელი პირი მიმალულია ან იგი თავშესაფრის მაძიებელია, ან არსებობს სხვა გარემოება, რომლის გამოც ვერ ხერხდება გადაწყვეტილების აღსრულება, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლა ჩერდება შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე.
4. გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლებელია განხორციელდეს ესკორტით ან ესკორტის გარეშე, საზღვაო, სახმელეთო ან საჰაერო გზით.
5. დეპარტამენტი, უცხოელის გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით, ახორციელებს:
ა) გაძევების შესაძლო დამაბრკოლებელი გარემოებების შესწავლას;
ბ) სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და შესაბამისი ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან დაკავშირებას;
გ) საჭიროების შემთხვევაში, გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის სამგზავრო დოკუმენტებით უზრუნველყოფას;
დ) საჭიროების შემთხვევაში, ტრანზიტულ ქვეყანაში შესვლის ნებართვის მოპოვებას;
ე) მგზავრობის მიზნით უცხოელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმის ცნობის მიღებას;
ვ) უცხოელის ფსიქოლოგიური კონსულტაციით უზრუნველყოფას;
ზ) უცხოელის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების დაცვის უზრუნველყოფას;
თ) ესკორტის წევრების შერჩევასა და გამოყოფას;
ი) გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების ანგარიშის მომზადებას.
6. იმ შემთხვევაში, თუ გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში უცხოელი გამოთქვამს ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების სურვილს, მას, შეძლებისდაგვარად, უნდა მიეცეს ამის საშუალება.
7. სამმართველო ვალდებულია, მოამზადოს და გააკონტროლოს გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის:
ა) გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება;
ბ) სამგზავრო დოკუმენტები, როგორც უცხოელის, ასევე ესკორტის ჯგუფისათვის;
გ) უცხოელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა;
დ) სასამართლოს გადაწყვეტილება დაკავებული უცხოელის ცენტრში მოთავსების შესახებ (არსებობის შემთხვევაში);
ე) გადამყვანი კომპანიის დასტური უცხოელის გადაყვანისათვის;
ვ) საჭირო ვიზები და სხვა დოკუმენტაცია.
8. გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებამდე, გონივრულ ვადაში, დეპარტამენტი უცხოელს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, ატყობინებს, სად (რომელ ქვეყანაში), როდის (თარიღი და დრო) და რა პირობებში (ესკორტით თუ ესკორტის გარეშე) მოხდება მისი გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება. იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი გაძევების პროცესის განმავლობაში არ იმყოფება ცენტრში, შესაბამისი შეტყობინება უცხოელს ბარდება ამ წესის 28-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
9. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს გაიღებს გასაძევებელი პირი ან მისი მომწვევი პირი. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ნაწილობრივ ან მთლიანად გაიღებს საქართველოს სახელმწიფო, თუ ხარჯების სხვაგვარი ანაზღაურება შეუძლებელი