1. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან, უცხოელისთვის საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირებასთან ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების ან სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან, უცხოელის ცენტრში მოთავსებასთან, უცხოელის ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენებასთან დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში დეპარტამენტის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი შუამდგომლობა ან/და შესაგებელი, სასამართლო უწყება, სასამართლო საქმისწარმოების სხვა მასალები, აგრეთვე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, განჩინების გამოტანისას ან ბრძანების გამოცემისას გადაწყვეტილების/განჩინების/ბრძანების სარეზოლუციო ნაწილი კანონის 561 მუხლით დადგენილი წესით განთავსდება ვებგვერდზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილება უცხოელს ბარდება მხოლოდ ქართულ ენაზე, კანონის 561 მუხლით დადგენილი წესით და მისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან.
3. სასამართლოს უფლებამოსილი პირები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების, განჩინების ან/და ბრძანების, ასევე შესაგებლის, სასამართლო საქმისწარმოების სხვა მასალების ან/და სასამართლო უწყების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსებას ახორციელებენ სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით.
4. ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები დეპარტამენტის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი შუამდგომლობის ან/და შესაგებლის, სასამართლო უწყების, სასამართლო საქმისწარმოების სხვა მასალების, აგრეთვე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების/განჩინების/ბრძანების ვებგვერდზე განთავსებასთან დაკავშირებით არ ვრცელდება იმ უცხოელზე, რომელიც შუამდგომლობის წარდგენის, სასამართლო უწყების, ასევე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების/განჩინების/ბრძანების მიღების მომენტში მოთავსებულია ცენტრში ან იზოლატორში.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დეპარტამენტის შუამდგომლობა ან/და შესაგებელი, სასამართლო უწყება, სასამართლო საქმისწარმოების სხვა მასალები, აგრეთვე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება/ბრძანება, უცხოელისთვის ხელზე გადასაცემად, სასამართლოს უფლებამოსილი პირის მიერ, ეგზავნება დეპარტამენტს. უცხოელს აღნიშნული დოკუმენტები პირადად, ხელზე ბარდება, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს. ჩაბარების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურე, უცხოელი და თარჯიმანი (თუ აღნიშნული დოკუმენტის უცხოელისთვის ჩაბარება თარჯიმნის მონაწილეობით განხორციელდა). უცხოელის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება.