1. დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს.

2. უცხოელი დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა წარედგინება სასამართლოს მისი ცენტრში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თუ უცხოელი დაკავებიდან 48 საათში არ წარედგინა სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. შესაძლებელია, უცხოელი დაკავებიდან 48 საათის გასვლამდე, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს, თუ აღარ არსებობს მისი დაკავების საფუძველი.

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას უცხოელის ცენტრში მოთავსების შესახებ, უცხოელი დაუყოვნებლივ თავისუფლდება.

4. უცხოელს დაკავებისთანავე მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, გასაგები ფორმით განემარტება:

ა) დაკავების საფუძველი;

ბ) ადვოკატის აყვანის უფლება;

გ) დაკავების შესახებ მისთვის სასურველი პირისთვის/ახლობლისთვის შეტყობინების უფლება;

დ) დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის/საკონსულო დაწესებულებისთვის მიმართვის უფლება;

ე) სამედიცინო შემოწმების მოთხოვნის უფლება;

ვ) დაკავების გასაჩივრების უფლება.

5. დაკავებისათვის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაატაროს ზედაპირული შემოწმება და ნივთების ზედაპირული დათვალიერება.

6. დაკავებული უცხოელი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი ცენტრში ან იზოლატორში.

7. დაკავებულ უცხოელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს მისთვის სასურველ პირს/ახლობელს, საჭიროების შემთხვევაში – დეპარტამენტის რესურსის გამოყენებით. უცხოელის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და შესაბამისი სახელმწიფოს საკონსულოს, გარდა თავშესაფრის მაძიებლის დაკავების შემთხვევებისა.

8. თუ დაკავებული უცხოელი არასრულწლოვანი ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირია, მისი დაკავების შესახებ შეტყობინების ვალდებულება ეკისრება დეპარტამენტს. არასრულწლოვანი უცხოელის დაკავების შესახებ ეცნობება მის კანონიერ წარმომადგენელს.

9. დაკავებული უცხოელის ცენტრში მოთავსებისას მისი სამგზავრო დოკუმენტი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ამ ცენტრში ინახება.

10. დაკავებაზე უფლებამოსილი პირი უცხოელის დაკავების თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამის სამორიგეო დანაყოფს, დეპარტამენტის რეაგირების მიზნით.

11. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანი (არასრულწლოვანი, რომელსაც არ გააჩნია მეურვე, მზრუნველი ან/და სხვა კანონიერი წარმომადგენელი) ან არასრულწლოვანის ოჯახი, როგორც წესი, არ უნდა იქნეს გადაყვანილი იზოლატორში.

12. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ან ოჯახის ცენტრში მოთავსება შეიძლება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და მაქსიმალურად მოკლე ვადით, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

13. დაუშვებელია არასრულწლოვნის დაცილება მშობლებისგან მათი სურვილის წინააღმდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უფლებამოსილი ორგანო მოქმედი კანონმდებლობისა და პროცედურების გამოყენებით გადაწყვეტს, რომ დაცილება აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავა