1. უცხოელის ცენტრში მოთავსებისას:

ა) უფლებამოსილი თანამდებობის პირი ცენტრს გადასცემს უცხოელის შესახებ ინფორმაციასა და დოკუმენტებს, მათ შორის, მის სამგზავრო დოკუმენტსა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტს;

ბ) უცხოელს ჩამოერთმევა ყველა ის ნივთი, რომელიც ნებადართული არ არის ცენტრის ტერიტორიაზე შესანახად;

გ) უცხოელის ტანსაცმელი გულდასმით თვალიერდება და ისინჯება ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ;

დ) იგი გადის სამედიცინო შემოწმებას;

ე) ხორციელდება უცხოელის წონის, სიმაღლისა და სხვა მონაცემების დადგენა, თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღება, აგრეთვე უცხოელისთვის ფოტოსურათის გადაღება. 14 წლამდე უცხოელისთვის ფოტოსურათის გადაღება, მისი თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღება დასაშვებია, თუ მისი იდენტიფიცირება ან ვინაობის გადამოწმება სხვაგვარად შეუძლებელია;

ვ) უცხოელთან რჩება მხოლოდ ის საგნები, ნივთები და კვების პროდუქტები, რაც განსაზღვრული და ნებადართულია ცენტრის შინაგანაწესით;

ზ) ფული, ფასეულობა, ძვირფასეულობა, ფასიანი ქაღალდები, მსგავსი საგნები, ნივთები და სხვა პირადი ნივთები, რომლებიც უცხოელს ჩამოერთვა დათვალიერების დროს, უნდა დაილუქოს და ჩაბარდეს ცენტრის უფლებამოსილ პირს სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას შესანახად;

თ) ვადაგასული, აგრეთვე ცენტრში შესანახად აკრძალული საგნები და ნივთები დაუყოვნებლივ ნადგურდება, რის შესახებაც დგება აქტი.

2. ცენტრში მოთავსებულ უცხოელს მისი უფლებები და მოვალეობები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის შინაგანაწესი, ზეპირი ან წერილობითი ფორმით განემარტება მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს.

3. უცხოელის ცენტრში მოთავსებისას უცხოელისთვის იქმნება დამატებითი პირადი საქმე, რომელშიც შეტანილია ის დოკუმენტები და ინფორმაცია, რომლებიც საფუძვლად უდევს უცხოელის დაკავებასა და ცენტრში მოთავსებას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტები, უცხოელის სამედიცინო შემოწმებასთან დაკავშირებით შედგენილი დოკუმენტები, აგრეთვე სხვა სახელმწიფო უწყებიდან ან სამედიცინო დაწესებულებიდან გამოთხოვილი სხვა დოკუმენტები და ინფორმაცია. პირად საქმეში ასევე ინახება უცხოელის ცენტრში მოთავსების პერიოდში მასთან დაკავშირებით შედგენილი ან შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

4. დაკავებული უცხოელი ცენტრში მიიღება დღე-ღამის ნებისმიერ დროს. მისი ცენტრში მიღების საფუძველს წარმოადგენს დაკავების ოქმი ან სასამართლოს ბრძანება.

5. დაკავებულ უცხოელს ცენტრში მიიღებს ცენტრის უფლებამოსილი პირი/პირები, რაზედაც კეთდება ჩანაწერი შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში.

6. ცენტრში მოსათავსებელი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი თავის ნივთებთან ერთად ექვემდებარება პირად დათვალიერებას, ასევე ხორციელდება უცხოელის პირველადი სამედიცინო შემოწმებ